ვარჯიშმა 2:15 საათს გასტანა – კალათბურთელები მზადებას განაგრძობენ
26 ივლისს საქართველოს ეროვულმა ნაკრებმა დაისვენა, თუმცა მეორე დღეს მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კალათბურთელები მაქსიმალურად დატვირთა. რაც შეკრება დაიწყო, 27 ივლისი ყველაზე დატვირთული დღე იყო ნაკრების წევრებისთვის. გიორგიოს ვავეცისმა დილით, ხოლო ილიას ზუროსმა საღამოს – ნაკრები უამრავ კომპონენტში ავარჯიშა.
დილის ვარჯიშზე კალათბურთელები ძირითადად ფიზმომზადებით დაკავდნენ. ვავეცისმა თავისი ულტრათანამედტოვე ტექნოლოგიებით კალათბურთელები გვარიანად დაღალა. ჯერ იყო და მოთამაშეებს აჩქარების უნარი გაუზომა, შემდეგ კი მაღლებს გზადაგზა ბლოკის დაყენებით გარკვეული მონაკვეთის სწრაფად დაძლევა დაავალა, ხოლო უკანახაზელები საჯარიმოს იგვლივ ზიგ-ზაგურ სირბილში შეაჯიბრა, რაშიც საუკეთესო დრო დუდა სანაძემ აჩვენა.
საღამოს ვარჯიშმა რეკორდულად დიდ ხანს – 2:15 საათს გასტანა. კალათბურთელებს მრავალ კომბინაციასა თუ კომპონენტზე მოუწიათ ოფლის ღვრა. მანამდეც არაერთი სათამაშო ეპიზოდი გათამაშდა, თუმცა ბოლოს ნაკრების კანდიდატებმა ერთმანეთში მთელს მოედანზე კალათბურთი გააჩაღეს.
თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ბოლო 3 დღეა, ტემპერატურა აწეული აქვს, დილას არ ივარჯიშა. „ლაბორალ კუჩას“ ფორვარდი მხოლოდ ორძელის აწევით და სხვა ძალისმიერი ვარჯიშებით შემოიფარგლა. საღამოს კი შენგელია უკვე მზადყოფნაში იყო და სრულფასოვნად ივარჯიშა.
აქ წარმოდგენილი ილიას ზუროსის კომენტარიც დილის ვარჯიშის შემდეგაა ჩაწერილი, რადაც მთავარი მწვრთნელი გუნდისთვის შენგელიას მნიშვნელობაზე და გუნდის მომზადების დონეზე ლაპარაკობს.