ვერის საკალათბურთო დარბაზში “ბასკონიას” საკალათბურთო კემპი მიმდინარეობს
ვერის საკალათბურთო დარბაზში აქტიურად მიმდინარეობს “ბასკონიას” საკალათბურთო კემპი. საქართელოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “სასკი ბასკონიას” შორის უკვე მეოთხე წელია, წარმატებით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც ესპანური კლუბი თბილისში ფართომასშტაბიან კემპებს ატარებს და გამორჩეულ ახალგაზრდებს გზას ევროპისკენ უხსნის.
ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზში 9 აპრილიდან მიმდინარეობს კემპი, რომელშიც 12-16 წლის ფარგლებში 160-მდე ბავშვი მონაწილეობს. ქართველ მოზარდებს ავარჯიშებენ ესპანელი სპეციალისტები, რომლებსაც ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ეხმარებიან. თბილისში “ბასკონიას” წლევანდელი კემპის კოორდინატორია ცნობილი ყოფილი კალათბურთელი და მწვრთნელი – მარსელო ნიკოლა, რომელსაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და არაერთ ევროპულ გრანდში – ბარსელონაში, სიენაში, ტაუ კერამიკაში, პანათინაიკოსში, ბენეტონში უთამაშია. სწორედ იტალიურ “ბენეტონში”, 2002 წელს ნიკოლას გუნდელი იყო ახალგაზრდა ნიკა ცქიტიშვილი, რომელიც დღეს ვერის ბაღში ძველ თანაგუნდელს ესტუმრა. მარსელო ნიკოლა ცქიტიშვილს თბილად შეხვდა და ის კემპის მონაწილეებს შეახვედრა.
ვარჯიშების ერთ მონაკვეთს ჟურნალისტები დაესწრნენ, რომლებიც საქართველოში ჩამოსულ “ბასკონიას” გენერალურ დირექტორს, ხესუს ვასკესს, მარსელო ნიკოლას, კემპის მონაწილე ბავშვებს და, რა თქმა უნდა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს გაესაუბრნენ.
GBF.GE