ვიქტორ სანიკიძე: “ინჟინერი მე არ ვარ, მშენებელი მე არ ვარ”
კალათბურთის ფედერაციის ახალი და ძველი პრეზიდენტები, ვიქტორ სანიკიძე და პაატა გურასპაული რუსთავი 2-ის “სპორტის საათში” იყვნენ მიწვეულნი, სადაც დარბაზის მშენებლობაზე ისაუბრეს, რომელმაც 2022 წელს ევრობასკეტს უნდა უმასპინძლოს.
“ბოდიში, ჩემთვის რთულია პასუხის გაცემა, ინჟინერი მე არ ვარ, მშენებელი მე არ ვარ. ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურს გავაკეთებთ, პრემიერიდანაც იყო მითითება, რომ ყველა მაქსიმალურად კონცეტრირდეს და გონივრულ ვადაში დასრულდეს. სატესტო ვადად ივლისი გვაქვს”, – განაცხადა სანიკიძემ.
“პრემიერს შევახვედრეთ ფიბას პრეზიდენტი თურგაი დემირელი, გენერალური მდივანი კამილ ნოვაკი და ვიცე-პრეზიდენტი ჟანპიერი. იქ იყო ამ თემაზე საუბარი და ბატონმა ირაკლიმ ხმამაღლა განაცხადა, მე ვარ გარანტია, რომ ეს ყველაფერი მოესწრება. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ქართველებებს გჩვევია დაგვიანება, თუნდაც, ღმერთის როცა მიწებს ანაწილებდა. დარწმუნებული ვარ, ივლისის თვისთვის აუცილებლად, ესპანეთის სატესტო მატჩი გაიმართება. ჩვენზე არაფერია დამოკიდებული, მაგრამ ყველა ერთად, ჩვენ, სახელმწიფო, მშენებლები შევძლებთ ღირსეულად დამთავრდეს, ულამაზესი შენობა და შიგნით ყველა ფიბას სტანდარტი მივიღოთ და სექტემბრის დასაწყისში უკვე ტესტირებულ დარბაზში გავმართავთ თამაშებს. ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ამას”, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.
2 კვირის წინ ფიბას უმაღლესი რანგის პირები მშენებლობის პროცესს ადგილზევე გაეცნენ და გამოითქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, დარბაზის მშენებლობა, სადაც ევრობასკეტის შეხვედრები უნდა გაიმართოს, ვერ მოესწროს.