ვიქტორ სანიკიძე: “მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიაროთ”
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. გუნდის წევრებმა სლოვენიაში გამგზავრების წინ ღია ვარჯიში ჩაატარეს და მოგვიანებით ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
ვიქტორ სანიკიძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “თბილისში დაწყებულ მოსამზადებელ ეტაპს უფრო გაცნობითი სახე ჰქონდა სამწვრთნლო შტაბსა და მოთამაშეებს შორის. სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. რამდენიმე მოთმაშე კი “ბ” ნაკრებიდან დაგვემატება. სლოვენიაში შესარჩევი ციკლისთვის დავიწყებთ მზადებას და ვიმედოვნებთ, რომ მწყობრში ვიქნებით. სიახლეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მწვრთნელს თავისი ხედვები ექნება, რაზეც შეკრებაზე ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიაროთ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროს სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ნატურალიზირებულ კალათბურთელს არ ვიცნობთ, თუმცა ვიცით, სად თამაშობს და რა მონაცემები აქვს. უკვე ჩამოვიდა და სლოვენიაში ჩვენთან ერთად ივარჯშებს”.
გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ და სლოვენიაში მთელი დატვირთვით სავარჯიშოდ მოვემზადეთ. ილიას ზუროსი ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა. ცდილობს, რომ ყველაფერი დაგვიღეჭოს და ისე მოგვაწოდოს”.
ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “პირველი დღეებით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა სრული დატვირთვით ჯერ არ გვივარჯიშია. დაბრუნდა თორნიკე შენგელია, რაც ძალიან კარგია. ჩვენთან ერთადაა დიქსონიც. დავკარგეთ ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია კი მოგვიანებით შემოგივერთდება. გუნდში გარკვეული სიახლეების დანერგვას ვგეგმავთ და მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი 10 ტესტ-მატჩი უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებაში უნდა დაგვეხმაროს და მათ სავარჯიშოთ გამოვიყენებთ. მათ შორის რუსეთთან გასამართ შეხვედრასაც. ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ გუნდში ყოფნა ამ ეტაპზე არ სურს. ნიკოლოზთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ამიხსნა, რომ მომდევნო სეზონისთვის სურს მომზადება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”.