ვიქტორ სანიკიძემ “სარაგოსას” “ბარსელონა” დაამარცხებინა
ვიქტორ სანიკიძემ ევროპის გრანდ “ბარსელონასთან” მატჩში გაიბრწყინა და რაც მთავარია, მისი გარჯა დაფასდა. “სარაგოსამ” კატალონიური გრანდი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში 85:79 დაამარცხა.
სანიკიძეს 28 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში დაგროვებულ 15 ქულას სანიკიძემ 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
ქართელი ლეგიონერის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სანიკიძეს დიდად დაეხმარა თანაგუნდელი ჯონათან ტაბუ, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
“ბარსელონაში” 15 ქულითა და 8 მოხსნით ანტე ტომიჩი გამოირჩა, 14 ქულა ჰქონდა მარჩელო ჰუერტასს, ბოსტიან ნახბარმა კი 11 ქულა მიითვალა. ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხუან კარლოს ნავარომ კატალონიელთათვის 8 ქულა და 6 პასი გაიღო, რაც გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებით სარაგოსელები დაეწივნენ მე-5 ადგიზე მყოფ “გრან კანარიას”, რომელთანაც ამ ტურის მერე აღნიშნულ ადგილს იყოფენ. სანიკიძის გუნდს და კანარიელებს 16 მოგება და 10 მარცხი აქვთ.
მეორე ესპანურ გრანდ “რეალს” შეხვდა ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”, რომელმაც მადრიდში მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 75:81. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 2:36 წუთი გაატარა და 3 ქულა მოიპოვა. ბექამ ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო ჩააგდო.
სევილიელებს 13 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ და პრიმერადივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, 12 აპრილს, “კახასოლი” “გრან კანარიას” უმასპინძლებს, “სანიკიძის” “სარაგოსა” კი სტუმრად “ხუვენტუდს” შეხვდება.
gbf.ge