„ვითას“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლება და ქულები ჩამოაკლდება
ორი კვირის წინ ქართულ კალათბურთში სკანდალი დატრიალდა, რომლის მონაწილე „ა-ლიგაში“ მოასპარეზე ორი კლუბი „ვითა“ და კაქტუსი იყო.
30 იანვარს ამ ორ გუნდს შორის „ა-ლიგის“ მატჩი უნდა გამართულიყო. როგორც გაირკვა, შეხვედრამდე „ვითას“ წარმომადგენლები „კაქტუსის“ ამერიკელ ლეგიონერ კლარენს ჯექსონს დაუკავშირდნენ და ამ მატჩის გაცდენის სანაცვლოდ „ვითას“ შემადგენლობაში ვითიბი ლიგაში თამაშს დაპირდნენ. არადა, მოთამაშეს „კაქტუსთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და მსგავსი ქმედება დაუშვებელი იყო. მატჩის დღეს კალათბურთელი თითქოს გაუჩინარდა – როგორც „კაქტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში კლუბის წარმომადგენლებმა ჯექსონი ვერ იპოვეს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ საქმეში სწორედ „ვითა“ ჩართულა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით „კაქტუსმა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში განცხადება შეიტანა. დღეს კი ეროვნული ფედერაციის გამგეობამ ორივე კლუბის ახსნა-განმარტება მოისმინა და გადაწყვიტა, რომ „კაქტუსსა“ და „ვითას“ შორის შეხვედრაში „ვითას“ ტექნიკური წაგება – 20:0 ჩაეთვალოს. გარდა ამისა, „ვითას“ ამ მატჩში წაგებისთვის განკუთვნილი 1 ქულა ჩამოერთვება, ისევე, როგორც დამატებით კიდევ ერთი მოპოვებული ქულა.
აქედან გამომდინარე, „ა-ლიგის“ სატურნირო ცხრილში ცვლილებაა – ამჟამად პირველ ადგილზე 9 ქულით „კაქტუსმა“ გადაინაცვლა, „ვითა“ კი 8 ქულით მეორე საფეხურზე ჩავიდა.