ზაზა ფაჩულია: 14 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ყველაზე მთავარი მატჩი ელის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ზღურბლთანაა. ილიას ზუროსის გუნდი 14 სექტემბერს ბოლო საშინაო საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს თბილისში – საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაში ჩვენი ეროვნული გუნდი პრაქტიკულად გაინაღდებს ევრობასკეტის საგზურს.
ქართველებმა სლოვაკეთი ბრატისლავაში 3 სექტემბერს 94:63 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა თბილისში მონტენეგროსთან დათმეს, 14 სექტემბრის მატჩის მოგების შემთხვევაში იმ 11 წარმატებულ გუნდში დაიბევებენ ადგილს, რომლებიც მიმდინარე შესარჩევი ტურნირიდან ევრობასკეტზე გავლენ.
სლოვაკეთთან მატჩს საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია ოპტიმალურ ფორმაში არაა, მწვრთნელთა და თავად კალათბურთელის გადაწყვეტილებით ის სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან მნიშვნელობით ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოსა და სლოვაკეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 14 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
ილიას ზუროსი:
– საქართველოს ნაკრები ყოველმხრივ მზადაა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ნაკრების კალათბურთელები თამაშში გულს დებენ. ჩერნოგორიასთან მატჩსაც ყველაფერი შეალიეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. ეს ქომაგმაც დაინახა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა გულშემატკივრის გულების გასახარებლად. ჩვენ და ბალკანელები ჯგუფის ფავორიტები ვართ და, ვფიქრობ, შესაბამის თამაშს ვუჩვენებთ. ევროპაზე გასვლას ორივე ვიმსახურებთ. საქართველო და ჩერნოგორია არა მხოლოდ ამ ჯგუფის, მთელი შესარჩევის ორი საუკეთესო ნაკრებია.
გიორგი შერმადინი:
– სლოვაკებს ტანდაბალი, თუმცა ჩასხმული ცენტრი ჰყავთ, ბატკა. ბრატისლავაში იგი პერიმეტრზე ადიოდა და სამქულიანებს სტყორცნიდა. საერთო ჯამში ვერც ფარქვეშ გამოუვიდათ რამე და ვერც პერიმეტრზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისშიც იგივე განმეორდება. რომ არაფერი გამოუვიდეთ, ჩვემ უნდა დავაყენოთ მწყობრი დაცვა. ვეცდებით, ზედმიწევნით შევასრულოთ .
ზაზა ფაჩულია:
– 14 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ყველაზე მთავარი მატჩი ელის. მისი მოგება აუცილებელია. უნდა დავივიწყოთ, რომ სლოვაკეთში 31 ქულის სხვაობით გვაქვს მოგებული. თბილისში კარგი გუნდი ჩამოვიდა და ჩვენც კარგად უნდა დავხვდეთ.
მაიკ დიქსონი:
– საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ძალიან ახლოსაა. მზად ვართ სლოვაკეთთან მატჩისთვის, თუმცა გამარჯვებისთვის გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება. ჩერნოგორიასთან ნანახი ტრიბუნები მეხსიერებიდან არასოდეს ამომივა. მინდა, ასეთივე ლამაზი და ხმაურიანი იყოს სლოვაკეთთან მატჩისასაც.
GBF.GE