ზაზა ფაჩულია: “მოხარული ვარ, რომ ასეთი გუდის წევრი ვარ”
საქართველო – ჩეხეთის დასრულების შემდეგ მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა და კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ შეაფასეს.
კოტე ტუღუში: „გილოცავთ დღევანდელ გამარჯვებას. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული და საინტერესო სანახაობა გამოვიდა. იმედია, მომდევნო მატჩებშიც ასე გავაგრძელებთ. მადლობა ყველა მოთამაშეს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს.
დარბაზში აუტანელი სიცხე იყო და თამაში ძალიან ჭირდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. სამ დღეში მნიშვნელოვანი მატჩი გველის უნგრეთში, სადაც გამარჯვება ძალიან გვჭირდება.
დღეს მეტოქის ტაქტიკიდან გამომიდნარე მოთამაშეებს კონკრეტული დავალებები მივეცით, რომლებიც შესრულდა, რაც შედეგზეც აისახა. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ. მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს დღევანდელ გამარჯვებაში“.
ზაზა ფაჩულია: „მოსალოდნელი იყო, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა. მეტოქე გუნდი საკმაოდ ძალიერია. ვიცოდით, რომ გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნებოდა. მისასალმებელია, რომ რთულ მომენტებში გუნდში პანიკა არ იყო და გადამწყვეტ ეპიზოდში თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ. მთავარია, რომ მატჩი კარგად დავიწყეთ და კარგად დავამთავრეთ.
ყველა მოთამაშემ მაქსიმუმი გააკეთა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლა დაგვიფასდა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა“.