ზაზა ფაჩულია: “ყველა თამაშში ვიბრძოლებთ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ თბილისის მერიის თასზე ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მართალია, მოთამაშეებს დიდი ხანია ვიცნობ, შარშანაც იგივე მწვრთნელი გვყავდა და იგივე სისტემა გვქონდა, თუმცა ყველაფრის გახსენებასა და შეგუებას დრო სჭირდება. ჩეხეთთან მატჩს ვუყურებ ისე, როგორც ერთ-ერთ მოსამზადებელ თამაშს. გუნდს ცოტა ხნის წინ შევუერთდი და მინდა, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა, რათა ოპტიმალურ ფორმაში შევიდე. ისეთი ახალგაზრდა არ ვარ, რომ თავიდანვე თავი გავიგიჟო. ვიცი, რა მჭირდება.
ჩეხეთი ადვილად დასამარცხებელი გუნდი არ არის, ვფიქრობ მეტოქე საკმაოდ დაბალანსებულია. სამწუხაროდ, ვიქტორი ევრობასკეტზე ვერ დაგვეხმარება, ის დიდი დანაკლისია, მაგრამ კალათბურთი გუნდური სპორტია და შევეცდებით, ეს დანაკლისი სხვა ჩვენი დამატებითი ძალებით შევავსოთ.
ერთი ხასიათი, ჩვენ რაც გვაქვს, ისაა, რომ ყველა თამაშში ვიბრძოლებთ – ეს ჩვენი სავიზიტო ბარათია. გვინდა, საუკეთესო ჩემპიონატი გამოგვივიდეს”, – განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.