ზაზა ფაჩულია: “საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელი ბოლომდე დაიხარჯება”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ალბანეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“საკმაოდ რთული ერთი გვქონდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით. ყველა ის კალათბურთელი, რომელიც ჯანმრთელადაა, ალბანეთის ნაკრებთან გამოვა და ბოლომდე დაიხარჯება. ჩვენ ძალიან წინ გახედვას არ ვაპირებთ, რადგან ექვსი მატჩი უნდა ჩავატაროთ და თითოეულ მათგანს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც სპორტის სასახლეში ვთამაშობთ და გავსებულ ტრიბუნებს ვხედავთ.
ძალიან სამწუხაროა, რომ მანუჩარ მარკოიშვილი თამაშს ვერ ახერხებს. ტრავმები სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილია. პირველ რიგში, მანუს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა ვეცდებით, სხვა მოთამაშეებით ეს პრობლემა ნაკლებად შესამჩნევი იყოს.
ზოგადად, დაცვა ჩემპიონატს იგებს. მიხარია, რომ მწვრთნელი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს. ეს მხოლოდ ერთი კაცის საქმე არ არის, ეს მთელი გუნდის საქმეა. მერიის თასის დასრულების შემდეგ ბევრი ვივარჯიშეთ და დაშვებულ შეცდომებზე ვიფიქრეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთესები ვიქნებით“, – განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთს გასამართი შეხვედრა დღეს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.