ზაზა ფაჩულიას დრო მეიკერის გამო შეუმცირდა – “დეტროიტი” პლეი-ოფის ზონაშია (ვიდეო)
“დეტროიტ პისტონმა” და ზაზა ფაჩულიამ გამთენიისას “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღეს და 121-112 იმარჯვეს.
ფაჩულიამ 7 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი გააკეთა. საუკეთესოდ, როგორც ყოველთვის, ბლეიკ გრიფინი და ანდრე დრამონდი გამოიყურებოდნენ. გრიფინმა 31 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი, ანდრემ კი 32 ქულა, 17 მოხსნა და 4 ჩაჭრა შეასრულა.
დედაქალაქელებიდან ტრეივო არიზა (23), ბრედლი ბილი (32) და ბობი პორტისი (24) გამოირჩნენ, თუმცა “ვიზარდსი” კვლავ დიდ კრიზისშია.
როგორც ჩანს, ზაზას კვლავ ნაკლები დრო მიეცემა. “დეტროიტმა” 7 თებერვალს გაცვლის შედეგად ტონ მეიკერი, 21 წლის ცენტრი მიიღო, რომელიც “ბაქსის” სუპერტალანტად ითვლებოდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა. დღევანდელ შეხვედრაში მეიკერმა 14 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება და წინა კბილების დაკარგვა შეძლო.
შემდეგ მატჩს “ცუდი ბიჭები” “ბოსტონთან” 14 თებერვალს გამართავენ.