ზაზას მერვე გაელვება: მოგებების სერია დასრულდა, ორმაგი დუბლების – არა
მე-8 ორმაგი დუბლი სეზონის მე-14 მატჩში – ზაზა ფაჩულია კარიერის საუკეთესო სეზონს „დალას მავერიკსში“ ატარებს. ქართველი ცენტრი უკვე ორმაგ დუბლთან ასოცირდება. ის ამ კატეგორიაში პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ლიდერთა შორისაა.
მე-8 ორმაგი დუბლი ზაზამ დღეს, გამთენიისას, ოკლაჰომაში მიითვალა, სადაც მისმა „დალასმა“ ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და ადგილობრივ „სანდერთან“ დაძაბულ ბრძოლაში 114:117 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვება არნახულ ფორმაში მყოფი რასელ ვესტბრუკის „ოკლაჰომას“ დარჩა. ვესტბრუკი ფაჩულიასთან ერტად ამ უხვქულიანი მატჩის მეორე ორმაგი დუბლის შემსრულებელი გახდა. ამ მარცხით დალასელებმა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ამ ჯერზე 34 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 10 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. დერონ უილიამსთან ერთად ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო შედეგიან გადაცემებში. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, მათ ტრადიციულად რასელ ვესტბრუკმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა, 11 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.
9 მოგებითა და 5 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ტეხასელებს 25 ნოემბერს, მემფისში „გრიზლისთან“ ელით.
GBF.GE