ზეზვა ლილუაშვილის ოვერტაიმი
ზეზვა ლილუაშვილი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია ასაკობრივ გუნდებში – წელს კი დიდი შანსია ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდეს. „დინამო“ ფინალურ სერიაში 2:0 ამარცხებს „ქუთაისს“ და ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აკლია.
ზეზვა მხოლოდ 18 წლისაა და „დინამოში“ დიდი ხნით თამაში არ უწევს, თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს – ლილუაშვილი 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა. შემდეგ კი ზეზვა ამერიკაში გაემგზავრება, სადაც კარიერას გააგრძელებს. ლილუაშვილი 2 კვირით უკვე იმყოფებოდა ამერიკაში, სადაც მსოფლიოში ცნობილი ‘’I’m Possible’’-ის ტრენერები ავარჯიშებდნენ და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.
ზეზვა ლილუაშვილი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
– როგორ აფასებ სუპერლიგის 2013-2014 წლების სეზონს და ,,დინამოს’’ შანსებს ფინალში?
პირველ რიგში, სასიხარულოა, რომ ფინალში გავედით. დიდი ხანია ,,დინამო’’ ფინალში არ ყოფილა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ითამაშებს. რაც შეეხება წლევანდელ ჩემპიონატს, რთული სეზონი გქვონდა, თუმცა აქამდე მოვედით. წინა წლებთან შედარებით საკმაოდ კარგი და დატვირთული სეზონი გამოგვივიდა. წელს კარგი ჩემპიონატია, თუმცა გამოსარჩევი იყო 2 წლის წინანდელი სეზონი, როცა ძალიან ბევრი ძლიერი ლეგიონერი ასპარეზობდა სუპერლიგაში და დონეც, შესაბამისად, უფრო მაღალი იყო.
ფინალში ძალიან დიდი შანსები გვაქვს, იმედია, გავიმარჯვებთ და ისეთ შედეგს ვაჩვენებთ, როგორიც ,,დინამოს’’ შეეფერება.
– რამდენად მნიშვნელოვანია გუნდში ლეგიონერების ყოფნა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის?
გუნდში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ და ჩემთვის დიდი გამოცდილებაა მილოშევიჩთან, კარტერთან, პესიჩთან და სტოიაკოვიჩთან ერთად თამაში. ძალიან ძლიერი ლეგიონრები არიან და საქართველოში თამაშის გამოცდილებაც აქვთ, მხოლოდ პესიჩისთვისაა ეს პირველი წელი. არა მარტო ლეგიონერებთან, არამედ ჩვენი ქართველ კალათბურთელებისგანაც ბევრს ვსწავლობ. ლეჟავა, გამყრელიძე, ჭოჭუა… ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები არიან. მათთან ყოველი ვარჯიში ჩემთვის ახალი გამოცდილება და პროგრესია.
რას იტყვი 20-წლამდელთა ნაკრებზე და მის შანსებზე ევროპის ჩემპიონატზე?
აქამდე კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით, ივნისიდან კი აქტიურ შეკრებებზე გადავდივართ და ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაკრები გვეყოლება. შევეცდებით, ღირსეულად გავიტანოთ საქართველოს სახელი ევროპის ჩემპიონატზე და ,,ა’’ დივიზიონში დაკარგული ადგილი დავიბრუნოთ.
– როგორ აღმოჩნდი ამერიკაში და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
ამერიკაში უკვე მეორედ ვიყავი. ამერიკა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. 15 წლის ვიყავი, როცა მოვიძიე ინფორმაცია, სახსრები და პირველად ამ გზით წავედი. იქ დავახლოვდი მარვინ ჰარვისთან. მასზე შთაბეჭდილება მოვახდინე, მოვეწონე, როცა ჩამოვედი ინტერნეტით აქტიურად ვკონტაქტობდით. შემდეგ კი რეკომენდაცია გამიწია ‘’I’m Possible House’’-სთან, რომლებიც დრაფტის მოთამაშეებს და ასევე NBA-ს კალათბურთელებს ავარჯიშებენ, როცა ისინი სეზონს ამთავრებენ. სწორედ ჰარვის რეკომენდაციით მოვხვდი მაიკაჰ ლანკასტერთან, ყველაფერი თავად დამილაგეს და გამომიგზავნეს მოწვევა. იქ რვა ვიყავით, რამდენიმე კოლეჯის მოთამაშე იყო, 2 მოთამაშე დრაფტისთვის ემზადებოდა. კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და გამოთქვეს სურვილი, რომ თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. დაინტერესდნენ ჩემი სამომავლო გეგმებით, როცა გაიგეს, რომ კონკრეტულად დაგეგმილი ჯერ არაფერი მქონდა, თუმცა ამერიკაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა. დახმარებას შემპირდნენ, მაიკაჰ ლანკასტერი ძალიან სერიოზული პიროვნება და მსოფლიოში ცნობილი ტრენერია, დიდი გავლენა აქვს, თავად გამიკეთებს ყველაფერს, ივლისის ბოლოსთვის ველოდები ზუსტ კოლეჯს, მოწვევას, დაფინანსებას და სექტემბერში უკვე წასვლას ვგეგმავ.
მიხარია, რომ იქ სწავლასაც მოვახერხებ. ევროპული რეჟიმი უფრო განსხვავებულია, ამერიკაში საერთოდ სხვა სისტემაა. იქ უნივერსიტეტია შენზე მორგებული და არა პირიქით. შენ არ ხარ უნივერსიტეტზე დამოკიდებული, სპორტსმენებს ხელს უწყობენ, დამატებით კლასებს უტარებენ. დატვირთვა დიდია, თუმცა ხელშეწყობაც სერიოზულია და იმედია, ყველაფერს მოვახერხებ.
ამერიკაში ყოფნამ ძალიან ბევრი რამ შემძინა, იქაც ყველაზე პატარა ვიყავი ასაკით, თუმცა ვცდილობდი ამას პრობლემა არ შეექმნა. ჩემი მხრივ, მაქსიმალურად მონდომებული ვიყავი, აღელვების გარეშე ვვარჯიშობდი და მოვახერხე მათზე შთაბეჭდილების მოხდენა. ძალიან მიხარია, რომ კარიერას ამერიკაში გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის ამერიკული კალათბურთი პირველია. ევროლიგასაც ვადევნებ თვალყურს, თუმცა ამერიკა სხვა დონე, სხვა გამოცდილება და სხვა სისტემაა.
როდის დაიწყე კალათბურთის თამაში და როგორ მოხვედი ,,დინამომდე’’?
კალათბურთზე ჩემი მეგობარი დადიოდა, რომელიც ჩემზე მაღალი იყო. მაშინ 6 წლის ვიყავი და მეგობრის რჩევით მამაჩემს ვთხოვე კალათბურთზე შეყვანა, ვუთხარი, რომ შეიძლებოდა ასე სიმაღლეში გავზრდილიყავი. J მოყვარულის დონეზე დავიწყე და დიდებთან თამაშით ვერთობოდი ხოლმე, თუმცა ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, ბევრი ვარჯიში მიყვარდა და თუ ვპროგრესირებ, ეს ბევრი ვარჯიშის შედეგია. თამაში ქუთაისში დავიწყე, პირველი სერიოზული გამოცდილება სწორედ იქ მივიღე და მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს. სხვათა შორის, ჩემი პირველი ტრენერი ქალბატონი იყო, ირინა მელქაძე ია გოგლიჩიძესთან ერთად მავარჯიშებდა. ქუთაისში საკალათბურთო ცოდნის მთავარი საფუძველი მივიღე, შემდეგ ,,აკადემიაში’’ წამოვედი გელა წულაძესთან, ძალიან კარგი პერიოდი გავატარე და დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგადად, სადაც წავედი, ყველგან მაქსიმალურად ბევრი ვისწავლე და ყველგან მქონდა განვითარების პერიოდი. ბოლო 2 წელია ,,დინამოში’’ ვარ და ეს პერიოდი ძალიან პროდუქტიული და შედეგიანია ჩემთვის. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერი მომცა ამ კლუბმა – ხელშეწყობა, გამოცდილება, განვითარება.. ძალიან ნაყოფიერი 2 წელი იყო. ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებთანაც წელს ვარ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– რომელი თამაში გახსენდება ყველაზე ემოციურად?
სანამ ,,აკადემიის’’ შემადგენლობაში 16-წლამდელების ჩემპიონატს მოვიგებდი, ზედიზედ 2 ფინალი წავაგე და ეს ძალიან ცუდად მახსოვს, საკმაოდ რთულია, როცა უყურებ, რომ თასს შენი მეტოქე წევს, დარწმუნებული ვარ, წელს ეს აღარ განმეორდება. J ამ ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 3-ჯერ მოვიგე. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც 16-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება იყო მაკედონიის წინააღმდეგ, საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო და ოვერტაიმში მოვიგეთ, მითუმეტეს, მაკედონია საკუთარ მოედანზე თამაშობდა და გულშემატკივრის ფაქტორი მათ სასარგებლოდ მოქმედებდა. ამის მიუხედავად, გუნდურობის და ქართული შემართების ხარჯზე გამარჯვება მოვახერხეთ.
– სპორტის გარდა, ახერხებ თუ არა დრო სწავლასაც დაუთმო?
შარშან საკმაოდ დაძაბული წელი მქონდა, აბიტურიენტი ვიყავი, ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი და ვარჯიშთან მიწევდა ამ ყველაფრის შეთავსება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნესის ფაკულტეტზე და 50%-იანი გრანტიც ავიღე, მეტი შემეძლო, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ. წელსაც ვათავსებ სწავლას და სპორტს და ვაპირებ სწავლა სერიოზულად გავაგრძელო, ჩემთვის მხოლოდ კალათბურთი არ არის პრიორიტეტი, ვდილობ, ორივეს თანაბარი დრო დავუთმო.
რამდენად რთულია სპორტსმენის რეჟიმი?
სპორტსმენის კარიერა ძალიან რთულია, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, უნდა შეეჩვიო დაძაბულ და დატვირთულ რეჟიმს. დღეში 4-5 საათს ვარჯიშს ვუთმობ, ვვარჯიშობ როგორც გუნდთან, ასევე ინდივიდუალურადაც. დიდ ყურადღებას ვუთმობ სწავლასაც. ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, თუმცა თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია.
– როგორც ახალგაზრდა კალათბურთელი, რას ისურვებდი ეროვნულ ჩემპიონატში?
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ორგანიზება ყოველწლიურად უმჯობესდება. თუმცა ალბათ, ჩემპიონატის უფრო მაღალი დონე იქნებოდა სასურველი. მათ, ვინც აქედან უცხოეთში მიდის სათამაშოდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ აქ დაბრუნების და თამაშის სურვილი უნდა ჰქონდეთ. დონის ამაღლებაში ლეგიონერებიც დაგვეხმარებიან.
– როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, თუმცა როცა ვახერხებ, დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. ეს იშვიათად ხდება, რის გამოც მეგობრები განაწყენებული მყავს, მაგრამ ვარჯიში და სწავლა ერთად დიდ დროს მოითხოვს და მიხარია, რომ ჩემი მეგობრები ამაში მიგებენ და ცდილობენ ხელი შემიწყონ. ძირითად დროს სპორტს და სწავლას ვუთმობ.
– რა რჩევებს მისცემდი დამწყებ კალათბურთელებს?
ჯერჯერობით მეც რჩევებს ვიღებ უფრო გამოცდილი მოთამაშეებისგან. ჩემზე პატარებს კი ვეტყვი, რომ ბევრი უნდა ივარჯიშონ, თუ რამეს გინდა მიაღწიო, არ უნდა გეზარებოდეს შრომა. ასევე აუცილებელია, რომ სპორტთან ერთად სწავლასაც დაუთმონ დრო და ყურადღება.
superleague.ge