ზეზვა ლილუაშვილს ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა
20-წლამდელთა ნაკრების წევრ ზეზვა ლილუაშვილს, რომელმაც გასული სეზონი თბილისის „დინამოში“ გაატარა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
დისკვალიფიკაციის მიზეზი ლილუაშვილის მიერ დისციპლინის მკაცრი დარღვევა იყო. მან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიატოვა, როცა ჩვენი გუნდი ბოსნიაში, ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში საასპარეზოდ იმყოფებოდა. იმ მოტივით, რომ ლილუაშვილს მისთვის საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მან ნაკრები მიატოვა და სარაევოდან თბილისში თვითნებურად გამოემგზავრა.
ლილუაშვილის დისკვალიფიკაცია სანაკრებო დონეზე ვრცელდება და ყველა იმ ტურნირსაც მოიცავს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უწევს. დისკვალიფიკაცია მისი მიღებისთანავე ამოქმედდა და 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
GBF.GE