ზუროსი: “მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისრაელთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ბერძენმა სპეციალისტმა ისრაელთან გამართული მატჩი შეაფასა და საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ კალათბურთელებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს.
“პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემს მოთამაშეებს გამარჯვება მივულოცო. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდნენ. ამ დარბაზში თამაში რთულია. ეს ფანჯარა ყველა გუნდისათვის რთულია, რადგან კალათბურთელები ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ და ვარჯიშისათვის ცოტა დროა. კარგი შეხვედრა მოვიგეთ, ახლა კი საბერძნეთთან გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა ფანებს, რომლებმაც დიდებული ატმოსფერო შექმნეს. კალათბურთისათვის მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის პიკ-ენ-როლის დაცვა ყველაზე რთული იყო. გამოვიყენეთ უფრო ახალგაზრდა გოგა ბითაძე, რომელიც მზად იყო ბლოკების გასაკეთებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი პიკ-ენ-როლის შეჩერება იყო.
მაიკლ დიქსონმა ჩვენთან სამი წელი გაატარა და დასვენების დრო მოვიდა. მაიკლი საქართველოს ნაკრებში მოგვიანებით ისევ ითამაშებს. ტედ მაკფადენიც ჩვენი გუნდის წევრია. დღევანდელ მატჩში მეტ ჯენინგის გამოყენება გადავწყვიტეთ. თქვენ იცით, რომ მსროლელები მაღალ მოთამაშეებს საქმეს უადვილებენ. ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინასწარ არ ვიცით, ვინ დაგვეხმარება კონკრეტულ ფანჯარაზე. ეს მეტ ჯენინგის პირველი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში.
ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის მიზანი მხოლოდ მოგება არ არის, ახალგაზრდა კალათბურთელების გამოყენება უნდა დავიწყოთ. ჩვენ უკვე გვყავს რატი ანდრონიკაშვილი და ასევე, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მომავალში ითამაშებენ”, – განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს, თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.