ზუროსი: “მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გერმანიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ფანებს. ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ. ახალი სისტემიდან გამომდინარე, ბევრი კალათბურთელი გვაკლია. გუნდი, რომელიც ერთად უფრო მეტ დროს ატარებს, უკეთესად თამაშობს, ჩვენ კი ცოტა ხანია, რაც ერთად ვვარჯიშობთ.
ვიცი, რომ კარგი კალათბურთის თამაში რთულია, როცა ერთად ცოტა ხანია ვვარჯიშობთ. ამ მცირე დროში ავსტრიასთან გამარჯვება შევძელით. მომდევნო შეხვედრებისათვის კარგად უნდა მოვემზადოთ, ლიდერები დაგვიბრუნდებიან და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. წინსვლა უნდა განვაგრძოთ.
პირველ რიგში, ავსტრიასთან გამარჯვებაა საჭირო, ჩვენი მთავარი მიზანი კი მომდევნო რაუნდში გასვლაა. სერბეთი დიდებული გუნდია, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება. როგორც ყოველთვის ვამბობ, სხვა გუნდებზე საუბარი არ მსურს. ფედერაციასთანაც ვისაუბრე და მთავარი მიზანი მომდევნო რაუნდში გასვლაა. ზაფხულში, შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს.
კალათბურთს თავისი წესები აქვს და მას პატივი უნდა ვცეთ. გერმანელთა მწვრთნელთან მომხდარი ინციდენტი დასრულებულია და ამაზე საუბარი არ მსურს. მეტოქეებს პატივს ვცემ და მეც მინდა, რომ პატივი მცენ. შესაძლოა, მას შეეშალა, თუმცა მომავალი წინაა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანელები ევროპის წამყვან ლიგებში ასპარეზობენ. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც გამოცდილება აკლიათ. კალათბურთში ჯადოქრობა არ არსებობს, მე კოფერფილდი არ ვარ. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ საკმარისი დრო არ გვქონდა ერთად მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი კალათბურთელებით ძალიან ვამაყობ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვქონდა და მეტოქე უფრო ძლიერი იყო, როცა პარკეტზე შევედით, გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. ქართველების მსგავსად, ბერძნებიც ბოლომდე ვიბრძვით. კალათბურთი თამაშია, ზოგი იგებს, ზოგი – აგებს. მთავარი ისაა, რომ სიამაყეს ვინარჩუნებთ”, – განაცხადა ზუროსმა.