ზუროსი: “ქართველები მებრძოლები და ამაყები არიან!”
3 დეკემბერს მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა შინ ისრაელის საკალათბურთო გუნდი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (71:69 – დამატებითი ტაიმის ჩათვლით). საქართვეოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან რთული თამაში იყო. მოსამზადებლად და ახალ ტაქტიკაზე სამუშაოდ ორი დღე გვქონდა. ასეთ დროს კარგი დაცვის თამაშია საჭირო, რათა სხვა კომპონენტები გადაიფაროს. ჩვენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი დავამარცხეთ.
ჩვენ რამდენიმე ისეთი კალათბურთელი გვყავს, რომლებსაც თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, ამიტომ რიტმში ჩაჯდომა გაგვიჭირდა.
ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო. მე საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ქართველები ამაყი და მებრძოლები არიან. ჩვენ სწორედ ბრძოლისუნარიანობა გამოვაჩინეთ.
ყველამ ბოლომდე იბრძოლა. პირველ რიგში, შერმადინისა და ბითაძის პარკეტზე ერთად ყოფნა ეფექტური გამოდგა. სასიხარულოა ბექა ბურჯანაძის დაბრუნება. ჩვენი მიზანი ახალი თაობის გუნდში ინტეგრირებაა.,” – ვციტირებთ ილიას ზუროსის სიტყვებს.