ზუროსი: “ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მერიის თასის პირველ შეხვედრაში ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“უპირველეს ყოვლისა, ყველა ფანს დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენთვის გულშემატკივრობა მნიშვნელოვანია, რთული ზაფხულია და გვერდში დგომა გვჭირდება. ჩეხეთი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით და მოთამაშეებით, რომლებსაც სამქულიანების ჩაგდება შეუძლიათ. მათი სამქულიანები პრობლემას გვიქმნიდა, პერიოდულად, მათ განეიტრალებას ვერ ვახერხებდით.
ჩემი ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს ახალი სქემები გამოვიყენეთ. ევროპის ჩემპიონატამდე დროა დარჩენილი და ყველა კომპონენტი უნდა დავხვეწოთ. წინ კიდევ ოცი დღეა. არჩევანის გაკეთება იმ შემადგენლობიდან გამომდინარე გვიწევს, რაც გვყავს. წელს სანიკიძე არ გვყავს, ბურჯანაძეც გამოგვაკლდა. მარკოიშვილით ძალიან კმაყოფილია, მან ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა.
ჩვენი მიზანია, მაღალი მოთამაშეები – ზაზა, თოკო და შერმადინი თამაშში მაქსიმალურად ჩავრთოთ. ასევე, გვყავს გოგა ბითაძე და ლონდარიძე, რომელმაც თავისი თავი კარგად წარმოაჩინა. თუმცა, დღეს ისეთი მეტოქე გვყავდა, რომელიც ყველა წინა მეტოქისაგან განსხვავებული იყო.
ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც კარგად იციან, რა როლი აკისრიათ. ზაზა ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა, შეთამაშებისათვის დროა საჭირო. ყველა მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. მთავარი მიზანია, ევროპის ჩემპიონატზე მომზადებული და ჯანმრთელები წავიდეთ. ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ, შემდეგ კი სხვა მიზნებზე ფიქრიც შეიძლება.
შედეგი დაცვიდან მოდის, რაზე ვმუშობთ. რა თქმა უნდა, შეტევაში დიდი პოტენციალი გვაქვს. საქართველოს სიამაყის გრძნობა აქვს, დაცვა კი სიამაყეა.”
გიორგი შერმადინი: “პირველ რიგში, გუნდს გამარჯვებას მივულოცავ. ვიცით, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა მოგება მოგებაა. შევეცდებით, მომდევნო მატჩში ის შეცდომები გამოვასწოროთ, რაც დღეს დავუშვით. ყველამ ნახეთ, რომ დაცვაში შეცდომები გვქონდა. გამარჯვება კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ შევეწყობით ერთმანეთს. ჩემი აზრით, მწვრთნელი კარგ გადაწყვეტილებებს იღებს.
დარწმუნებულები ვართ, ჩემი, თორნიკესა და ზაზას პარკეტზე ერთდროულად ყოფნა გაამართლებს, ჩვენ ამაზე ვმუშობთ. წელს გვაქვს შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მომავალი წლიდან შესარჩევის წესები იცვლება. მთავარია, ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ კი არცერთ თამაშს არ დავთმობთ.”