მორიგი რეკორდი: რონალდუმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მე-14 ტურში საკუთარ კედლებში ლონდონის “არსენალი” მიიღო. მანჩესტერულ-ლონდონური შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოო ჯამში მაიკლ კერიკის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის გმირად კრიშტიანუ რონალდუ მოგვევლინა. 52-ე წუთზე პორტუგალიელმა მარკუს რეშფორდის საგოლე პასი გამოიყენა, 70-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანის რეალიზება შეძლო.

ეს გოლები რონალდუსთვის შესაბამისად მე-800 და 801-ე გახლდათ, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ პროფესიონალურ კარიერაში. გეტყვით იმასაც, რომ უშუალოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ეს რონალდუს 130-ე გოლი იყო.

“არსენალ, ხედავ ამას?” – რა მოხდა თურქეთის თასზე? (ვიდეო)

თურქეთის თასზე “კონიასპორმა” “ვანსპორი” მიიღო და 3-1 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში “კონიასპორის” მოთამაშემ ტრავმა მიიღო, თუმცა მასპინძლებმა თამაში არ გააჩერეს და გოლიც გაიტანეს.  ზუსტად 2 წუთში მსაჯის მითითებით, “ვანსპორმა” თავისუფალი გოლი შეაგდო.

თურქების Fair Play კიდევ უფრო აღსანიშნავი მაშინ გახდა, როცა 30 წუთის წინ პრემიერ ლიგაში “არსენალმა” წაქცეულ დავიდ დე ხეას კარი აიღო.

ფეირ-ფლეის წესები? – როგორი გოლი გაუტანა “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” (ვიდეო)

იმილ სმიტ-როუს გოლი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში

იხილეთ ვიდეო

ლაუტარო: “მესი “ბარსელონაში” მეპატიჟებოდა”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თქვა, რომ ლიონელ მესი მას “ბარსელონაში” იწვევდა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიური გუნდი მართლაც იყო 24 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული.

“სიმართლეა, რომ მესის “ბარსელონაში” ჩემი ხილვა სურდა. ჩვენ არგენტინის ნაკრების ბანაკში ამის თაობაზე ბევრს ვსაუბრობდით. ლეო კლუბში არსებულ სიტუაციაზე მიყვებოდა, თუმცა მე “ინტერთან” მსურდა ხელშეკრულების გაგრძელება და ასეც მოვიქეცი. მიხარია, რომ აქ დავრჩი, ჩემი ოჯახი იტალიაში ბედნიერია”, – ციტირებს ლაუტარო მარტინესის სიტყვებს “სპორტმედიასეტი”.

შეგახსენებთ, რომ “ინტერსა” და ლაუტარო მარტინესს შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს. არგენტინელმა თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში რვა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

განრისხებული ბონუჩი “იუვენტუსის” გასახდელში და რონალდუს პასუხი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ტურინის “იუვენტუსის” კაპიტნის, ლეონარდო ბონუჩის გასახდელში წარმორთმული სიტყვები გავრცელდა, სადაც “ბენევენტოსთან” პირველი ტაიმის 0-0 თამაშის შემდეგ, ბონუჩი თანაგუნდელებზე განრისხებული ჩანს და პირდაპირ ამბობს, რომ გუნდი სკუდეტოს ასე ვერ მოიგებს. ბოლოს მას რონალდოც ეთანხმება – “ის მართალია”.

არჩილ ბერიძემ “დინამოს” გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე დაანონსა

“დინამო ბათუმი” ხვალ გორის “დილას” უმასპინძლებს და საჩემპიონო ფარს Adjarabet არენაზე  გულშემატკივრის თვალწინ აღმართავს. დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაანონსა, რომ ახალი სეზონის დაწყებისთანავე საკლუბო მაღაზია გაიხსნება, სადაც მაისურები, ჰუდები და სხვადასხვა სპორტული ეკიპირება იქნება წარმოდგენილი.

აჭარული ფანობიდან გამომდინარე, “დინამოს” მაღაზია საკმაოდ მოთხოვნადი იქნება.

რამდენი მილიონი გამოიმუშავა ჯანო ანანიძემ კარიერაში?

29 წლის ჯანო წლების განმავლობაში მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოთამაშე გახლდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ კონტრაქტის გაწყვეტისთვის ანანიძემ 1.4 მილიონი ევრო მიიღო, რუსეთში 10 წლის განმავლობაში კი 15 მილიონამდე გამოიმუშავა. პლუს ამ ყველაფერს პრემიები და ბონუსები ემატება.

ჯანოს “ანორთოსისში” 10 ათას ევროზე მეტი ჰქონდა, “როტორში” 10-12 ათასი დოლარი თვიურად, ხოლო, თბილისის “დინამოში” მისი ხელფასი ცნობილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, 10 ათას ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. იგივე ითქმის ბათუმის “დინამოზეც”.

ფეხბურთელმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ნაკრების კანდიდატი დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად გარდაიცვალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშეს დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

დავით ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება.

ჯანო ანანიძემ “დინამოდან” წასვლის მიზეზებზე ღიად ისაუბრა

ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ახსნა, თუ რატომ და რა გარემოებებში დატოვა თბილისის “დინამო”. შეგახსენებთ, რომ თბილისში დაბრუნებულმა ჯანომ “დინამოელთა” მაისურით მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

“მოგესალმებით…

საკმაოდ დიდ ხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის მეთქვა, დინამოდან წამოსვლის მიზეზისა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება.

საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, დინამოდან ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა, ეს არის მცდარი ინფორმაცია და ჩემმა გულშემატკივარმა მინდა სიმართლე იცოდეს. ამიტომ, მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადი საუბრისას.

ჩემთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ დამირეკა დინამოს ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და პიროვნებას. ვთვლი, რომ არც კლუბისგან და მითუმეტეს, არც დინამოს მწვრთნელისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი, რადგან მის ნათქვამს ჩემთვის უფრო მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე კლუბის ნებისმიერი სხვა ხელმძღვანელისას.

მოკლედ, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია და სწორედ ამიტომ, დინამოს მიმართ ჩემი მხრიდან შეთავაზება ასეთი იყო: ჩემივე ხარჯებით წავსულიყავი წინასასეზონო შეკრებაზე, სადაც საწვრთნელ პროცესში მაქსიმუმს გავიღებდი და ვნახავდი, შემეძლო თუ არა კვლავ თამაში. თუ ამის შემდეგ შემექმნებოდა პრობლემა, მზად ვიყავი ყველანაირი თანხის გარეშე წამოვსულიყავი გუნდიდან, თუმცა განხორციელებულ სატელეფონო საუბარში სულ სხვა პასუხი მივიღე. ასე რომ, საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება, მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბის მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად საფეხბურთო ცოდნით და მენეჯერული თვისებებით არ გამოირჩევა, ასეთი მიდგომით გუნდს ვერ განავითარებს. სამწუხაროა, რომ ქართულ კლუბებში ხდება ეს.

ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, ამ განვითარების ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება,” – ვკითხულობთ ჯანოს განცხადებაში.

ფრანჩესკო ტოლდო — 50

დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 50 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო “ინტერშიც”. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ამსტერდამ არენაზე”, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ტოლდომ მატჩის წინა ღამეს პერსონალურ კომპიუტერში დისკეტებზე ჩაწერილი მასალის დახმარებით მეტოქე გუნდი პენალტების შესრულების მხრივ დაწვრილებით შეისწავლა.

 

მხსნელი გოლეადორი
ტოლდოს “ინტერი” ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის “იუვენტუსთან”. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის” კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის” კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!

 

“იების” საგუშაგოზე
90-იანი წლების ბოლოს “ფიორენტინა” მრისხანე ძალა იყო. “იების” რიგებში მანუელ რუი კოშტა და “მკვლელად” წოდებული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში “ფიორენტინა” დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას “მილანმა” და “ლაციომ” გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან “ფიორენტინამ” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.

 

“ფიორენტინა” ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის “არსენალთან” სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები, ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა “ჰაიბერიზე” ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.

 

ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და “ინტერის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოლდო ქალაქ მილანიდან არ არის და არც “ინტერს” ქომაგობდა ბავშვობიდანვე, მან “ნერაძურის” სამაგალითოდ უერთგულა: “ინტერის” გამო უარი “ბენფიკას”, “ბაიერნს”, “ლივერპულსა” და “რეალს” ვუთხარი. ამ კლუბში გამარჯვება განსაკუთრებული რამაა. ეს იმ გრძნობას ჰგავს, შტორმის შემდეგ პორტს რომ უბრუნდები”.

ფრანჩესკო ტოლდო შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთ მატჩში არ უთამაშია. მან იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.

ყველაზე დიდი გამარჯვება
ფრანჩესკო ტოლდოს კარიერის მანძილზე 16 გუნდური ტიტული აქვს მოგებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ გამარჯვებად იმ სიყვარულს თვლის, რომელსაც ხალხისგან გრძნობს: “იცით, რა არის საუკეთესო? ხალხს 40 წლისა და უფრო დიდი ხნის ასაკშიც ვახსოვარ და ადამიანები ჩემზე დადებითად საუბრობენ. ჩემდამი ხალხის გულთბილი განწყობა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა”.

Toldo

კარიერის დასრულება
ფრანჩესკო ტოლდო თავმდაბალი და მოკრძალებული პიროვნებაა და კარიერაც მოკრძალებულად, გამოსათხოვარი მატჩის გარეშე დაასრულა. 2010 წლის 7 ივლისს ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა: “კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.

პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო ტოლდო გარკვეული ხნით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, დღესდღეობით კი პროექტ “ინტერი” სამუდამოდ” ერთ-ერთი ხელმძღვანელია. პროექტი კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელებს აერთიანებს.

იბრაჰიმოვიჩი: “მბაპეს პსჟ-ის დატოვება ვურჩიე, მაგრამ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ის არ გაყიდოს”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მან კილიან მბაპეს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება მართლაც ურჩია.

“მართალია, რომ მბაპეს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება ვურჩიე. მას უფრო მეტად სტრუქტურირებული გარემო ჭირდება. თუმცა, მე პსჟ-ის პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ის არ გაყიდოს”, – ციტირებს იბრას სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ 2021 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-9 ადგილი დაიკავა.

ლიონელ მესის წვეულება მე-7 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ (ფოტო)

29 ნოემბერს ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჯილდოს მიღების შემდეგ წვეულება გამართა, რომელსაც მისი უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ესწრებოდნენ.