ვინ შეცვლის კვარას ბათუმში? ჩაკვე, ჯიღაური, ჯოვინო

გადაწყვეტილია და დადასტურებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება და “ნაპოლის” ივლისის დასაწყისში შეუერთდება.

“დინამოს” განსაკუთრებით დიდი ძალა დააკლდება და გია გეგუჩაძეს ეროვნული ლიგის მომდევნო 4 მატჩში მისი შემცვლელის ძებნა მოუწევს.

არსებული შემადგენლობიდან 2 გამოკვეთილი ვარიანტია: ჯაბა ჯიღაური და ჯოვინო ფლამარიონი. თუ ფლამარიონი მარჯვენა ფლანგზე დადგება, მაშინ ცენტრალურ თავდამსხმელი ფანცულაია ან ლობჯანიძე იქნება.

არის კიდევ ერთი ნაკლებად მოსალოდნელი ვარიანტი. ბათუმის “დინამოს” ფანები გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას ითხოვენ. ჩაკვე სათანადო ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ ტრავმა არ აქვს, მზად არის და ვილი სანიოლის განცხადებით, ბოლო 2 კვირაში სწორ გზას ადგას.

რეალურად, ერთადერთი, ვისაც ხვიჩას შეცვლა სრულად შეუძლია, ფორმაში მყოფი გიორგია, რომელსაც დღეს კონკრეტული შეთავაზება არ აქვს და “გენტში” დაბრუნებაც არ სურს.

ჯერჯერობით, გულშემატკივრის მოთხოვნაზე “დინამოს” ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ქეცბაია არ იცვლება და არასდროს შეიცვლება! რა უპასუხა პრეზიდენტს?

თემურ ქეცბაია “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად აღარ არის.

ქეცბაია დღეს “ანორთოსისის” პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს შეხვდა. ქეცბამ პრეზიდენტს ჰკითხა, რას იზამდა იმ შემთხვევაში, თუ თვითონ მას ასისტენტების გათავისუფლებას მოსთხოვდნენ. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ცვლილებები საჭირო იყო. თემურმა ამაზე თავისებურად უთხრა რაღაც, რასაც კვიპროსული პრესა აღარ აზუსტებს, თუმცა ამის შემდეგ მისი დარჩენის საკითხი საბოლოოდ გამოირიცხა.

შემდეგ მხარეები 120 ათასი ევროს კომპენსაციაზე შეთანხმდნენ. ქართველს კლუბთან ერთი წლის ხელშეკრულება აკავშირებდა, რაც 270 ათასი ევროა, მაგრამ შეთანხმება ნაკლებ თანხაზე შედგა.

“ანორთოსისი” ახალი მწვრთნელის პოვნაზე გადაერთო.

პოლიციამაც ვერ გააშველა – ხაშურისა და გლდანის ფეხბურთელებმა მაგრად იჩხუბეს (ვიდეო)

ხაშურის “ივერისა” და “გლდანს” შორის გამართული მატჩი ჩხუბში და დიდ ქაოსში გადაიზარდა. ფეხბურთელების გარდა, მონაწილეობა გულშემატკივარმაც მიიღო.

კომენტარებში წერენ, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოედანზე გულშემატკივარმა ბოთლი ისროლა, “გლდანის” მეკარემ ისევ გულშემატკივრებისკენ გაისროლა.

ხაშურის “ივერიას” ცოტა ხნის წინ ახალი სტადიონი გაუკეთეს.

ლა ლიგამ “პარი სენ-ჟერმენს” უეფაში უჩივლა

“როიტერსის” ინფორმაციით, ესპანეთის ლა ლიგამ “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ უეფაში საჩივარი შეიტანა.

საჩივარი ფრანგული კლუბის მიერ ფინანსური ფეარ-პლეის წესის სავარაუდო დარღვევას ეხება. ლა ლიგის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ იურიდიულ ნაბიჯებს გადადგამენ, ვინაიდან, მათი აზრით, პარიზული კლუბი მუდმივად არღვევს ფეარ-პლეის წესს. საჩივარი პირდაპირ კავშირშია “პარი სენ-ჟერმენისა” და გუნდის ფორვარდ კილიან მბაპეს შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის პირობებთან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სხვა ქვეყნის კლუბებს უეფაში უჩივის. მანამდე ესპანელმა ფუნქციონერმა ტურინის “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ სიტის” უჩივლა.

პროკურატურა ბლატერისთვისა და პლატინისთვის 18-თვიან პირობით პატიმრობას მოითხოვს

შვეიცარიის პროკურატურა ფიფას ყოფილ ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერისთვისა და უეფას ექსპრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის თაღლითობის საქმეზე 18-თვიან პირობით პატიმრობას მოითხოვს.

ბლატერსა და პლატინის თაღლითობაში ადანაშაულებენ. სასამართლო 2011 წელს მომხდარ ფაქტს განიხილავს, როდესაც ბლატერმა პლატინისთვის ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდის განკარგულება გასცა. გენერალურ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ თანხის გადაცემა უკანონოდ განხორციელდა, რამაც ფიფას აქტივებს ზარალი მიაყენა. ბლატერი და პლატინი ამტკიცებდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდა ფრანგი ფუნქციონერის მიერ 1998-დან 2002 წლამდე ფიფაში განხორციელებული საკონსულტაციო საქმიანობისთვის, ანაზღაურება კი სიტყვიერად იყო დათქმული.

ქალაქ ბელინცონას სასამართლო განაჩენს 8 ივლისს გამოიტანს. მაქსიმალური სასჯელი, რაც ფიფასა და უეფას ყოფილ ხელმძღვანელებს ემუქრებათ, ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთაა.

უეფა ახალი საკლუბო ტურნირის შექმნაზე მუშაობს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა ახალი ტურნირის შესაქმნელად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი წერს, რომ უეფა 2024-2025 წლების რევოლუციური სეზონის დაწყებამდე ერთგვარი “ოთხთა ფინალის” გამართვას აპირებს. სწორედ ამ პერიოდიდან ჩატარდება ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით.

ჩანაფიქრის მიხედვით, “ოთხთა ფინალში” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და კიდევ ოთხი წამყვანი კლუბი ითამაშებს. ტურნირის ჩატარების ადგილად ამერიკის შეერთებული შტატები განიხილება, სადაც დიდი რაოდენობის აუდიტორიისა და სპონსორების მოზიდვაა შესაძლებელი. უეფას სუპერთასი ისევ იარსებებს, თუმცა ტიტული ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის გამარჯვებულებს შორის გათამაშდება.

წყარო ინფორმაციას კიდევ ერთი სიახლის შესახებ ავრცელებს. 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ხუთშაბათ დღეს ჩატარდება, შემდეგ კი ტურნირი ჩვეული განრიგით, სამშაბათსა და ოთხშაბათს გაგრძელდება.

“ვალენსიამ” მამარდაშვილის შემცვლელები შეარჩია – გატუზოს რჩეულები

როგორც ვალენსიური გამოცემა Eldesmarque იტყობინება, იმ შემთხვევაში თუ მამარდაშვილთან შეთანხმება ვერ შედგა და კონტრაქტი არ გახანგრძლივდა, მაშინ გატუზოს ინიციატივით, “ვალენსია” 2 მეკარის დამატებაზე იფიქრებს.

ესენი “ლაციოს” ყოფილი მეკარე 27 წლის ტომას სტრაკოშა და “ნაპოლის” კოლუმბიელი 33 წლის დავიდ ოსპინა არიან.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ვალენსიას” იასპერ სილესენი დატოვებს, ხოლო, ამერიკული “ჩიკაგოს” ახალგაზრდა გოლკიპერი გაბრიელ სლონინა კი მადრიდის “რეალს” ირჩევს და “ვალენსიაში” წასვლას არ აპირებს.

მე-2 გამოცემა, deportevalenciano აღნიშნავს და გილამონი-მამარდაშვილის კონტრაქტების საკითხს სტატიას უძღვნის.

მათი აზრით, აუცილებელია ქართველის ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხა 20-დან 100 მილიონ ევრომდე ავიდეს, რათა გუნდმა თავი დაცულად იგრძნოს.

“ღამურებმა” გიორგი თბილისის “დინამოდან” სულ რაღაც 850 ათას ევროდ დაიმატეს.

“ნაპოლის” ფანები ხვიჩას გვარის წარმოთქმას სწავლობენ

“ნაპოლის” შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოდკასტის ავტორმა, ჯოზეფ ფიშეტიმ მასთან სასაუბროდ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოპულარული ქართველი საფეხბურთო მიმომხილველი ლუკა ლაგვილავა იგივე Georgian Footy მიიწვია და მათ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ხვიჩა კვარაცხელიას გვარის სწორად წარმოთქმა იყო.

“ნაპოლის” ფანებს მისი გვარის წარმოთქმა განსაკუთრებულად უჭირთ.

დასაწყისში ფიშეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებს ბოლო დროს, ასევე, ბათუმის “დინამოს” შეხვედრებს, ძალიან ბევრი ნეაპოლელი უყურებს და მათ კვარაცხელიას ეიმედებათ.

პოდკასტს სოციალურ ქსელში საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და “ნაპოლის” ფანებმა ფეხბურთელის კარიერის სხვადასხვა მომენტები და სათამაშო სტილი გაიგეს.

ვიდეო ინგლისურ ენაზე არის ჩაწერილი.

ნახეთ აქ: პოდკასტი

 

 

ოფიციალურად: ნემანია მატიჩი “რომაში” გადავიდა

სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი “რომაში” გადავიდა. ის იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება. ნემანია მატიჩი “მგელთა” რიგებში 21-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი 2017 წლიდან “მანჩესტერ იუნაიტედში” ირიცხებოდა. მან გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “რომას” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მატიჩს კარგად იცნობს. პორტუგალიელი სპეციალისტი სერბ ნახევარმცველს ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

გოგა გახოკიძე: “ჩაკვეტაძე ისეთ კლუბში უნდა გადავიდეს, სადაც ითამაშებს”

გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გოგა გახოკიძემ ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

“ჩაკვეტაძესთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერება დაიბრუნოს. “ჰამბურგში” წავიდა, მწვრთნელმა რაღაც ისეთი თვალით შეხედა, არ ვიცი რა მოხდა, ცოტა ძნელი გასაგებია. ჩაკვეტაძემ მოაგებინა საქართველოს პირველი ერთა ლიგა.”

“აუცილებლად უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს. 22 წლისაა და უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე იმუშავოს და არც მწვრთნელი და არც ვინმე ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება ან რამე. აუცილებლად გამოუვა და იმხელა რესურსი აქვს, შეუძლია დიდ დონეზე ითამაშოს”

“რაიმე კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ არის. ქეცბას უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ ახლა თვითონ მიდის “ანორთოსისიდან”. “გენტში” დარჩენა არ უნდა, იქ მწვრთნელმაც გააგრძელა კონტრაქტი. უნდა მოხვდეს კლუბში, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება, თუ არა, მაშინ ფსიქოლოგიურად გატყდება” – განაცხადა გახოკიძემ “საფეხბურთო ტაიმაუტში”.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის დამატება თბილისის “დინამოსაც” სურს, მაგრამ გაკოხიძეს ამ თემაზე არ უსაუბრია.

როგორ გაიყვანა მეკარემ ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)

ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატზე 31-ე მონაწილე გახდა და ამაში მთავარი წვლილი სათადარიგო მეკარე, ენდრიუ რედმეინიმ შეიტანა.

ძირითადი დრო ავსტრალიასა და პერუს შორის 0-0 დასრულდა, რედმეინი მოედანზე 120-ე წუთზე პენალტებისთვის შემოვიდა და თავისი ცნობილი მოძრაობებით მთავარი გმირი გახდა.

“ქეცბაია ხეზე იმალებოდა და ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა”

“ნიუკასლის” ყოფილმა მცველმა სტივ ჰოუიმ თემურ ქეცბაიას შესახებ საინტერესო ისტორია მოჰყვა. ეს ის პერიოდია, როცა “ნიუკასლი” რუდ გულიტმა ჩაიბარა 1998-99 წელს და ფეხბურთელებმა ფეინთბოლის თამაში გადაწყვიტეს.

“ჩვენ ორ გუნდად გავიყავით და ბიჭები იმალებოდნენ. ჩემი გუნდი თემურის წინააღმდეგ იყო, ყველაფერი მორჩა, მაგრამ მისი პოვნა ვერ შევძელით. ის კამუფლაჟის ექსპერტი აღმოჩნდა და ხეებზე ყოფილა.”

“უბრალოდ, უკან ვბრუნდებოდით, თამაში დასრულებული იყო და ხეებიდან ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა და იყვირა: “მოკვდით ინგლისელო ღორებო” და ყველა თემურს ვეუბნებოდით, რომ “დამთავრდა”, მაგრამ ის ამბობდა, რომ “არაფერია მორჩენილი”. მიდიოდა და კითხულობდა თუ სად იყო გულიტი, რადგან მისთვის სროლა უნდოდა”

“მე ვგულისხმობ, რომ ის ქართველია და ისინი ფიცხი და ემოციური ხალხია”- განაცხადა სტივმა.

ქეცბაია “ნიუკასლის” ლეგენდად ითვლება და “კაჭკაჭების” ფანებს ის განსაკუთრებულად უყვართ. ჰოუიმ აღნიშნა, რომ თემურს საქართველოში სამხედრო სამსახური აქვს გავლილი.