შურისმაძიებელი

“ლივერპულის” შემტევ მოჰამედ სალაჰს 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარგად ახსოვს, უფრო ზუსტად – ცუდად. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მადრიდის “რეალის” მაშინდელმა მცველმა სერხიო რამოსმა ეგვიპტელ ფეხბურთელს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ სალაჰმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შესაცვლელი გახდა, მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილი “ენფილდროუდელები” კი ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

“რეალთან” წინა ფინალი ისე მახსოვს, თითქოს ის შეხვედრა გუშინ იყო. იმედი მაქვს, “ლივერპული” შურს იძიებს. ამ მატჩისთვის კარგად ვართ მომზადებულნი”, – ციტირებს სალაჰის სიტყვებს Goal-ი.

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის 28 მაისს, “სტად დე ფრენსზე” ჩატარდება და მას კლემან ტიურპენი ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.  მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სალაჰს თვალი “პარი სენ-ჟერმენზე” უჭირავს

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით არის დაინტერესებული.

ეგვიპტელ ფეხბურთელს “ენფილდროუდელებთან” შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არ შეთანხმებულან. შესაძლოა, “ლივერპულმა” სალაჰი მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდოს, რათა მისი უსასყიდლოდ დაკარგვა თავიდან აირიდოს.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი მერსისაიდელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 100 მილიონ ევროდ აფასებს.

მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 32 მაჩში 22 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 11 შეხვედრაში რვა ბურთი გაიტანა.

სალაჰი: “იტალიაში ფანები მეტოქეს პატივს სცემენ, ინგლისში – არა”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა იტალიური და ინგლისური სპორტული კულტურა ერთმანეთისგან განასხვავა.

“როდესაც “რომაში” ვთამაშობდი, ფანები ფრანჩესკო ტოტის აპლოდისმენტით შინაც ეგებებოდნენ და სტუმრადაც. ასე ხდებოდა დანიელე დე როსის, ჯანლუიჯი ბუფონისა და ალესანდრო დელ პიეროს შემთხვევაშიც. ინგლისში ასე არ არის. აქ ფანები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის საწინააღმდეგოდ არიან განწყობილნი. ბუფონი იტალიის რომელ ქალაქშიც არ უნდა წავიდეს, ყველგან დამსახურებულ პატივისცემას იღებს”, – ციტირებს სალაჰის სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.

ეგვიპტელმა საუკეთესო მეკარეებიც დაასახელა, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია:

“ერთ კონკრეტულ მეკარეს ვერ გამოვარჩევ, ამიტომ ოთხს მათგანს დავასახელებ: კასილასი, ბუფონი, ალისონი და ნოიერი. ბევრი სხვა დიდებული კიპერი არსებობს, მაგრამ ამ მომენტში ისინი არ მახსენდება. ერთი მათგანის დასახელება რთულია. როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, ბუფონი შეუდარებელი იყო. საოცარი გრძნობაა მის წინააღმდეგ თამაში. მან კარიერაში ყველაფერი მოიგო და ეს წარმოუდგენელია”.

სალაჰმა “ლივერპულში” რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “ლივერპული” “ბრენტფორდს” ესტურმა და მეტოქესთან ანგარიშით 3:3 დაზავდა. მერსისაიდელთაგან ერთ-ერთი გოლი მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა.

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა “ენფილდროუდელთა” ფორმით პრემიერლიგაში მეასე ბურთი გაიტანა და რეკორდიც დაამყარა. კერძოდ, სალაჰს ასი გოლის გასატანად 151 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც “წითლების” რიგებში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. მანამდე ეს რეკორდი როჯერ ჰანტს ეკუთვნოდა, რომელმაც ასი ბურთი 152 შეხვედრაში გაიტანა.

ექვსი ტურის თავზე “ლივერპული” გათამაშების სატურნირო ცხრილს 14 ქულით ლიდერობს.

სალაჰი კოვიდინფიცირებულია

“ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გასულ უქმეებზე ეგვიპტელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების ბანაკს მიაშურა. სალაჰი, სავარაუდოდ, სამშობლოში დაინფიცირდა. ის ფეხბურელთა და გუნდის პერსონალთა შორის ერთადერთია, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

28 წლის ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

უკვე ცნობილია, რომ მოჰამედ სალაჰს აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ეტაპზე ტოგოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს. არაა გამორიცხული, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგაში “ლესტერ სიტისთან” და ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს “ატალანტასთან” 21 ნოემბერს ჩანიშნული შეხვედრებიც გამოტოვოს.

მოჰამედ სალაჰის ანტირეკორდი

“ლივერპულის” თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს პრემიერლიგის უკვე მესამე მატჩია გოლი არ გაუტანია. ეს ეგვიპტელი ფეხბურთელისთვის მერსისაიდულ გუნდში გადმოსვლის ანუ 2017 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე გრძელი უგოლო სერია გახლავთ.

მოჰამედ სალაჰის უგოლო სერია 24 თებერვალს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (0:0) დაიწყო. ეგვიპტელმა შემდეგ ვერც “უოტფორდსა” (5:0) და თანაქალაქელ “ევერტონს” (0:0) გაუტანა.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში “მანჩესტერ სიტი” უდგას, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება “ლივერპული”.