რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ინგლისის პრემიერლიგაში კარიერა “ვესტ ჰემის” კარში გატანილი დუბლით დაიწყო (2:0).

“ვთვლი, რომ ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. ის მთავარი მიზეზი იქნება, რითაც “სიტი” ტიტულს დაიცავს. “ლივერპული” საოცარი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ მგონია, რომ “მანჩესტერ სიტის” უკეთესი მოთამაშეები ჰყავს და როგორც გუნდი, უკეთესია.

ინგლისის პრემიერლიგაში დიდი მოლოდინებით მოსული ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს. მგონია, რომ ჰოლანის შემთხვევაში ასე არ იქნება. ის “სიტის” კიდევ უფრო გააძლიერებს და “ლივერპულთან” უპირატესობას მისცემს. თუ ის სეზონს კარგად დაიწყებს, ვფიქრობ, ლიგის სუპერვარსკვლავად გახდომა შეუძლია”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “დეილი მეილი”.

ჰოლანი: “გვარდიოლა ცოტა გიჟია”

“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანმა “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“გვარდიოლა ცოტა გიჟია და ეს მე მომწონს. მასთან მუშაობა მხიარული იქნება. კლუბში ჩემი მოსვლიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ბევრს ვვარჯიშობ და ვემზადები “, – ციტირებს ჰოლანის სიტყვებს VG.

წუხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონ გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი ბურთი მიუნხენის “ბაიერნის” კარში შეხვედრის მე-12 წუთზე დებიუტანტმა ერლინგ ჰოლანმა გაიტანა.

გამოსათხოვარი წერილი

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანი, რომელიც მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ღირსებას დაიცავს, გერმანულ გუნდს დაემშვიდობა.

“სასიამოვნო და საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. “ბორუსიაში” დაუვიწყარი მომენტები მქონდა, შევხვდი განსაკუთრებულ ხალხს, არაჩვეულებრივ თანაგუნდელებს. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ფანობაზე, რომელიც მოედანზე ყოველთვის მე-12 ფეხბურთელად გვემატებოდა. ყვითელი კედელი მართლაც წარმოუდგენელი რამ არის. მისი მომსწრე ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გახდეს. არაფერს დავივიწყებ. მადლობა თითოეულ თქვენგანს!” – დაწერა სოციალურ ქსელში ჰოლანმა.

ერლინგ ჰოლანი “ბორუსიას” შემადგენლობაში 2019 წლის ზამთრიდან გამოდის. მან ამ პერიოდის განმავლობაში 89 შეხვედრა ჩაატარა, 86 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტისთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ინგლისური კლუბი წევრი ოფიციალურად 1-ელ ივლისს გახდება.

ერლინგ ჰოლანმა “მანჩესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა დღეს, ბელგიაში, “მანჩესტერ სიტის” მედიკოსებთან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

წყაროს თანახმად, ინგლისურ კლუბში ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება. “ქალაქელთა” რიგებში 21 წლის შემტევის ანაზღაურება კვირაში 375 ათასი ფუნტ სტერლინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “ბორუსიაში” 2020 წელს “ზალცბურგიდან” გადავიდა. მაშინ გერმანელებმა მის სანაცვლოდ ოცი მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა “ბორუსიას” რიგებში 88 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჰოლანს ევროპის ხუთი წამყვანი კლუბი ეპატიჟება

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა წინადადება ევროპის ხუთი წამყვანი კლუბისგან მიიღო. 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის ნადირობა გერმანულ “ბაიერნს”, ესპანურ “რეალსა” და “ბარსელონას”, ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენსა” და ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” აქვთ გაჩაღებული.

პარასკევს ჰოლანი საკუთარ აგენტ მინო რაიოლას შეხვდება და ევროპის ლიგიდან “ბორუსიას” გამოვარდნის შემთხვევაში, სამომავლო გეგმას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გერმანული გუნდი ხუთშაბათს, სტუმრად გლაზგოს “რეინჯერსს” დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველი შეხვედრა 2:4 დათმო.

ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ფეხბურთელსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. 2022 წლის ივნისში შრომით ხელშეკრულებაში ამოქმედდება გამოსყიდვის პუნქტი. ჰოლანდის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ერლინგ ჰოლანის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს.

“რეალი” ერლინგ ჰოლანს მოელაპარაკა

ესპანური სპორტული საინფორმაციო ინტერნეტპორტალი Sport.es-ი იუწყება, რომ მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდ ერლინგ ჰოლანთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს თანახმად, ნორვეგიელი ფეხბურთელისა და “ბლანკოსის” წარმომადგენლები ერთმანეთს მონაკოში შეხვდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰოლანი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. 21 წლის თავდამსხმელს “შავ-ყვითლების” დატოვება საკუთარი სურვილით შეუძლია, თუმცა თუ ამას ამ ზაფხულს მოისურვებს, ტრანსფერის ერთადერთ ვარიანტად “რეალი” ექნება.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “ბორუსიას” 2020 წლის იანვარში შეუერთდა. მაშინ გერმანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ზალცბურგს” 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ნორვეგიელმა ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში 16 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა.

ერლინგ ჰოლანსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს.

“პსჟ” “დორტმუნდს” ჰოლანის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობს

“პარი სენ-ჟერმენი” დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანის გადმობირების თაობაზე მოლაპარაკებას აქტიურად აწარმოებს. პარიზელებს იმედი აქვთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნორვეგიელ თავდამსხმელს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებენ.

ESPN-ის ცნობით, პარიზელები 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის საჭირო თანხის გამომუშავებას კილიან მბაპეს გაყიდვით გეგმავენ. ამ უკანასკნელის დამატებით აქტიურად არის დაინტერესებული მადრიდის “რეალი”.

“დორტმუნდსა” და ჰოლანს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ნორვეგიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული. აღნიშნული პუნქტი მომავალი წლის ზაფხულში ამოქმედდება. ეს გარემოება გერმანულ კლუბს აიძულებს, რომ ჰოლანი გაცილებით სარფიანად წელსვე გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “დორტმუნდის” ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ჰოლანის სატრანსფერო ღირებულებას 130 მილიონ ევროდ აფასებს.

კრიშტიანუს ჰოლანსა და მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანსა და “პარი სენ-ჟერმენის” შემტევ კილიან მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

“რთულია ერთის ამორჩევა და თქმა, რომ საუკეთესო მაინცდამაინც ის იქნება. ახალი თაობის ფეხბურთელთა ცქერა საინტერესოა. ახლა ასპარეზზე ჰოლანი და მბაპე გამოდიან.

ზოგიერთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთ-ორ კარგ სეზონს ატარებს, დიადი მოთამაშეები კი წლიდან წლამდე ინარჩუნებენ დონეს. ამის გაკეთება ადვილი საქმე არ არის. ამას ბევრი შრომა და თავდადება სჭირდება”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal-ი.

“დორტმუნდმა” ჰოლანს ფასი დაადო

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსია” გუნდის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანის გასაყიდად მზად არის, თუმცა მსურველმა კლუბმა ნორვეგიელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

მართალია, 20 წლის ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 88.8 მილიონი ევრო უწერია, მაგრამ ხელშეკრულების ეს პუნქტი ძალაში 2022 წლის ზაფხულში შევა. ჰოლანით ყველაზე მეტად მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი.

ერლინგ ჰოლანმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ოც მატჩში 19 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.