ჩეფერინი: “ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალი” კარგი იდეაა, მაგრამ…”

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალის” დანერგვის იდეაზე კომენტარი გააკეთა.

“კარგი იდეაა, მაგრამ რამდენიმე მატჩს ვკარგავთ. კლუბებისთვის ცუდი ისაა, რომ შინ ვერ ითამაშებენ, სატელევიზიო უფლებების მფლობელებისთვისაც ნაკლები შეხვედრაა. უეფას სუპერთასთან დაკავშირებით ახალი იდეა გვაქვს, მაგრამ მედიაში გასაჟღერებლად ჯერ ძალიან ადრეა”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ხორვატული dalmatinskiportal-ი.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უეფა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის ფორმატის ცვლილებას აპირებს. ჩანაფიქრის თანახმად, ტურნირის ნახევარფინალური ეტაპიდან ჩატარდება “ოთხთა ფინალი”, რაც გულისხმობს ერთ კონკრეტულ ქალაქში თითო-თითო ნახევარფინალური მატჩის გამართვას. ასეთი პრეცედენტი კორონავირუსული პანდემიის გამო 2019-2020 წლების სეზონში უკვე დაფიქსირდა.

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.