„მუნდიალზე ორი ნაკრები პირადად მე გავიყვანე, მაგრამ ამის შესახებ ხმას ვერ ვიღებდი“

სინგაპურელმა ბუქმეიქერმა უილსონ რაჯ პერუმალმა, რომელიც გარიგებული მატჩების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, მან მოზამბიკის ნაკრებს სტიმული მისცა, რომ ნიგერიელებთან მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი (0:1) დაეთმო. მეორე შემთხვევაში კი, მან ჰონდურასის მატჩზე ბუქმეიქერთა კოეფიციენტი განზრახ შეცვალა, რამაც, მისივე თქმით, ჰონდურასელთა გამარჯვებისკენ სწრაფვა გააძლიერა.

„ჩემმა გეგმამ იმუშავა. მე ნიგერიის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარე და შეუმჩნეველი გმირი გავხდი. მუნდიალზე ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებების გასვლა პირადად ჩემი დამსახურება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გუნდი მე გავიყვანე და ამის შესახებ საუბარი არ შემეძლო, რაც ნერვებს მიშლიდა“, – დაწერა პერუმალმა თავის მემუარულ წიგნში, რომელიც ევროპაში გასაყიდად დღეს გაეშვა.

ბექა დოგრაშვილი

„ერთი გარიგებული მატჩიც ბევრია“ – უეფამ „სუფთა ფეხბურთის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ბილბაოში გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გარიგებული მატჩების წინააღმდეგ საბრძოლველად 11-პუნქტიანი რეზოლუცია დამტკიცდა. დოკუმენტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს, 27 მარტს, ასტანაში გასამართ უეფას კონგრესზე წარადგენენ. მანამდე უეფა თავის ასოციაციებთან კონსულტაციებს გაივლის. ამრიგად, უეფა გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ახალი პროექტის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ისაუბრა.

„გარიგებული მატჩები ფეხბურთის სულზე მოქმედებს. გვინდა, რომ სპორტულ ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ეფექტური თანამშრომლობა გავაძლიეროთ. წელიწადში 32 ათასზე მეტ მატჩს ვატარებთ: ყველა ეს შეხვედრა უეფას ეგიდით ტარდება, გარდა ამისა – უმაღლესი და პირველი დივიზიონის მატჩები იმართება. ამ შეხვედრათა დაახლოებით 0,7 პროცენტი ეჭვის ქვეშ დგება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი გარიგებული მატჩიც ძალიან ბევრია.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროთასებიდან სამი კლუბი მოკვეთა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ისინი ეროვნულ ჩემპიონატებში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მივეცით არბიტრს, რომელიც გარიგებულ მატჩში კი არ მონაწილეობდა, არამედ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ელემენტებთან ურთიერთობდა და ამ ყველაფერს უეფას არ ატყობინებდა. ასე რომ, იმ პირების მიმართ, რომლებიც ასეთ ქმედებებში იქნებიან შემჩნეულნი, ამოქმედდება გრძელვადიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია.

უეფასთვის გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მთავარი მიზანია. ჩვენ ამ გამოვლინების მიმართ კვლავ ნულოვან ტოლერანტობას გამოვიჩენთ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ასოციაციებმა ანალოგიურად იმოქმედონ, გაითავისონ ჩვენი იდეები. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს ასოციაციებს, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ კონკრეტული და ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს. არ შეიძლება, რომ ერთ ქვეყანაში რაღაცა ისჯებოდეს და მეორე ქვეყანაში ანალოგური რამ – არა“, – ინფანტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს.

გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა
დაიწყო „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია – საფა“-მაც.

ბექა დოგრაშვილი