კონმებოლი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯანი ინფანტინოს უჭერს

კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო) პრეზიდენტმა ხუან ანხელ ნაპუტმა განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ამერიკა მხარს უეფას გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ ნაპუტმა მანამდე მხარდაჭერა მიშელ პლატინის გამოუცხადა, თუმცა ფრანგი ჩინოსანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, რის გამოც მუშაობის უფლება შეჩერებული აქვს და არც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში დაამტკიცეს მისი კანდიდატურა.

“ჩვენ ერთხმად მხარს ვუჭერთ ინფანტინოს. ჯანისთან გვქონდა საუბარი და მივხვდით, რომ სწორედ ეს ადამიანი გვჭირდება”, – ციტირებს ნაპუტის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.

 

ინფანტინომ ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შესაძლო შექმნის შესახებ ისაუბრა

მალტის რესპუბლიკაში მიმდინარე უეფას წევრი ასოციაციების სტრატეგიულ შეკრებაზე ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობები განიხილეს. ჩანაფიქრის მიხედვით, ტურნირზე იმ გუნდებმა უნდა იასპარეზონ, რომლებიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდებიან.

უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ევროპაში მესამე საკლუბო ტურნირის შექმნა არ გამორიცხა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არსებობს.

“ჩვენ ორი შესანიშნავი შეჯიბრება გვაქვს – ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტურნირია და სწრაფად მზარდი ევროპის ლიგა, თუმცა ყველაფერი იცვლება და ვითარდება. არ გვეშინია, ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, თუ რას ვაპირებთ მომავალში. ჯერჯერობით იდეებს ვაგროვებთ. გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილებასაც მივიღებთ – ან არსებულით დავკმაყოფილდებით, ან საკლუბო დონეზე რევოლუციას მოვახდენთ. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული პროექტი არ გვაქვს”, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ უეფა 1995-2008 წლებში ინტერტოტოს თასს ატარებდა. ტურნირის გამარჯვებულები უეფას თასზე თამაშის უფლებას იღებდნენ.

უეფა საკლუბო ტურნირების არსებულ სტრუქტურაში რაიმე ცვლილების განხორციელებას მინიმუმ 2018 წლამდე არ აპირებს, ვინაიდან ყველა წესდება თუ ხელშეკრულება 2017/18 წლების სეზონის ჩათვლით არის დადგენილი.

 

„ერთი გარიგებული მატჩიც ბევრია“ – უეფამ „სუფთა ფეხბურთის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ბილბაოში გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გარიგებული მატჩების წინააღმდეგ საბრძოლველად 11-პუნქტიანი რეზოლუცია დამტკიცდა. დოკუმენტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს, 27 მარტს, ასტანაში გასამართ უეფას კონგრესზე წარადგენენ. მანამდე უეფა თავის ასოციაციებთან კონსულტაციებს გაივლის. ამრიგად, უეფა გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ახალი პროექტის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ისაუბრა.

„გარიგებული მატჩები ფეხბურთის სულზე მოქმედებს. გვინდა, რომ სპორტულ ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ეფექტური თანამშრომლობა გავაძლიეროთ. წელიწადში 32 ათასზე მეტ მატჩს ვატარებთ: ყველა ეს შეხვედრა უეფას ეგიდით ტარდება, გარდა ამისა – უმაღლესი და პირველი დივიზიონის მატჩები იმართება. ამ შეხვედრათა დაახლოებით 0,7 პროცენტი ეჭვის ქვეშ დგება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი გარიგებული მატჩიც ძალიან ბევრია.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროთასებიდან სამი კლუბი მოკვეთა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ისინი ეროვნულ ჩემპიონატებში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მივეცით არბიტრს, რომელიც გარიგებულ მატჩში კი არ მონაწილეობდა, არამედ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ელემენტებთან ურთიერთობდა და ამ ყველაფერს უეფას არ ატყობინებდა. ასე რომ, იმ პირების მიმართ, რომლებიც ასეთ ქმედებებში იქნებიან შემჩნეულნი, ამოქმედდება გრძელვადიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია.

უეფასთვის გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მთავარი მიზანია. ჩვენ ამ გამოვლინების მიმართ კვლავ ნულოვან ტოლერანტობას გამოვიჩენთ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ასოციაციებმა ანალოგიურად იმოქმედონ, გაითავისონ ჩვენი იდეები. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს ასოციაციებს, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ კონკრეტული და ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს. არ შეიძლება, რომ ერთ ქვეყანაში რაღაცა ისჯებოდეს და მეორე ქვეყანაში ანალოგური რამ – არა“, – ინფანტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს.

გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა
დაიწყო „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია – საფა“-მაც.

ბექა დოგრაშვილი