ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

დღეს იტალიის თასის ფინალური მატჩია — ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია. რთული მატჩი გველის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის თასი “იუვენტუსს” 20 წელია, არ მოუგია და წელს შესაძლოა, ეს ტიტული მეათედ დავისაკუთროთ.

ანდრეა პირლო ითამაშებს. რას ვიტყოდი იტალიურ ფეხბურთზე? ყველა ლიგას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ფინალთან იყვნენ ახლოს”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

იტალიის თასი „ნაპოლიმ“ მოიგო

იტალიის თასის ფინალური მატჩი, რომელიც „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ შორის გაიმართა, ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. გუნდის გულშემატკივრებს შორის სიტუაცია იმდენად დაძაბა, რომ შეხვედრა ჩაშლის ზღვარზე იყო, თუმცა მდგომარეობის განმუხტვა მოხერხდა.

მე-11 წუთზე ნეაპოლელთა შემტევმა ლორენცო ინსინიემ ანგარიში გახსნა. ექვს წუთში იმავე ინსინიემ დუბლი გაიფორმა და „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა.
28-ე წუთზე ხუან ვარგასმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ნეაპოლელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა დრის მერტენსმა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ანგარიშით 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ნეაპოლელთა ნახევარმცველი გიოკჰან ინლერი გააძევეს.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ იტალიის თასი მეხუთედ მოიგო. მანამდე ნეაპოლელებმა ეს ტიტული 1961/62, 1975/76, 1986/87, 2011/12 წლების სეზონში დაისაკუთრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაფაელ ბენიტესმა „ნაპოლისთან“ ერთად პირველივე სეზონში მოიგო თასი.

იტალიის თასის ფინალი
„ფიორენტინა“ — „ნაპოლი“ 1:3 (1:2)
გოლები: ვარგასი 28′ — ინსინიე 11′, 17′, მერტენსი 90+2′.
გაფრთხილებები: ბორხა ვალერო 10′, ილიჩიჩი 40′, ტომოვიჩი 47′, ფერნანდესი 65′ —ალბიოლი 36′, ინლერი 50′, ინსინიე 78′, რეინა 81′.
გაძევება: ინლერი 79′.

 

„ნაპოლიმ“ „რომა“ გაანადგურა და თასის ფინალში გავიდა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა რომაელებს ანგარიშით 3:2 ჰქონდათ მოგებული.

„სან პაოლოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ხოსე კალეხონმა გახსნა. 48-ე წუთზე გონსალო იგუაინმა „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი 51-ე წუთზე ჟორჟინიომ დაუსვა — 3:0. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს „რომას“ ნახევარმცველი კევინ სტროტმანი, რომელმაც ერთ ეპიზოდში ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, მატჩს ესწრებოდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა.

„ნაპოლი“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება.

იტალიის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ნაპოლი“ — „რომა“ 3:0 (1:0)

გოლები: კალეხონი 33′, იგუაინი 48′, ჟორჟინიო 51′.
გაფრთხილებები: მაჯო 57′, კალეხონი 74′ — ბენატია 15′, ლიაიჩი 21′, სტროტმანი 79′, ლეანდრო კასტანი 83′.
გაძევება: სტროტმანი 79′.

„რომამ“ „ნაპოლი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „რომასა“ და „ნაპოლის“ შორის გამართული პირველი მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოო ჯამში, ის რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით განვითარდა და რომაელები უკვე მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ფრანჩესკო ტოტიმ ჟერვინიო მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმაც არ დაახანა და მასპინძლები დააწინაურა. „მგლებმა“ უპრატესობა 32-ე წუთზე განამტკიცეს, შორი მანძილიდან კევინ სტროტმანის დარტყმულს პეპე რეინამ ვერაფერი მოუხერხა.

მეორე ტაიმში ნეაპოლელები გონს მოეგნენ და შეხვედრის 47-ე წუთზე გონსალო იგუაინის გამჭოლი პასი რომაელთა მეკარე მორგან დე სანკტისმა ვერ შეაჩერა, მეტიც – ბურთი კარში წავიდა და სხვაობაც შემცირდა. მატჩის 70-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ანგარიში სულაც გაათანაბრეს, გოლი დრის მერტენსის ანგარიშზეა. „ჯალოროსომ“ შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე მაინც მოახერხა მესამე გოლის გატანა და მატჩის გამარჯვებით დასრულება, თავი ამჯერადაც ჟერვინიომ გამოიჩინა.

განმეორებითი შეხვედრა ნეაპოლში, 12 თებერვალს გაიმართება.

 

იტალიის თასი
ნახევარფინალი
„რომა“  — „ნაპოლი“ 3:2 (2:0)

გოლები: ჟერვინიო 13′, 88′, სტროტმანი 32′  — დე სანკტისი 47′ (ა.გ.), მერტენსი 70′.
გაფრთხილებები: ნაინგოლანი 39′ — ინლერი 85′.