ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის ერთ-ერთი ბოლო კარიკატურა ჟოზე მოურინიოს სიტყვების გამოხმაურებაა. ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ემზადებიან სახელგანთქმული ფეხბურთელები დიდი მატჩებისთვის.
„მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში, მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე სარკის წინ ჩემი გუნდის ფეხბურთელთა მთელი რიგი დგებოდა. არადა, ამ დროს მსაჯი მათ უკვე უცდიდა.
ახალგაზრდა მოთამაშეები საკუთარ თავზე ძალიან ზრუნავენ. მე 51 წლის ვარ და თუ ბავშვებთან მუშაობა მინდა, მათ უნდა გავუგო კიდეც“, – მოურინიოს სიტყვები Esquire-მა გამოაქვეყნა.
ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს ბრიტანელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აერია (შეიძლება დალაგებული არც არასდროს ჰქონია). გერმანელი ფეხბურთელი მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
„კრიტიკა არ მადარდებს. სამი კვირის წინათ სრულიად განსხვავებულ რამეს წერდნენ, სამი კვირის შემდეგაც ასე იქნება. ეს მათი მუშაობის ნაწილია“, – აღნიშნა იოზილმა.
სწორედ ამ თემას ეხება მომანის კიდევ ერთი კარიკატურა.
„ბარსელონაში“ გატარებული თითქმის 20-წლიანი პერიოდის შემდეგ, კარლეს პუიოლმა კლუბიდან აბარგება გადაწყვიტა.
„ბოლო ორი ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის რთული იქნებოდა იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც აქ თამაშისთვის არის აუცილებელი. ამიტომ, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე“, – აღნიშნა პუიოლმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
კატალონიური გუნდის ფანები პუიოლს „კედელს“ უწოდებენ და როგორც ჩანს, მისი წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი ხვრელი გაჩნდება. ამ ჰიპოთეზას ეძღვნება მომანის ეს კარიკატურაც.
დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნის“ ერთგვარ ფილიალად იქცა. ბავარიელებს ფინანსები ბლომად აქვთ და სასურველი მოთამაშის დაბევებაც არ უჭირთ. ჯერ მარიო გიოტცე იყო, შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, ახლა კი საუბარი ილკაი გიუნდოგანზე მიდგა, რომელსაც „ბაიერნში“ კროოსის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, კროოსის მიმართ რამდენიმე წამყვანი კლუბი იჩენს ინტერესს და მიუნხენელები აქედანვე იჭერენ თადარიგს.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიელები „ბორუსიას“ დარბევაზე უარს არ არც ამჯერად იტყვიან.
„ბორუსიას“ ფეხბურთელების ტრანსფერზე უაზრო გადაწყვეტილება არასდროს არ მიგვიღია. დორტმუნდელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. „ბორუსიას“ აღმასრულებელ დირექტორს გასულ ზაფხულს შევხვდი და ჩვენს შორის არსებული ყველა ცუდი გრძნობა დავივიწყეთ“, – აღნიშნა რუმენიგემ.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com