10 მაისს ლევან კობიაშვილი მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. ლევანს გერმანიაში დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გავესაუბრეთ.
– კარიერის უკანასკნელი მატჩის ჩატარებამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტია დარჩენილი. რას გრძნობთ?
– სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მაქვს გათვიცნობიერებული. წლების მანძილზე ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ვარჯიშებით და კვირის ბოლოს გასამართი მატჩით იყო დატვირთული. იმის დაჯერება, რომ სულ მალე ეს დასრულდება ცოტა რთულია. ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო.
– რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ამ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში?
– რთულია ერთი ეპიზოდის გამორჩევა. საკმაოდ ბევრი პოზიტივიც იყო და სამწუხაროდ ნეგატიური მომენტებიც.
ბავშვობიდან დაწყებული ყოველთვის ვცდილობდი, რომ ნებისმიერი თამაშიდან მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო. მოედანზე გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერებაა.
– საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი კარიერას მშობლიურ კლუბში ასრულებს. გქონდათ თუ არა შემოთავაზება რომელიმე ქართული გუნდიდან?
– შემოთავაზება ნამდვილად არ ყოფილა და ჩემი ინიციატივით ვერსად ვერ მივიდოდი. თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაშიც კი, ასეთ გადაწყვეტილებას იოლად ვერ მივიღებდი.
– სანაკრებო თემასაც შევეხოთ. ეროვნული გუნდიდან არც თუ ისე სასიამოვნო სიტუაციაში წახვედით… ნაკრების დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?
– ნაკრებიდან წასვლაზე უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და ამ თემაზე ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის…
ეროვნული გუნდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია ჩემს ცხოვრებაში. ფეხბურთელმა, შეიძლება საკლუბო დონეზე ყველაფერს მიაღწიოს, მაგრამ ეროვნულ გუნდთან ერთად მოპოვებულ გამარჯვებას სულ სხვა გემო აქვს.
ნაკრები ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტულია და ძალიან მწყდება გული, რომ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერ მოვახერხე. იმედია, ამ სიხარულს გულშემატკივრის სტატუსში მაინც განვიცდი.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ. რა თქმა უდნა, მაქვს გარკვეული გეგმები და იდეები ქართულ ფეხბურთან დაკავშირებით, თუმცა ამას ჩამოსვლის შემდეგ გავახმაურებ.
ფეხბურთელობის სულ ცოტა დრო დამრჩა და მინდა ამ დღეებით ბოლომდე დავტკბე.
– ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპს როგორ შეფასებდით? ეს ტურნირი თქვენი ორგანიზებით ჩატარდა…
– კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტურნირს ატარებს დამიკავშირდა და მთხოვა, რომ გათამაშებაში საქართველოდანაც ყოფილიყო ჩართული ერთი გუნდი.
მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინდა და საქართველოს მასშტაბით შესარჩევი ეტაპს გავუწიეთ ორგანიზება. როგორც მოგეხსენებთ, გამარჯვებული გუნდი ბერლინში გასამართ ტურნირზე გაემგზავრება.
– და ბოლოს საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება ქართულ ფეხბურში არსებულ მდგომარეობაზე. რა არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა?
– ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ყველა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მოკლედ საუბარი რთულია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბრებ.
Fanebi.com-ის სახელით გვინდა ლევანს მის სამომავლო საქმიანობაში წარმატება ვუსურვოთ და დიდი მადლობა ვუთხრათ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.