თბილისში გამართულმა უეფას სუპერთასის მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შემდგარ დაპირისპირებაში სხვადასხვა სახის რეკორდები დამყარდა.
• ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა (80);
• უეფას სუპერთასის მატჩებში მესის სულ სამი გატანილი გოლი მოუგროვდა, რითაც არი ჰაანს, ფრანსუა ვან დერ ელსტს, გერდ მიულერს, ოლეგ ბლოხინს, რადამელ ფალკაოს, რობ რენსენბრინკსა და ტერი მაკდერმოტს გაუთანაბრდა;
• ევერ ბანეგამ გოლი მატჩის მესამე წუთზე გაიტანა. ეს უეფას სუპერთასის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია;
• დანიელ ალვესმა უეფას სუპერთასი მეოთხედ მოიგო, რითაც პაოლო მალდინის შედეგი გაიმეორა;
• ალვესმა მალდინის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა: ბრაზილიელმა უეფას სუპერთასის მეხუთე მატჩში მიიღო მონაწილეობა;
• ლუის ენრიკე გახდა მეოთხე პირი, რომელმაც უეფას სუპერთასი მოიგო როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. მანამდე ეს მოახერხეს ხოსეპ გვარდიოლამ, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ, თუმცა მხოლოდ ლუის ენრიკეს აქვს სუპერთასის მატჩში გოლი გატანილი (1997 წ.);
• “ბარსელონამ” უეფას სუპერთასი მეხუთედ მოიგო, რითაც “მილანის” შედეგი გაიმეორა;
• “ბარსელონამ” უეფას სუპერთასის მატჩში მეცხრედ ითამაშა. უახლოეს მადევარს ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული;
• “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას სუპერთასის ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა;
• “სევილია” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სუპერთასის მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა დამარცხდა;
• “სევილია” სუპერთასის არსებობის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სამბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა;
• ცხრა გატანილი გოლით თბილისური სუპერთასი ყველაზე შედეგიანია;
• უეფას სუპერთასის მატჩში ესპანური დაპირისპირება მესამედ ვიხილეთ (ყოველ ჯერზე ერთ-ერთი მეტოქე “სევილია” იყო). ტიტულისთვის ერთმანეთში ორჯერ უბრძოლიათ იტალიის წარმომადგენლებს;
• საქართველომ პირველად უმასპინძლა უეფას საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს;
• თბილისურ სუპერთასს 51 490 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებული სუპერთასის მატჩებიდან სარეკორდო მაჩვენებელია.