ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ორი “სამტრედიელი” გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა უკვე დაიწყო აღნიშნული მატჩებისთვის ფეხბურთელების გამოძახება.

ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება სამტრედიის “სამტრედიას” ორ ფეხბურთელს მიეცემა. პირველი მათგანი, მეკარე – ომარ მიგინეიშვილია. 32 წლის მეკარეს აქამდე ერთ ამხანაგურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2013 წლის 2 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. იმ შეხვედრაში ჩვენები, ანგარიშით, 0:4 დამარცხდნენ.

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს ლაშა შერგელაშვილია. 24 წლის მცველს აქამდე არასდროს ცმია ნაკრების ფორმა.

 

ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

გია ცეცაძე: “ამ წარმატებაში გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა”

საქართველის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2016 წლის სეზონის გადამწყვეტი მატჩი “დინამო არენაზე” შედგა, სადაც საჩხერის “ჩიხურასა” და “სამტრედიას” შორის საჩემპიონო პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. მეორე მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 4:2) და “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჩემპიონი გუნდის თავკაცი გია ცეცაძე წარსდგა.

“ორი მატჩის ჯამში ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის, ჩემი ბევრი ფეხბურთელისთვის, გუნდისთვის პირველი საჩემპიონო ტიტული იყო და განსაკუთრებული ემოცია მაქვს, რომლის გამოხატვაც მიჭირს. შარშანდელთან შედარებით ნაბიჯი წინ გადავდგით. შეკრებები უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით, როდის დაიწყება ჩემპიონატი. ამიტომ, ჯერ მოსამზადებელი ეტაპის გეგმა არ არის. ჩემპიონატის დაწყების თარიღის დანიშვნის შემდეგ მოსამზადებელ ეტაპს დავგეგმავთ. შედეგი განაპირობა პირველმა თამაშმა. განსაკუთრებით პირველი მატჩის პირველმა ტაიმმა აჩვენა ჩვენი გუნდის სტრატეგია ამ დაპირისპირებაში. ეს გამარჯვება მთლიანმა გუნდმა მოიტანა. გუნდში ერთიანობა იგრძნობა. ზივზივაძე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ პენალტი არაბულს დაუთმო. ესეც აჩვენებს იმას, რაოდენ დიდი ერთიანობაა გუნდში. თითქმის ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. რაც უფრო დიდია კონკურენცია გუნდში, მით უკეთესი. გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება. გუნდი მხოლოდ 11 კაცი არ არის. ვინც შესანარჩუნებელია, ვეცდებით, რომ ის ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. 2015 წლის ზაფხულში შეიქმნა ეს გუნდი და მიზანმიმართულად დავიწყეთ მუშაობა, პროგრესი ყველა ფეხბურთელს ეტყობა. სამტრედიაში არ იყო გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ამიტომ, კარგი გაგებით, ცარიელი ადგილიდან დავიწყეთ მუშაობა. ამ გუნდის წარმატებაში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ცეცაძემ.

“სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია!

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

წინა მატჩი სამტრედიელებს, ანგარიშით, 2:0 ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, “ჩიხურამ” აქტიურად დაიწყო პირველი წუთებიდანვე.  აღსანიშნავია რეხვიაშვილის სტანდარტული, რომელიც კარს გადსცდა. ამის შემდეგ ლობჟანიძე უტევდა მარცხენა ფლანგიდან, ბურთი განუგრავას დაუგორა, ამ უკანასკნელმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ განუგრავა ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან ბურთი მუმლაძეს ჩუწოდა, ეს უკანასკნელი თავით ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.

41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი წინ გაიგდო, მის შეჩერებას კაშია შეეცადა, რომელსაც სამტრედიელმა შემტევმა მარტივად გაუტარა ფეხებს შორის ბურთი. კაშიამ საჯარმოში შესული ზივზივაძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც 42-ე წუთზე არაბულმა შეძლო.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. დათუნაშივილმა 59-ე წუთზე ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და სამტრედიელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.

83-ე წუთზე დეკანოიძემ, ხოლო 90-ეზე ლობჟანიძემ პენალტიდან ორი გოლი გაქვითეს. საბოლოოდ – 2-2.

“სამტრედიამ” ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშით, 4-2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ძირითადი შემადგენლიბები

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგაშავილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, განუგრავა (გაბედავა 46 წთ), ლეკვთაძე, სარდალიშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, მუმლაძე (დეკანოიძე 46 წთ).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, სანდოხაძე (იმედაშვილი 77 წთ.), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (გამყრელიძე 65 წთ.), არაბული (მარკოზაშვილი 73 წთ.), ზივზივაძე, ჯიქია, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, მჭედლშივილი, დათუნაიშვილი.

მთავარი მწვრნელი: გია ცეცაძე

გოლი: არაბული (პენალტი, 42 წთ.), დათუნაიშვილი (59 წთ.), დეკანოიძე (83 წთ.) ლობჟანიძე (პენალტი 90 წთ.)

“სამტრედიამ” “ჩიხურა” საქართველოს ჩემპიონატის პირველ ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა

დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “სამტრედია” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ბუდუ ზივზივაძემ მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში. მე-40 წუთზე ისევ იმავე ფეხბურთელმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარმა “ჩიხურელთა” უპირატესობით ჩაიარა. იმერლები ცდილობდნენ, ერთი ბურთი მაინც გაექვითათ და განმეორებითი მატჩის წინ შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. თუმცა, საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და პირველი დაპირისპირება, ანგარიშით, 2:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მატჩი 11 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

“სამტრედია” – “ჩიხურა”: პრევიუ

3 დეკემბერს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სამტრედიის “სამტრედია” საჩხერის “ჩხიურას” დაუპირისპირდება. ეს მატჩი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალური შეხვედრის ეგიდით შედგება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს.

იმერულმა კლუბებმა რეგულარული სეზონი საკმაოდ წარმატებულად ჩაატარეს. “სამტრედიამ” 14 ტურში (12 მატჩში) 27 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ ბათუმის “დინამოს” 7 ქულით გაასწრო. რაც შეეხება “ჩიხურას”, საჩხერლებმა 29 ქულა დააგროვეს. მათ ჯგუფში იყო, როგორც ქუთაისის “ტორპედო”, ასევე “თბილისის” დინამო. ამ ორ ტიტულოვან კლუბთან გამართული ოთხი შეხვედრიდან “ჩიხურამ” 3 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მან მეორეადგილოსან “დინამოს” 6 ქულით გაასწრო.

საგულისხმოა, რომ ეს ორი კლუბი მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ. დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალში “ივანწმინდა არენაზე” 120-მა წუთმა უგოლოდ ჩაიარა. პრენალტებში “ჩიხურამ”, ანგარიშით, 5-3 იმარჯვა.

სამტრედია – ჩიხურა

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”, 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. ხარიტონაშვილი, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი

“სამტრედია” უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის გამარჯვებულია!

დღეს უმაღლესი  ლიგის წითელი ჯგუფის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ჯგუფის პირველ- და მეორეადგილოსანი “სამტრედია” და “კოლხეთი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი “ჩელე არენაზე” ჩატარდა.

პირველივე წუთიდან “სამტრედია” დომინირებდა, თუმცა ფოთელებმაც შექმნეს რამდენიმე მომენტი. ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე იმერელთა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა. ზუსტად16 წუთში იმავე ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და “სამტრედიას” უპირატესობა ორამდე გაზარდა. “კოლხეთს” მეორე ჭრილობა ვერ მოეშუშებინა, როცა ზივზივაძის გოლიდან 2 წუთში რაჟამაშვილმა თებიძის კარის ბადე შეარხია და იმერულ კლუბს ძალიან დიდი უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ნახევარში “კოლხეთმა” ერთი გოლის გაქვითვა შეძლო – 53-ე წუთზე ლუკავამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა და მატჩიც, ანაგრიშით, 1-3 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით “სამტრედიამ” ფოთურ გუნდს 6 ქულით გაუსწრო და საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “ჩიხურა” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან.

“სამტრედიამ” “კოლხეთს” სძლია

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა მასპინძელთა მოთამაშემ, ბუდუ ზივზივაძემ 24-ე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარშიც ერთი გოლი გავიდა; “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეგრულ გუნდზე 2:0 იმარჯვეს.

ამ მოგებით იმერულმა კლუბმა 8 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება “კოლხეთს”, ფოთელები 9 ქულით მესამე ადგილზე არიან.

ბუდუ ზივზივაძე “გაბალაში” ითამაშებს

“სამტრედიას” თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე აზერბაიჯანულ “გაბალაში” ითამაშებს. ამ ინფორმაცია Azerifootball.com ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელმა, რომან გრიგორჩუკის ყურადღება ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სამტრედიასა” და “გაბალას” შორის გამართულ მატჩებში მიიპყრო. ზივზივაძემ 7 ივლისს აზერბაიჯანელთა კარის დალაშქვრაც მოახერხა.

ბუდუს, სხვადასხვა დროს, საქართველო 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. “სამტრედიაში” გამოჩენამდე, ის თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებასაც იცავდა.

შეგახსენებთ, რომ “გაბალაში”, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი – ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს.

“ჩიხურას” და “სამტრედიას” ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

ახლოვდება სეზონი და ქართული გუნდები მართავენ ამხანაგურ შეხვედრებს, რათა ახალ ოფიციალურ მატჩებს, რაც შეიძლება, კარგ ფორმაში შეხვდნენ.

გუშინ, თბილისში, ზესტაფონის საწრთვნელ ბაზაზე საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე საჩხერული გუნდის ფორვარდმა, დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. რაჟამაშვილმა 48-ე წუთზე გაათანაბრა. სულ რაღაც ოთხ წუთში კი ჯიქიას გოლით “სამტრედია” წინ გავიდა. საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე დეკანოიძემ დააფიქსირა – 2:2.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი 7 აგვისტოს აიღებს სტარტს.

გია ცეცაძე: “გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშით უკმაყოფილო ვარ”

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიასა” და “გაბალას” შორის უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა და ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შესახებ ისაუბრა “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

“პირველ რიგში, მეტოქეს მომტევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავ. დღევანდელი მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან. მე კი კმაყოფილი ვიქნებოდი 4:0 გამარჯვების შემთხვევაში.

მომდევნო ეტაპზე “გაბალა” გავიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია. მეტოქე გუნდს გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, ჩვენთან კი ახალგაზრდები და ნაკრების პოტენციური ფეხბურთელები თამაშობენ.

ბაქოში უხეში შეცდომების გამო დავმარცხდით, დღეს კი სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ. ჩვენი შეცდომები დავინახეთ, ეს გაკვეთილად გამოგვადგა”, – აღნიშნა ცეცაძემ.

“სამტრედიას” კაპიტანი:”რევანშის ასაღებად ვემზადებით!”

რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანში სამტრედიის “სამტრედიამ” “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დამარცხდა ადგილობრივ “გაბალასთან.” აღნიშნულ მატჩსა და განმეორებით გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა Fanebi.Com-თან.

კატასტროფული მარცხის მიზეზებზე: “ყველაფერი, ალბათ, სწრაფმა გაშვებულმა გოლმა გამოიწვია. ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდით. ამით კი ისარგებლა მეტოქემ და ორი გოლი კიდევ მოგვაყოლა. ამის მერე ურთულესი აღმოჩნდა თამაშში დაბრუნება. ვცდილობდით, გონზე მოსვლას და სხვაობის შემცირებას. ერთი გოლი გავიტანეთ კიდეც, მაგრამ დაბნეულობა მაინც ვერ დავძლიეთ. შესაბამისად, ისევ ამ დაბნეულობისა და მისგან გამოწვეული ჩვენი შეცდომების ხარჯზე კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქემ  კარის აღება.

გუნდში არსებულ განწყობასა და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედებზე: “შანსები, მართლაც, ძალიან მცირეა,მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს ერთი სული აქვს როდის  მოვა განმეორებითი შეხვედრა, რომ შევძლოთ რევანშის აღება და იმის დამტკიცება, რომ არ ვიყავით ესეთი მარცხის ღირსი. შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს! ჩვენ ამისთვის ძალას არ დავიშურებთ!”

მიმართვა გულშემატკივარს: “სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ! ვწუხვართ, რომ პირველ თამაშში იმედები გავუცრუვეთ, მაგრამ, იმედია, მათი გულის გახარებას მეორე მატჩში შევძლებთ!”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 ივლისს “დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე” გაიმართება. 

4 წითელი ბარათი და „დინამოს“ მარცხი „სამტრედიასთან“

„სამტრედიასა“ და „დინამოს“ შორის უმაღლესი ლიგის 32-ე ტურის მატჩში, რომელიც სამტრედიელებმა ანაგრიშით 2:1 მოიგეს, მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა ორივე გუნდს ჯამში 4 წითელი ბარათი უჩვენა.

79-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის პირდაპირი წითელი ბარათი „დინამოს“ თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა მიიღო. 88-ე წუთზე „დინამოელები“ მოედანზე 9 კაცით დარჩნენ, როდესაც ბექა მიქელთაძეს მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. კომპენსირებულ დროში ფეხბურთელებს შორის მომხდარი შელაპარაკების გამო კი პირდაპირ წითელი ბარათი „დინამოს“ მხრიდან კაკაბაძემ, ხოლო „სამტრედიას“ რიგებიდან ახალაძემ მიიღო.

მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე გივი იოსელიანმა გახსნა. 11 წუთში წონასწორობა ვახტანგ ჭანტურიშვილმა აღადგინა. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ, როდესაც „დინამოს“ კარი დავით ჯიქიამ დაამწუხრა.

უკვე გაჩემპიონებული „დინამოსთვის“ სატურნირო ცხრილში ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია. მეორე ადგილზე მყოფმა „სამტრედიამ“ კი ამ მოგებით 57 ქულა დააგროვა და მესამეზე მყოფ „დილას“ ამჟამად 4 ქულით უსწრებს, თუმცა გორელებს „ლოკომოტივთან“ 20:00 საათზე მატჩი ელით.

„სამტრედია“ – „დინამო“ 2:1
გოლები: იოსელიანი 18′, ჯიქია 56′ – ჭანტურიშვილი 29′
გაფრთხილება: მიქელთაძე 74′, 80′
გაძევება: ახალაძე 90+’ – გელაშვილი 79′, მიქელთაძე 88′, კაკაბაძ 90+’

სხვა მატჩების შედეგები:

„სიონი“ – „ცხინვალი“ 1:3
„გურია“ – „ჩიხურა“ 1:3
„მერანი“ – „კოლხეთი“ 1:1
„საპოვნელა“ – „დინამო ბთ.“ 2:1
„შუქურა“ – „ტორპედო“ 2:3
„ზუგდიდი“ – „საბურთალო“ 0:1