2014 წლის 30 მარტს ტელეარხ „ფოქსზე“ ნაჩვენები იქნა მულტსერიალ „სიმპსონების“ 546-ე სერია, რომელიც ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს მიეძღვნა. შემქმნელებმა აღნიშნული ეპიზოდი შემდეგნაირად დაასათაურეს: „მსაჯივით არ უნდა იცხოვრო“.
სერიაში ღიად არის ტურნირი გაკრიტიკებული. კერძოდ, ანიმატორები ფიფაში არსებულ კორუფციაზე, სამხრეთ ამერიკის მაფიოზურ დაჯგუფებებსა და ფეხბურთელთა მხრიდან სიმულაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მულტფილმის მთავარ გმირ ჰომერ სიმპსონს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსჯა მოუწევს. „მარაკანაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებები ხვდებიან. ჰომერს მატჩამდე ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ მან ბრაზილიის ნაკრებს გაამარჯვებინოს. სიმპსონების ოჯახის უფროსი შემოთავაზებას თანხმდება, თუმცა ოჯახის წევრებთან დიალოგის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და მატჩს სამართლანად სჯის. მულტსერიაში ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც აშკარად ნეიმარის პროტოტიპია, მეტოქის საჯარიმო მოედანზე განზრახ წაიქცევა, მთელი სტადიონი პენალტის დანიშვნას ითხოვს, თუმცა ჰომერი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავს. საბოლოოდ, გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 იმარჯვებს, ჰომერს კი მატჩის შემდეგ მოკვლით ემუქრებიან. საბოლოო ჯამში, მას მეუღლე გადაარჩენს, რომელიც ამასობაში პორტუგალიური ენის სწავლას ცდილობს.
„სიმპსონების“ შემქმნელების მიერ დასმული ეს ტენდენციები მაშინვე მოექცა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესის სფეროში და ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თუ ქართველი გულშემატკივარიც იხილავს ტელევიზიის ისტორიაში დღემდე ყველაზე ხანგრძლივი, წარმატებული და აქტუალური მულტსერიალის აღნიშნულ ეპიზოდს.
ამ სერიას აქვე გთავაზობთ.
ბექა დოგრაშვილი