იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი თავკცი იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

“ფენერი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კლუბია. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ფანები გამარჯვებებითა და ტიტულების მოგებით გავახაროთ.

ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ “ფენერბაჰჩეს” ოჯახში შემოსვლით. მადლობას ვიხდი ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. ბევრი რამ ვიცი ამ კლუბის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.

დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ “ფენერბაჰჩეს” ფანებისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც აქ მომიყვანა. წარმატების მისაღწევად ჩემს შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ”, – ციტირებს კოკოშკოვის სიტყვებს Eurohoops-ი.

იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო კარიერაში “ფენერბაჰჩე” პირველი ევროპული კლუბია.

შეგახსენებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2008-დან 2015 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2011, 2013 და 2015 წლებში ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ამის შემდეგ კოკოშკოვმა სლოვენიის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და 2017 წელს ევრობასკეტის გამარჯვებულიც გახდა.

სანიკიძე კოკოშკოვს ემშვიდობება: „მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის, ნაკრებისთვის და საქართველოსთვის გააკეთე“

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე გუნდიდან მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის წასვლას გამოეხმაურა. კალათბურთელმა ამ მოვლენას თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი მიუძღვნა.

„ძვირფასო იგორ, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის, ნაკრებისთვის და საქართველოსთვის გააკეთე… შენი სამუშაო საქართველოს კალათბურთისა და სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება! შენ დიდებული მწვრთნელი და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – დიდებული პიროვნება ხარ. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ხარ, რომელიც ოდესმე შემხვედრია“, – დაწერა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2008 წლის აპრილიდან თავკაცობდა.

კოკოშკოვის წერილს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა

ქართული საკალათბურთო საზოგადოებისადმი მოწერილი იგორ კოკოშკოვის ღია წერილის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – “ტოვებს თუ არა სერბი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?” ამ კითხვით ქართულმა მედიასაშუალებებმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მიხეილ გაბრიჩიძეს მიმართეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო იგორს, რომელმაც ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ნაკრები და მოახერხა მისი მაღალ დონემდე აყვანა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მინდა, გითხრათ, რომ იგორი არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი სპეციალისტი და რა თქმა უნდა, ფედერაცია მასთან კონტაქტებს არ დაკარგავს და ითანამშრომლებს. დიდი მადლობა მას ასეთი თბილი წერილისთვის. ჩემი აზრით, მას ამით სურდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ფედერაცია თავისუფალი ყოფილიყო მწვრთნელის არჩევაში – ეს იქნება იგორი თუ სხვა სპეციალისტი. არ გამოვრიცხავთ, რომ იგი კვლავ მოისაზრებოდეს კანდიდატად, ეს იგორთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ სხვა მწვრთნელებზე. იგორის გარდა არის კიდევ 3 კანდიდატი და მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელ მათგანთან გადავა მოლაპარაკება უფრო კონკრეტულ ფაზაში“.

gbf.ge

იგორ კოკოშკოვის სამადლობელი ღია წერილი ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას

საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.

“ჩემო მეგობრებო საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან,

მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცა. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს უთვალავი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის.

უზარმაზარი გამოცდილება იყო საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა, ბევრი კარგი მოსაგონარი დამიტოვა მეხსიერებაში, რაც სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებილ ადგილს ჩემს გულში.

უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა. მჯერა, რომ დღეს სწორედ საქართველოს ნაკრების წყალობით ყველა უკეთესები ვართ და კალათბურთიც გაცილებით ძლიერია.

გისურვებთ საუკეთესოს. საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება საუკეთესო მეგობარი და №1 გულშემატკივარი ჩემი სახით.

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

იგორ კოკოშკოვი”

gbf.ge

იგორ კოკოშკოვი: „საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა“

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით ჩვენი ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი გამოცხადდა.

ჯეიკობ პულენი:

– ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა.

იგორ კოკოშკოვი:

– გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას.

თამაშის მერე კომენტარები გააკეთეს ქართველმა კალათბურთელებმა:

თორნიკე შენგელია: „ძალიან მოტივირებულად დავიწყეთ და მართალია, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავიდა. მჯერა, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს“.

მანუჩარ მარკოიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მაკედონიასთან მატჩისას მიღებული დადებითი ემოციები დღესაც გადმოგვყვა და ნაკრებმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ამოსავალი წერტილი კვლავაც დაცვაში თამაში იყო. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდისგან, როგორც ხორვატიაა, მხოლოდ 58 ქულას იღებ, ნამდვილად შეგიძლია იამაყო. იმედია, ახლა, ჰოლანდია წააგებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.

დუდა სანაძე: “უაღრესად კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს, შედეგებზეც აისახა. ძალიან გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი საჩვენოდ დასრულდეს და მერვედფინალში გავიდეთ”.

ზაზა ფაჩულია: „დღეს მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები. მარცხიანი სტარტის შემდეგ, მაკედონიასთან მოგებამ დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგანაც გუნდში უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. დავამტკიცეთ, რომ როდესაც სწორად ვთამაშობთ, საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქეების დამარცხება ძალუძს. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი ასეთი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დარჩება“.

GBF.GE

საქართველო – იტალია: კოკოშკოვის მატჩისშემდგომი კომენტარი

იტალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშოვმა განვლილი შეხვედრა შეაფასა.

~პირველ რიგში, ჩამოსულ ნაკრებებს მადლობას ვუხდი. ასევე მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც ტურნირის ორგანიზებაზე იზრუნა.

კარგია, რომ სიცსი მიუხედავად, მატჩს ბევრი ახალგაზრდა დაესწრო.

პირველ ორ მეოთხედში კარგად ვითამაშეთ და 40 ქულა დავაგროვეთ. სამწუხაროდ, მეორეში მხოლოდ 27 მოვიპოვეთ. როგორც ჩანს, იტალიის დონის გუნდთან სათამაშოდ მხოლოდ შემართება არ კმარა.

წინ კიდევ ორი მოსამზადებელი ტურნირი გველის. მართალია, ეს ამხანაგური შეხვედრებია, თუმცა წინ რთული გამოცდა გველის. ევრობასკეტის დაწყებამდე ოპტიმალურ ფორმაში უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ~ჯვაროსანთა~ თავკაცმა.

იგორ კოკოშკოვი “ორლანდო მეჯიქში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა

იგორ კოკოშკოვი „ორლანდო მეჯიქში“ ასისტენტ მწვრთნელად დაინიშნა. ამის თაბაზე ინფორმაცია თავად ფლორიდულმა კლუბმა გაავრცელა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმს ბორეგოს ასისტენტი იქნება. თავად ბორეგო „ორლანდოს“ დროებით მთავარ მწვრთნელად 5 თებერვალს, გუნდიდან ჯაკ ვონის გაშვების შემდეგ დაინიშნა.

ჯეიმს ბორეგომ „ორლანდოს“ 4 მატჩში უთავკაცა და 2 მოგების წილ 2 მარცხი განიცადა. ფლორიდული კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა მისი მუშაობით და ჯეიმს ბორეგო გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დატოვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბორეგოს ასისტენტად იგორ კოკოშკოვი დაინიშნა.

კოკოშკოვს ნბა-ს კლუბებში ასისტენტ მწვრთნელად მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. 43 წლის სერბ სპეციალისტს ნბა-ს კლუბებში 14 სეზონი გაუტარებია. 2000 წელს, როცა კოკოშკოვი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ დაინიშნა, ის გახდა ნბა-ს ისტორიაში პირველი არაამერიკელი სრულუფლებიანი ასისტენტი მწვრთნელი.

2000-03 წლებში კოკოშკოვმა „კლიპერსში“ იმუშავა, რის შემდეგაც „დეტროიტ პისტონსში“ გადავიდა და მისი ტიტულებიც ამ კლუბს უკავშირდება. 2003-დან 2008 წლამდე სერბი სპეციალისტი ყოველ სეზონში გადიოდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ხოლო 2004-ში ლარი ბრაუნის ასისტენტად ყოფნისას „დეტროიტთან“ ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. 2008-13 წლებში კოკოშკოვი „ფინიქს სანსში“ მუშაობდა, ხოლო 20013-14 წლების წესონი „კლივლენდ კავალიერსში“ გაატარა.

კოკოშკოვს ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის არანაკლები გამოცდილება აქვს. ის სერბეთის ეროვნულ გუნდში ცნობილი ჟელკო ობრადოვიჩის თანაშემწე გახლდათ, ხოლო მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს ნაკრები ზედიზედ 3-ჯერ გაიყვან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2008 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა ჯერ „ბ“ დივიზიონიდან „ა“-ში აინაცვლა, შემდეგ კი, პირველად ისტორიაში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ლიტვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ტურნირზე მე-11 ადგილი დაიკავა.

კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ქართველებმა 2013 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპირველობაზეც იასპარეზეს და გასულ ზაფხულს ამ ტურნირის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისში მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა, სადაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ეროვნული გუნდის ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ გეგმაზე იმუშავა. კოკოშკოვი ასევე შეხვდა ნაკრების წევრებსა და კანდიდატებს.

იგორ კოკოშკოვის ხელმღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი მიმდინარე წლის 24 ივლისს, სლოვენიის კურორტ პოდჩეტრტეკში შეიკრიბება და ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. მანამდე კი იგორ კოკოშკოვი „ორლანდო მეჯიქში“, ჯეიმს ბორეგოს ასისტენტად იმუშავებს.

GBF.GE

იგორ კოკოშკოვი: “ნაკრების კარი ყველა მოთამაშისთვის ღიაა”

თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, პრესკონფერენცია გამართა და ეროვნული გუნდის გეგმების შესახებ ისაუბრა.

იგორ კოკოშკოვი: „მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი, აქ ჩემი მეორე სახლია. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. სასიამოვნოა, რომ სეზონის ამ ნაწილში მოვახერხე ჩამოსვლა და შეხვედრების გამართვა. ჩემი საქართველოში არყოფნა ხშირად ხდება კრიტიკის მიზეზი, მაგრამ მე ჩემს ასისტენტებს ვენდობი და ვფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. ფედერაციის წარმომადგენლებთან და მწვრთნელებთან მუდმივი კავშირი მაქვს.

5 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას დავესწარი, მათ შორის ოლ სტარის მატჩს, რაც კალათბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგი აქციაა. გუშინ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე ვიყავი და ვნახე ჩვენი მომოვალი თაობა. ვმართავ შეხვედრებს ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვგეგმავთ მოსამზადებელ ეტაპს. 

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს ლიგაში მოთამაშე კალათბურთელებთან. ბიჭებთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. საქართველოს ნაკრების ლეგიონერებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, ისინი გრძნობენ ჩვენს თანადგომას და ყურადღებას. მინდა მათ ჯანმრთელობა ვუსურვო. მთლიანოაში, ჩემი ვიზიტი საკმაოდ პროდუქტიულია.

ჩვენ არ ვართ ძალიან ძველი გუნდი, მაგრამ გვაქვს საკდმაოდ დიდი გამოცდილება. ვიცით რა გველის და როგორ უნდა მოვემზადოთ. ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპისგან საკმაოდ განსხვავებულია. გათამაშების ფორმატი ბევრ სირთულეს გვიქმნის. სხვა ასეთ დატვირთული ტურნირი უბრალოდ არ მახსენდება. მომზადებაში დიდ ცვილებებს არ შევიტანთ. გასულ წლებში მოსამზადებელ ეტაპს ყოველთვის ჰქონდა შედეგი.

გუნდში ახალ სახეებს უდნა ველოდოთ, მაგრამ  შემადგენლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ხუთი თვე  ძალიან დიდი დროა. რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავაკვირდებით ყველა მოთამაშეს და ვეცდებით, რომ ნაკრებში ახალგაზრდა ნიჭიერი კალათბურთელები დავაწინაუროთ. საქართველოს ეროვნული გუნდის კარი ყველასთვის ღიაა და ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული. 20-წლამდელებიდან გამოიკვეთა რამდენიმე მოთამშე, რომლებიც შეიძლება ეროვნულში მივიწვიოთ. გუნდის მომავალი ახალგაზრდების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი მიზნები ხომ მუდმივად იცვლება. არასდროს დამავიწყდება რა რთული იყო ბ-დივიზიონიდან ა-ში გადასვლა. თუმცა, პირველივე შეხვედრაში პოლონეთი დავამარცხეთ და მივხვდით, რომ თამაში შეგვიძლია. ამის შემდეგ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ახლა კი ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ბუნებრივ მოვლენად იქცა. ამიტომ, გასული ზაფხული ძალიან მნიშვენლოვანი იყო. არსებული პრობლემებით მაინც შევძლით და მოვახერხეთ იქ მოხვედრა, სადაც ჩვენი ადგილია. ამ ეტპაზე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი სასტარტო შეხვედრის მოგებაა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ხვდება, თუ რამდენად მნიშვენლოვანი და რთული მატჩი გველის ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ჯგუფში მინიმუმ ორი თამაშოს მოგება და შედმეგ ეტაპზე გასვლაა საჭირო. ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი მიზანი მოგებაა.  ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომელთა უმეტესობისთვისაც გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ზაგრებში თამაში ფაქტობრივად საკუთარ კელდებში თამაშს ნიშნავს .

გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დამოკიდებულია თითოეულ მოთამაშეზე. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში არცერთი გადაწყვეტილება არ იყო და არ იქნება მიღებული პირადი ურთიერთობის გამო. გამყრელიძე და ცქიტიშვილი კვლავ რჩებიან ნაკრების კანდიდატებად, თუმცა ძალიან მნიშნველოვანია, რომ თითოეულმა მოთამაშემ და გუნდის წევრმა ის დავალება შეასრულოს, რაც გუნდის წარმატებისთვის არის საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წინ კიდევ ხუთი თვეა და და ნაკრებში მოხვედრა ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია. ჩვენ ვეძებთ ნაწილებს, რომლებიც შეავსებენ გუნდს და მას ერთ ორგანიზმად ჩამოაყალიბებენ.”

იგორ კოკოშკოვის პრესკონფერენცია_9765 იგორ კოკოშკოვის პრესკონფერენცია_8767 იგორ კოკოშკოვის პრესკონფერენცია_060654 იგორ კოკოშკოვის პრესკონფერენცია_7896906

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

იგორ კოკოშკოვი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გადადის

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი  „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადადის. მართალია, ჯერ ეს ტრანსფერი ოფიციალურად არ განხორციელებულა, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სპორტულმა სააგენტო ESPN-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოკოშკოვი ბაირონ სკოტის სამწვრთნელო შტაბში ჩარიცხვასთან ახლოს არის.

იგორ კოკოშკოვმა გასული 2 სეზონი „კლივლენდ კავალიერსში“, მაიკ ბრაუნის სამწვრთნელო შტაბში გაატარა. ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და გასულ სეზონში კონტრაქტი ამოეწურა. საუბრები კოკოშკოვის ლეიკერსში გადასვლაზე გასულ ივლისშიც იყო, თუმცა დღეს ეს სკითხი თითქმის გადაწყვეტილია. სწორედ დღეს გაავრცელა ESPN-ის ბლოგერმა მარკ სტეინმა ინფორმაცია, რომ კოკოშკოვი „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადადის.

„ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტია, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი ჯერ არ დაუკომპლექტებია. სავარაუდოდ, კოკოშკოვი ჯონი დევისთან ერთად სკოტის ასისტენტი იქნება, ხოლო მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელები მარკ მედსენი და ლარი ლუისი იქნებიან.

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ამაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ხელს ვერ შეუშლის. კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და გუნდს მომავალ ევრობასკეტზეც უთავკაცებს. „ლოს ანჯელეს კლიპერსის“, „დეტროიტ პისტონსის“, „ფინიქს სანსის“ და „კლივლენდ კავალიერსის“ შემდეგ „ლეიკერსი“ ნბა-ს მე-5 გუნდი იქნება, რომელშიც სერბი მწვრთნელი იმუშავებს.

gbf.ge

იგორ კოკოშკოვი: “არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი”

ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა გააკეთა.

„ჩეხეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში რამდენჯერმე ვეთამაშეთ. 3 წლის წინ ჩეხებს შევხვდით ტალინში, ამხანაგურ მატჩში და დაძაბულ ბრზოლაში გავიმარჯვეთ. ბოლოს ჩეხეთს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით. ამ ნაკრებში კარგად არიან შერწყმულნი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეები. მიზანდასახულები არიან და იციან, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ როგორ ითამაშონ.  ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ემზადება ჩეხეთთან თამაშისთვის…

– სამწუხაროდ, ახლაც გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ჩვენი ნაკრები სულ ასეა, ხან ვინმეა დაშავებული, ოპტიმალური შემადგენლობა თითქმის არასდროს გვყოლი. ამიტომაც არიან გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც თანდათან მეტი და მეტი შანსი ეძლევათ. ამიტომ მინდა მასმედიამ უფრო მეტი ილაპარაკოს არა იმ კალათბურთელებზე, რომლებიც გვაკლია, არამედ მათზე, რომლებიც გუნდში არიან…

– არც ერთი მეტოქე არაა სუსტი და იოლად დასამარცხებელი. თუნდაც პორტუგალიასთან და უნგრეთთან ვერ მოიგებ, თუ მაქსიმუმი არ გაიღე. პორტუგალიელებმა უნგრეთის ძლევით დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, უნგრეთმაც თავის მხრივ რამდენიმე ძლიერ მეტოქეს მოუგო მოსამზადებელ მატჩში. ასე რომ არც ერთ მეტოქეს არ გამოვყოფდი ძლიერისა ან სუსტის ნიშნით“.

gbf.ge

იგორ კოკოშკოვი: საქართველომ უკრაინასთან გამოცდა წარმატებით ჩააბარა

საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში დღეს დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე უკრაინა დაამარცხა. მატჩის შედეგი ბევრისთვის, უპირველეს ყოვლისა კი ორგანიზატორებისთვის მოულოდნელი იყო. მატჩი როგაშკა სლატინაში გაიმართა, ქართველები კი ამ დაბიდან 30 წუთის სავალზე დაშორებულ პოდჩეტრტეკში, მშობლიურად ქცეულ კომპლექს „ტერმე ოლიმპიაში“ დაბრუნდნენ, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს კომენტარები ტელეფონით ჩამოვართვით…

 

თავდაპირველად მთავარ მწვრთნელ, იგორ კოკოშკოვს მოვუსმინოთ:

– საუნტერესო და სასიამოვნო მატჩი იყო. უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა. მართალია, ეს იყო სპარინგ მატჩი, რომელშიც გუნდები ოფიციალური შეხვედრებისთვის უნდა მოემზადნონ, თუმცა შედეგსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. უკვე შორს აღარაა ოფიციალური მატჩები და თუკი აამდე სხვა სათამაშო კომპონენტებს ვაქცევდით ყურადღებას, ახლა შედეგის მიღწევაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა სათამაშო კომპონენტის სრულყოფა. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოცდის ჩაბარება და რეიტინგში ჩვენზე გაცილებით მაღლა მდგომი უკრაინა დავამარცხეთ.

– რას იტყვით თამაშზე, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის წევრების გამოსვლით?

– პირველ ტაიმში მეტოქემ დაცვაშიც გვაჯობა და შეტევაშიც. საბოლოოდ უკრაინელებმა ჩვენზე მეტი ბურთი მოხსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ფარზე სიტუაცია დავაბალანსეთ და მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, ხოლო თორნიკე შენგელიამ სულაც 2-წლიანი შესვენების შემდეგ მოირგო ნაკრების მაისურა. ამას იმიტომ ვუსმევ ხაზს, რომ შეთამაშების მხრივ ჯერაც ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი და სასიხარულოა, რომ ასეთ პირობებში შევძელით ისეთი ძლიერი მეტოქის დამარცხება, როგორიც უკრაინაა.

 

კოტე ტუღუში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:

– უკრაინა სლოვენიაში გაფართოვებული შემადგენლობითაა ჩამოსული. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სერიოზული დანაკლისის გარეშე თამაშობდნენ. ჩვენს გამარჯჯვებას ბევრი არ ელოდა. მარტო ის რას ნიშნავს, რომ ბოლო ტუში აღიარებული ფავორიტის – სლოვენიისა და უკრაინის მატჩია დანიშნული, ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ გუნდების გამარვებას ელის. დღეს რომ უკრაინას მოვუგეთ, ორგანიზაორთა ეს პროგნოზი გავაქრწყლეთ. უკრაინა, ისევე როგორც სლოვენია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და გასაკვირიც არაა, რომ ისინი არიან ფავორიტებად მინეულნი.

– ხვალ სლოვენიას ხვდებით.მასპინძლებთან სათამაშოდ რამდენად ხართ მზად?

– სლოვენიაში საქართველოს კარგად იცნობენ და პატივს ცემენ. ვიცით, რომ სლოვენიელები მაქსიმალურად მობილიზებულნი ხვდებიან საქართველოსთან მატჩს. ჩვენი ნაკრები არაფრის დათმობას არ აპირებს და ვფიქრობ, მასპინძლებს მოგების მოპოვება სანატრელი გაუხდებათ. სლოვენიელებს სრულიად სხვა, გადახალისებული შემადგენლობა ჰყავთ. მართალია, გუნდში არიან ძმები დრაგიჩები – ზორანი და გორანი, თუმცა სხვა დანარჩენები თითქმის სრულიად ახალი მოთამაშეები არიან.

gbf.ge

იგორ კოკოშკოვი: „შევეცადე, ყველა მოთამაშისთვის სათამაშო დრო თანაბრად გამენაწილებინა“

საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული გუნდების მატჩის შემდეგ მაკედონიაში შევეხმიანეთ და კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იგორ კოკოშკოვს და მის ასისტენტ კოტე ტუღუშს…

იგორ კოკოშკოვი:
„პირველი მატჩის კვალობაზე ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ მთლიანობაში მაინც არ ვარ კმაყოფილი. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და კარგად დავინახეთ ის კომპონენტები, რაზეც გვმართებს მუშაობა. ეს იყო მოსამზადებელი მატჩი და შედეგზე არ ვიყავით ორიენტირებულნი. შევეცადე, ყველა მოთამაშისთვის სათამაშო დრო თანაბრად გამენაწილებინა, რათა მათი შესაძლებლობები დამენახა. ხვალ და ზეგ საკმაოდ სერიოზული მეტოქეებს ვხვდებით და იმ მატჩებში მეტად დავინახავ ჩვენს გუნდს რა სჭირდება“.

კოტე ტუღუში:
„რუმინეთის დამარცხებაზე მეტად ის უფრო მისასალმებელია, რომ ამ შეხვედრაში მთავარ მწვრთნელს მიეცა შესაძლებლობა, ნაკრების წევრები საქმეში გამოეცადა. დაცვაში გვაქვს პრობემები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 10 აგვისტოსთვის ყველა მინუსი გამოვასწოროთ, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ. ახლა მაკედონიისა და ავსტრიის მატჩს ვადევნებთ თვალს. ავსტრიამ რამდენიმე დღის წინ სპარინგ–მატჩში ევროშესარჩევზე ჩვენს მომავალ მეტოქე ჩეხეთს მოუგო. ამ წუთებში მეორე მეოთხედი მიმდინარეობს და მაკედონია ავსტრიას 8 ქულით უგებს. ასე რომ ხვალ კიდევ უფრო საინტერესო მატჩი გველის, რომელიც ჩვენი გუნდის უარყოფითი მხარეების გამოსავლენად საკმაოდ ნაყოფიერი იქნება“.

GBF.GE