ოფიციალურად: კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კაკა ექვსი თვის განმავლობაში იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს, 2015 წლის პირველ იანვარს კი „ორლანდოს“ შეუერთდება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. მომავალი წლის მარტიდან ამერიკული კლუბი MLS-ში იასპარეზებს.

სან პაულუში 2014 წლის მუნდიალის ბრაზილიაში გამართვა გააპროტესტეს

სან პაულუში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა.

„ფრანს პრესი“ იუწყება, რომ პოლიციის ცნობით, აქციაზე 600 კაცი შეიკრიბა, თუმცა მიტინგის ორგანიზატორთა თანახმად, 2014 წლის მუნდიალზე სახელმწიფოს მიერ დიდი ოდენობით თანხის გაღება ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ბოლო აქციაზე მომიტინგეთა და სამართალდამცავთა შორის შეტაკება არ მომხდარა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ თანხები განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოიყოს და არა – მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ბექა დოგრაშვილი