ლავესი, შესაძლოა, „ბარსელონას“ ნაცვლად „არსენალში“ გადავიდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი, შესაძლოა, ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ იტყობინება. წყაროს ინორმაციით, „მეთოფეები“, მზად არიან, არგენტინელისთვის ბრძოლაში სხვა კლუბებთან ერთად ჩაებან.

აქამდე თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი პარიზელთა შემადგენლობაში მისთვის ბოლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, სამხრეთ ამერიკელი „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა.

ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა.

წყაროს თანახმად, 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, ესეკიელ ლავესის პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

 

ლავესი: „წელს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა კიდევ უფრო გამიჭირდება“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ თავისი შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

„მართალია, მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა კიდევ უფრო გამიჭირდება, თუმცა ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. შევეცდები, ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო.

ამჟამად პარიზში ყველაფერი მაწყობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვას დაველოდები, აქ დარჩენა მსურს. ეს კლუბი მომწონს, თანაც აქ ჩემი მეგობარი ანხელ დი მარიაც გადაბარგდა“, – განაცხადა არგენტინელმა.

გამოცემა „Le Parisien“-ის ინფორმაციით, „ინტერმა“ არგენტინელს სამწლიანი კონტრაქტი და, ხელფასის სახით, წელიწადში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა.

ლავესი: “კარგი იქნებოდა “ნაპოლიში” დაბრუნება”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ მიანიშნა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ნაპოლიში” დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

“გონსალო იგუაინთან ერთად თამაშის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი. იტალია მენატრება. თუ სერია A-ში დაბრუნებას გადავწყვეტ, “ნაპოლი” ჩემთვის პრიორიტეტი იქნება. “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს, თუმცა სეზონის ბოლოს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”, – ციტირებს ლავესის სიტყვებს “სქაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ ესეკიელ ლავესი “ნაპოლის” ღირსებას 2007-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 173 მატჩი ჩაატარა.

 

“პარი სენ-ჟერმენი” ლავესის გაყიდვას არ აპირებს

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა ესეკიელ ლავესის მილანის “ინტერში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, არგენტინელ შემტევ ნახევარმცველს საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება, თუმცა როგორც ჩანს, ის პარიზში დარჩება.

“ლე პარიზიენის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ “ინტერს” აცნობა, რომ ლავესი არ იყიდება.

პარიზელებს კარგად ესმით, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ძალზედ რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ლავესის ჩანაცვლებას შეძლებს. აქედან გამომდინარე, ფრანგულმა კლუბმა 29 წლის არგენტინელი მოთამაშის გაშვებაზე უარი თქვა.

 

ესეკიელ ლავესი ეროტიკული შინაარსის ფოტოზე

ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულმა ესეკიელ ლავესის ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეროტიკული შინაარსის ფოტოზე არგენტინელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად არის აღბეჭდილი. სხვათა შორის, ლავესი ერთ-ერთი არგენტინული სამოდელო ინტერნეტმაღაზიის მოდელადაც მუშაობს.

ლავესი “ლივერპულში”?

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს.

The Independent-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან, არგენტინელ ფეხბურთელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

ლავესის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკოც” იჩენს.

გასულ სეზონში ესეკიელ ლავესიმ საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელმა თავდამსხმელმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

 

ლავესი: „იტალიური ფეხბურთი მომენატრა“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ესეკიელ ლავესიმ განაცხადა, რომ მას იტალიის სერია A მოენატრა.

„აქ ისეთ ფეხბურთს არ ვთამაშობთ, როგორსაც იტალიაში ვთამაშობდით. იტალიური კლუბები ტაქტიკას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. საფრანგეთში უფრო დიდ აქცენტს ფიზიკურ მხარეზე აკეთებენ. აქედან გამომდინარე, აქ გარემო პირობებთან ადაპტირება აუცილებელია.

მომენატრა იტალიური ფეხბურთი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ყველაფერი მაკმაყოფილებს“, – ციტირებს ლავესის სიტყვებს Football-italia.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში გადასვლამდე იტალიური „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

ბექა დოგრაშვილი