ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გადაჭრით ვერავინ იტყვის, თუ როგორ წარიმართება ფრანგი ფეხბურთელის კარიერა.
„ჩემი პრიორიტეტი უცვლელია, ფეხბურთელების ინტერესებს ბოლომდე ვიცავ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე პოგბას შესახებ არანაირ სიახლეს არ ელოდოთ. ყველაფერს, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ – კონტრაქტის გაგრძელება ან შესაძლო ტრანსფერი – ყურადღებით განვიხილავთ, მაგრამ მუნდიალის დასრულების შემდეგ.
პოგბა „იუვენტუსში“ ყველაფრით კმაყოფილია, კლუბიც კმაყოფილი უნდა იყოს მისი თამაშით. კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება, ასე რომ საჩქარო არაფერია. ჯერჯერობით ის არსად არ მიდის. ვიმეორებ „ჯერჯერობით“. თუ ერთ დღეს საოცარ შემოთავაზებას მივიღებთ, წინადადებას ერთად განვიხილავთ.
ახლა პოლი „იუვენტუსის“ რიგებში იტალიის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე წარმატებით თამაშზე არის კონცენტრირებული, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი ელის“, – მინო რაიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოგბას მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენენ.
ბექა დოგრაშვილი