ბირმინგემის “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი პოლ ლამბერტი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.
45 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი კლუბის მფლობელის, რენდი ლერნერის სრული ნდობით სარგებლობდა, თუმცა მის მიერ დამოძღვრილი “ასტონ ვილა” პროგრესს ვერ განიცდიდა და წლების განმავლობაში პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ლამბერტი ბირმინგემულ გუნდს 2012 წლიდან თავკაცობდა.
გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ათმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.
ინგლისის თასზე “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ კვირას გასამართი შეხვედრისთვის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე სკოტ მარშალი და მეკარეების მწვრთნელი ენდი მარშალი მოამზადებენ.