“რეიმსის” თავკაცი: “კანკავას არ გავუკვირვებივარ”

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსი” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენს” დაუხვდა და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც შეხვედრის მე-4 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. ჩვენებური ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა შორის, არაერთხელ ჩაშალა პარიზელთა შეტევა და ადგილობრივი პუბლიკისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ კანკავას თამაში “რეიმსის” თავკაცმა ოლივიე გუჟანმაც შეაფასა:

“კანკავას არ გავუკვირვებივარ. მან საერთაშორისო მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა. მისგან სწორედ ასეთ თამაშს მოველოდი”.

 

ჯაბა კანკავას ეფექტური თამაში “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში (ვიდეო)

19 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში ჯაბა კანკავას “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მე-4 წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. კანკავამ ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტურადაც ითამაშა, რამაც მაყურებლების მოწონება დაიმსახურა.

ჯაბა კანკავამ “პარი სენ-ჟერმენთან” სრულად ითამაშა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში “რეიმსმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის მე-4 წუთზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გაფრთხილება მე-3 ტურში “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაბა კანკავამ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა არაერთი შეტევა ჩაშალა, “რეიმსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ადგილობრივი ქომაგებისგან მაღალი შეფასებაც მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “პარი სენ-ჟერმენის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევებს მრავალფეროვნება აკლდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გახსნეს: პარიზელი მცველები კონტრშეტევას სათანადოდ ვერ დაუხვდნენ და მოედანზე ექვსი წუთის შესულმა ტეოსონ სიებატშეუმ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.

“პარი სენ-ჟერმენმა” საპასუხო იერიშშივე მოახერხა წონასწორობის აღდგენა: ხავიერ პასტორეს გენიალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება “რეიმსს”, გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.

საფრანგეთის ჩემპიონატი (VI ტური)
“რეიმსი” — “პარი სენ-ჟერმენი” 1:1 (0:0)

გოლები: სიებატშეუ 83′ — კავანი 84′.
გაფრთხილებები: კანკავა 4′, კიე 74′ — სტამბული 67′, მატუიდი 80′.

ჯაბა კანკავა “რეიმსში” გადავიდა (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროდან” საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე “რეიმსში” გადავიდა.

29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დღეს ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ოთხწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სატრანსფერო თანხამ კი 1,5 მილიონი ევრო შეადგინა.

კანკავა “რეიმსში” ოფიციალურად ხვალ უნდა წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხებოდა. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).

Kankava

“დნიპრო” და “რეიმსი” კანკავას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

უკრაინული ინტერნეტპორტალი Tribuna.com-ი იუწყება, რომ ფრანგულმა “რეიმსმა” ჯაბა კანკავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” 1,2 მილიონი დოლარი (1 მილიონი ევრო) უნდა მიეღო, თუმცა შემდეგ ტრანსფერი შეფერხდა. როგორც კანკავამ აღნიშნა, უკრაინულმა კლუბმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.

გუშინ “რეიმსი” და “დნიპრო” საბოლოოდ შეთანხმდნენ სატრანსფერო ღირებულებაზე. ფრანგები საქართველოს ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღეს 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშზე გუნდს დაემშვიდობა, უახლოეს პერიოდში კი საფრანგეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხება. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).

 

კანკავა თითქმის „რეიმსის“ ფეხბურთელია

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „L’Equipe“ იტყობინება, „ბორდოსთან“ ლიგა 1-ს პირველ ტურში ანგარიშით 1:2 მარცხის შემდეგ, „რეიმსის“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კლუბს საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას დამატებამდე ერთი ნაბიჯი უკლია.

წყაროს ცნობით, ამჟამად მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ. სავარაუდოდ, „დინამოსთან“ მატჩი კანკავასთვის „დნიპროს“ შემადგენლობაში ბოლო იყო.

ცნობისთვის, „დინამოსთან“ „დნიპრომ“ ანგარიშით 1:2 წააგო.

ჯაბა კანკავას “დნიპროს” დატოვება სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველ ჯაბა კანკავას უკრაინული კლუბის დატოვება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელით ფრანგული “რეიმსი” დაინტერესდა და ახლა კლუბებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“დნიპროს” არაოფიციალური ვებგვერდის FCDNIPRO.COM-ის ინფორმაციით, ჯაბა კანკავამ უკრაინული კლუბის დატოვება ისურვა. დნეპროპეტროვსკიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

ანდრე აიუმ “რეიმს” ეფექტური გოლი გაუტანა

საფრანგეთის ჩემპიონატში “რეიმსსა” და “მარსელს” შორის გამართულ მატჩში ანდრე აიუმ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

“პარი სენ-ჟერმენმა” სეზონი ყაიმით დაიწყო

საფრანგეთის პირველი ლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშება “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-7 წუთზე პარიზელებმა გახსნეს, თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა. მე-19 წუთზე შვედმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ანგარიში გათანაბრდა კიდეც. გოლი პრინს ონიანგემ გაიტანა. 34-ე წუთზე “რეიმსი” სულაც წინ გავიდა: ამჯერად გატანილი ბურთით თავი ანტუან დევომ გამოიჩინა, თუმცა პარიზელებმა მატჩის გადარჩენა შეძლეს: 63-ე წუთზე ზლატნმა დუბლი გაიფორმა.

“რეიმსი” — “პსჟ” 2:2 (2:1)
გოლები: ონიანგე 22′, დევო 63′ — იბრაჰიმოვიჩი 7′, 63′.