კვირის კარიკატურები — „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“

ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში ლისაბონის „ბენფიკამ“ ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში წააგო. კარიკატურისტმა ომარ მომანმა „ბენფიკას“ ყოფილი თავკაცის, ბელა გუტმანის სიტყვები გაიხსენა. 1962 წელს გუტმანმა პორტუგალიურ გუნდთან ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა უნგრელმა მწვრთნელმა დაკავებული პოსტი დატოვა და თან ასეთი რამ თქვა: „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ჩემს გარეშე ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“. მას შემდეგ ლისაბონური კლუბი ევროთასების ფინალში რვაჯერ გავიდა და რვაჯერვე დამარცხდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 23 წლამდე ექვსი ფეხბურთელია შეყვანილი: ლიუკ შოუ, რაჰიმ სტერლინგი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როს ბარკლი, ფილ ჯონსი და ჯეკ უილშირი. ასე რომ, უეინ რუნისა და დანარჩენ გამოცდილ მოთამაშეებს ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ თემას ეძღვნება მომანის შემდეგი კარიკატურა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ჟორჟე ჟეზუში: „საუკეთესო გუნდმა ევროპის ლიგის ფინალი ვერ მოიგო“

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ ვიხილეთ, საოცარი ფინალი გამოვიდა. გახსნილი თამაში მიმდინარეობდა. „სევილიამ“ უკეთ დაიწყო, მაგრამ ჩვენ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ და მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. ჩვენი სიძლიერე ვაჩვენეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩემს ფეხბურთელებს მაინც ვულოცავ, გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ. ტურინს აწეული თავით ვტოვებთ. კვირას კიდევ ერთი ფინალი გველის (პორტუგალიის თასის ფინალი).

საიდუმლო არაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ. სხვა შემთხვევაში, სულეიმანის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. ყველა ცვლილება იძულებითი ხასიათისა იყო, თუმცა მახარებს ის ფაქტი, როგორ რეგირებს ჩემი გუნდი სიძნელეებზე. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. სხვადასხვა ემოციები გამოვცადეთ, თუმცა ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ლისაბონში გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა „სევილიამ“ და მე მათ ვულოცავ“, – ჟეზუშის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჟორჟე ჟეზუში: „ფინალში ფავორიტი არ არსებობს“

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში თვლის, რომ ევროპის ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში „ბენფიკა“ ესპანურ „სევილიას“ დაუპირისპირდება.

„ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი არცერთი გუნდი არ იქნება. ორივე მხარეს წარმატების თანაბარი შანსი აქვს. ფინალში ძლიერი გუნდები გადიან. ამიტომ, „სევილიას“ დიდი პატივისცემით ვუდგებით“, – ჟეზუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ტურინში შედგება. მატჩს ფელიქს ბრიხის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.

„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

არტური: „პოზიციები გავიმყარეთ“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლისაბონის „ბენფიკასა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის გამართული პირველი შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ „ბენფიკას“ კიპერმა არტურმა განაცხადა, რომ განმეორებით შეხვედრამდე მისმა გუნდმა პოზიციები გაიმყარა.

„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო. გვესმის, რომ მეტოქედ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით არის დაკომპლექტებული. მათ შეუძლიათ, შეტევაში თავიანთი სიტყვა თქვან.

საბედნიეროდ, „ბენფიკა“ მთელი გუნდით უტევს და მთელი გუნდით იცავს თავს. მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და განმეორებითი შეხვედრამდე პოზიციები გავიმყარეთ“, – არტურის სიტყვებს Football italia ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსსა“ და „ბენფიკას“ შორის განმეორებითი მატჩი ტურინში, 1-ელ მაისს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ტევესი: „ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლისაბონის „ბენფიკასა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის გამართული პირველი შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა და ტურინელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მის გუნდს ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

„ჩემი გოლი იმაზე მეტყვებლებს, რომ ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ჩემი აზრით, ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. წყვილის გამარჯვებულის საკითხი ჯერ ღიად რჩება“, – ტევესის სიტყვებს Football italia ციტირებს.

„იუვენტუსსა“ და „ბენფიკას“ შორის განმეორებითი მატჩი ტურინში, 1-ელ მაისს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

„ბენფიკამ“ „პორტუს“ სამწლიანი ჰეგემონია დაამხო

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ბენფიკამ“ „ოლიანენსე“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. „ეშტადიუ და ლუჟზე“ გამართულ მატჩში ორივე გოლი ლისაბონელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა როდრიგო ლიმამ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „ბენფიკამ“ პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული გაინაღდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჟორჟე ჟეზუშის გუნდი მადევარ „სპორტინგს“ 7 ქულით უსწრებს და ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორული შანსიც აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სამი წელია, პორტუგალიის ჩემპიონი „პორტუ“ ხდებოდა, „ბენფიკა“ კი მეორე ადგილს იკავებდა.

„ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონი 33-ედ გახდა, რაც ამ ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. „პორტუს“ პორტუგალიის ჩემპიონატი 27-ჯერ აქვს მოგებული.

ბექა დოგრაშვილი