გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

გერმანიაში გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. გასულ სეზონში 28 წლის კიპერმა კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო, მიმდინარე ზაფხულს კი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ნოიერმა, რომელიც გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი 2011 წელსაც გახდა, ჟურნალ “კიკერის” მიერ მოწყობილ გამოკითხვაში გერმანელ ჟურნალისტთა 144 ხმა მიიღო.

მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისი გავიდა, მესამე პოზიცია კი “ბაიერნის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა დაიკავა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი დაასახელეს, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა “აუგსბურგის” და “ბაიერნის” დამრიგებლები მარკუს ვაინცირლი და ხოსეპ გვარდიოლა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს. ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა — „ოქროს ბურთი“.

„ვერცხლის ბურთი“ წილად ხვდა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ტომას მიულერს, ხოლო „ბრინჯაოს ბურთი“ ბრაზილიელთა ლიდერ ნეიმარს გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ გადაეცა.

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად კოლუმბიის ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ბუცს“ გადასცემენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.

 

ნოიერმა „ბაიერნთან“ გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნის“ კიპერმა მანუელ ნოიერმა კლუბთან კონტრაქტი სამი წლის ვადით გაახანგრძლივა. გერმანული კლუბის ოფიცალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 28 წლის მეკარემ „ბაიერნთან“ ხელშეკრულებას 2019 წლის 30 ივნისამდე მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ ნოიერი „ბაიერნის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მანამდე ის გელზენკირხენის „შალკეში“ გამოდიოდა.

ნოიერმა მიმდინარე სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა.

 

ნოიერი: „ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ბავარიული კლუბის მეკარე მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.

„ამ წყვილში ჯერ არაფერი არ გარკვეულა. განმეორებით მატჩში ჩვენგან ასეთივე თამაშს უნდა ელოდოთ. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და შანსები გამოვიყენოთ“, – ნოიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

განმეორებითი შეხვედრა „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს გაიმართება.