ბლანი: “პარი სენ-ჟერმენს” დი მარია სჭირდება”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი აცხადებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ანხელ დი მარია სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი სულ რამდენიმე დღის წინ პარიზელებს შეუერთდა.

“იღბლიანი მწვრთნელი ვარ, რადგან გუნდში არაერთი კარგი ფეხბურთელი მყავს და ახლა მათ რიგებს ანხელ დი მარიაც შეემატა. ანხელის შეძენა ძალიან გვინდოდა და მასაც სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენთან ეთამაშა. ჩვენ დი მარია გვჭირდება და ვფიქრობ, მისი დახმარებით ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო წარმატებულად ვიასპარეზებთ”, – უთხრა ბლანმა ჟურნალისტებს.

ბლანი: “დანი ალვესი “პსჟ”-ში არ გადმოვა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” მარჯვენაფლანგელი მცველი დანიელ ალვესი პარიზულ კლუბში გადავა.

“დანი ალვესი “პარი სენ-ჟერმენში” არ გადმოვა”, – ციტირებს ბლანის სიტყვებს beIN SPORTS-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებდა.

 

ბლანი: “ჩემი მომავალი? – გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება დამრჩა”

“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა შიდა ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მონპელიეს”(2:1) დამარცხების შემდეგ, პარიზელებმა ზედიზედ მესამედ მოპოვებული ჩემპიონობა იზეიმეს.

“არც ისე კარგი სეზონი გვქონდა, მაგრამ ძალიან გაგვახარა მოგებულმა ტიტულმა. ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა მაინც შევძელით პირველ ადგილზე გასვლა,”-განაცხადა ბლანმა.

“პირველი წრე ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე წრეში გამარჯვების სურვილი ვაჩვენეთ ყველას. ჩემი მომავალი? – გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება დამრჩა, დანარჩენზე შემდეგში ვისაუბროთ”.

ეზეკილ ლავესიმ ლორან ბლანს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

3 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ნანტმა” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს კადრი, სადაც ჩანს, რომ ლორან ბლანს ეზეკილ ლავესისათვის ხელის ჩამორთმევა სურდა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეს ვერ შეამჩნია.

ბლანი: „პსჟ-მ აჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული სერია წარსულშია“

„ლილთან“ ანგარიშით 6:1 მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მარცხი წარსულს ჩაბარდა.

„დღეს იმის ჩვენება, რომ ჩემპიონთა ლიგის შედეგი წარსულს ჩაბარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის გაკეთება მოვახერხეთ. ჩემპიონატის ბოლოს ნამდვილი ბრძოლა გველის, ამიტომაც რაც შეიძლება მეტი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. „ლილთან“ ძალიან ფრთხილად ვიყავით, თუმცა სწრაფმა ორმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. ჩემს ფეხბურთელებს ასეთ თამაშს ვულოცავ“, – განაცხადა ბლანმა.

“პსჟ”-ის პრეზიდენტი: “მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან დავმარცხდით”

ბლანი: „ბარსელონასთან“ კავანიმ ცუდად ითამაშა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის განვლილ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ედინსონ კავანის თამაში შეაფასა.

„კავანის, როგორც თავდამსხმელის შეფასება, პირდაპირ მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში ჩვენმა ფორვარდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

ედინსონს ცუდი მატჩი ჰქონდა. სხვა ბომბარდირების მსგავსად, ის ბრაზდება, როდესაც ვერ იტანს.

არის სიტუაციები, როდესაც მოთამაშეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ იტანენ, რისი ახსნაც რთულია. ამავდროულად, ვხედავ, რომ ის მომენტებს ქმნის, რაც კარგის ნიშანი უნდა იყოს“, – განაცხადა ბლანმა.

ბლანი: “მესი შეუჩერებელია”

“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კომენტარი გააკეთა.

“ხავიერ პასტორეს აქვს პოტენციალი, გუნდისთვის ორმაგად მნიშნელოვანი გახდეს. ვიდრე ახლაა. გასული ექვსი თვის განმავლობაში, მან დიდი პროგრესი განიცადა”.

“რაც შეეხება მესის, ის შეუჩერებელია. 40 გოლი სეზონში – ეს ცუდი შედეგია. მისი შეჩერება არა ერთმა ფეხბურთელმა, არამედ მისმა გუნდმა უნდა შეძლოს – ეს იდეალური ვარიანტია”.

“დაცვაში აგრესიულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არცისე შესამჩნევი იქნება. მოდუნების უფლება არ გვაქვს, ამით მეტოქე აუცილებლად ისარგებლებს,”-განაცხადა ლორან ბლანმა.

ბლანი: “ლიგის თასის მოგება დავიმსახურეთ”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, “ბასტიასთან” მოგებული საფრაგნეთის ლიგის თასის ფინალი შეაფასა. 

“შეხვედრა კარგად დავიწყეთ და ბურთის ფლობაც ჩვენს სასარგებლოდ იყო. მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ კი მიზანი გაგვიადვილა. უმცირესობაში დარჩენის შემდეგ “ბასტია” ბევრს ცდილობდა, თუმცა უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ. თასის მოგება დავიმსახურეთ” – განაცხადა ბლანმა.

ედინსონ კავანიმ თავისი გუნდის მწვრთნელთან იკამათა (ვიდეო)

5 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატში, მარსელის “ოლიმპიკსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, 59-ე წუთზე ლორან ბლანმა ედინსონ კავანი შეცვალა, რამაც ურუგვაელი ფეხბურთელი გააბრაზა.

ბლანი: “ბარსელონასთან” მოხვედრა არ მინდოდა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ პარიზელებს მეტოქედ “ბარსელონა” ერგოთ.

“როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გადიხარ, დიდი შანსია, რომ “ბარსელონას” შეხვდე. პირადად მე მინდოდა, რომ ამ მეტოქესთან არ მოვხვედრილიყავით. სხვა ვარიანტებიც იყო.

ამ დაპირისპირებისთვის კარგად მოვემზადებით. ვფიქრობ, არც ჩვენი მოწინააღმდეგეა გახარებული იმით, რომ ჩვენთან მოხვდა. “ბარსელონა” ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ლიონელ მესი კი საუკეთესო ფეხბურთელია”, – ბლანის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

წყვილის პირველი მატჩი პარიზში, 15 აპრილს გაიმართება.

 

ბლანი: „არ გვინდა, რომ მარკინიოსმა დაგვტოვოს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ბრაზილიელ მცველ მარკინიოსზე ისაუბრა. ბოლო დროს სამხრეთ ამერიკელის პარიზული კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ფრანგული პრესა ბევრს წერს.

„მარკინიოსი ჩვენი მომავალია. ჩვენ არ გვსურს, რომ იგი წავიდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის პსჟ-ში დარჩეს“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მარკინიოსი „პარი სენ-ჟერმენს“ 2013 წელს „რომადან“ შეუერთდა.

ბლანმა ბერბატოვი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დღეს შედგება: “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “მონაკოს” თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის შესახებ ისაუბრა და ბულგარელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

“ბერბატოვი “მონაკოსთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ტექნიკურია, შეუძლია პოზიციის შერჩევა და გუნდის შემოქმედებით თამაშში ჩართულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამშვიდებს. ბერბატოვი ბურთით გონივრულად თამაშობს და ძალზედ იშვიათად კარგავს მას. ის ისეთივე მნიშვნელოვანია “მონაკოსთვის”, როგორც იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის”, – ბლანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

მატჩი “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.