ევრა: “სუარესი მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს”

დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მცველ პატრის ევრას კიდევ ერთხელ მოუწევს ლუის სუარესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ფრანგმა მცველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ინციდენტი და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩამდე სუარესს ხელს ჩამოართმევს.

“მისი ბოდიში არ მჭირდება. ამას არც აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მატჩამდე ხელს ჩამოვართმევ, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში გავაკეთე.

Suarez - Evra

ის ვერასოდეს იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. წარსული წარსულს ჩაბარდა. ვამაყობ ჩემი ფერით.

მე ვთამაშობ “ბარსელონას” და არა ლუის სუარესის წინააღმდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს.

სასამართლო პროცესზე არ მითქვამს, რომ სუარესი რასისტია. მე ვთქვი, რომ მან რასისტული კომენტარები გააკეთა. სუარესს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მას რასისტობა დავაბრალო.

Suarez - Evra 2

იმ მომენტში საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. თითქოს რაღაც ხმა ჩამესმოდა: “სულელური არაფერი გააკეთო, ხელი არ კრა, ამ თამაშს უამრავი ადამიანი უყურებს”.

ბავშვებისთვის მაგალითი უნდა იყო. რაიმე ცუდი რომ ჩამედინა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ ვითამაშებდი. შესაძლოა, ჩემთვის სამწლიანი დისკვალიფიკაციაც კი მოეცათ.

იმ მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი და თანაგუნდელები გაოცებულები მიყურებდნენ. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვიყავი.

ის ჩემთვის მართლაც მძიმე დღე იყო, თუმცა ჩემი თავით ვამაყობ”, – უთხრა ევრამ ITV Sport-ს.

 

“იუვენტუსი”-“ბარსელონა”. წინასამატჩო კომენტარები

როგორც იცით, დღეს ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის.

გაიმართა წინასამატჩო პრეს-კონფერენცია. გუნდის მწვრთნელები, პრესის წინაშე კარლოს ტევესითა და ხერარდ პიკეთი წარსდგნენ.

მასიმილიანო ალეგრი, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“ჩვენ ვთამაშობთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ინდივიდუალურად და გუნდურად ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ როგორც ნებისმიერ კლუბს, ისე “ბარსელონასაც” აქვს სისუსტეები. მესი? იმედი მაქვს, ხვალ მას შევაჩერებთ”.

ლუის ენრიკე, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი:

“ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ეს ყველასგან განსხვავებული მატჩია. ამ დაპირისპირებას დიდი ზეწოლა მოჰყვება, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ. ჩვენ გვესმის, რომ “იუვენტუსი” ბურთის დაჭერას და ხისტ სტილს მიმართავს. გამარჯვებული იმაზეა დამოკიდებული, ვინც ფსიქოლიგურ დატვირთვებს უკეთესად გაართმევს თავს”.

ხერარდ პიკე, “ბარსელონას” ცენტრალური მცველი:

“ჩვენ გვყავს ლეო მესი, ნეიმარი, სუარესი და ანდრეს ინიესტა. ვართ დიდებული კლუბი. ერთ-ერთი საუკეთესოები ფეხბურთის ისტორიაში. ალბათ, სეზონის დასაწყისში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. გვაქვს შანსი, ხალხს ხვალ დავანახოთ, რამდენად კარგები ვართ”.

კარლოს ტევესი, “იუვენტუსის” თავდამსხმელი:

“ბარსელონა – საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. ხვალ დავუპირისპირდებით სამ გენიალურ თავდამსხმელს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც მწვრთნელი გვეტყვის და მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ”.

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე გახურებისას ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 7 მაისს, „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა მალევე მომჯობინდა და პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში სათამაშოდ ემზადებოდა. გახურებისას რონალდუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და მინდორი დატოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის ისკომ ჩაანაცვლა.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებით პორტუგალიელმა „ოქროს ბუცის“ ერთპიროვნულად დაუფლების შანსიც დაკარგა, ვინაიდან, მის მსგავსად, 31 გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს აქვს გატანილი. ახლა ეს საპატიო ჯილდო ამ ორ ფეხბურთელს შორის განაწილდება.

გარდა ამისა, რონალდუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, წესით და რიგით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მუნდიალამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.

ბექა დოგრაშვილი