საკალათბურთო სუპერლიგის 2013/2014 წლების სეზონის გამარჯვებული ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “დინამო” გახდა. თბილისური კლუბის დამრიგებელს სუპერთასის მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ და განვლილი სეზონის შეჯამებასთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ.
– გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. ჩემპიონატის მოგება შევძელით და გუნდში ჩემი და ახალი ხელძმღვანელობის მოსვლიდან მესამე სეზონზე ჩვენი მთავარი მიზანი შევასრულეთ. ამიტომ, სეზონს დადებითად შევაფასებდი.
– რამდენად განახორციელეთ ყველა ის იდეა, რაც სეზონის წინ გქონდათ დაგეგმილი?
– მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ეს სასიხარულოა. თუმცა, გუნდის თამაში ყველა შემთხვევაში უკეთესის სურვილს ტოვებს. მწვრთნელი, რომელიც საკუთარი შედეგებით და მუშაობით კმაყოფილია უბრალოდ ვერ განვითარდება.
– რა იყო მთავარ ფაქტორი, რამაც თქვენი ჩემპიონობა განაპირობა?
– ყველგან სადაც მიმუშავია და მომავალშიც ვიმუშავებ ჩემთვის მთავარი ყოველთვის დისციპლინა და სამართლიანობაა, რასაც შემდეგ ტაქტიკური მონახაზი და დანარჩენი მნიშნველოვანი ფაქტორები ემატება. მაგრამ, თუ გუნდში არ არის დისციპლინა და სამართლიანობა შედეგი არ იქნება.
ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ჩემთვის არ არსებოს პრივილეგირებული კალათბურთელი. რა თქმა უდნა, გუნდში არიან ლიდერები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ მოთამაშეს გარკვეული პრივილეგიები ინიჭება.
ვფიქრობ, ამის განხორციელება “დინამოში” მოვახერხეთ და ამისთვის ჩემს მოთამაშეებს დიდ მადლობას ვეუბნები.
– რომელი იყო ყველაზე რთული მეტოქე წლევანდელ გათამაშებაში?
– ყველაზე რთული მეტოქე “ქუთაისი” იყო. მათ თავიანთი სათამაშო სქემა და სტილი აქვთ. წელს სამი მატჩი მოგვიგეს, მაგრამ იმ მატჩებში, სატურნირო მდგომარეობის გამო, ჩვენ მოტივაციის ნაკლებობას განვიცდიდით. თუმცა, მათ წარმატებას ამით არ ვაკნინებ. “ქუთაისი” ძალიან ძლიერი და მებრძოლი გუნდია.
– სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედ სტევან მილოშევიჩი დასახელდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
– პირადად მეც სტევანს მივეცი ხმა და ასევე ლაშა გამყრელიძეც შევიყვანე ჩემს სამეულში. მილოშევიჩი ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო გასულ სეზონში. ის ჩემს მითითებებს ზედმიწევნით სწორად ასრულებდა როგორც თამაშებზე, ასევე ვარჯიშებზეც.
– “დინამოს” წარმატებაში ქართველ მოთამაშეებთან ერთად დიდი როლი ლეგიონერებმაც ითამაშეს. როგორ შეაფასებდით მათ ასპარეზობას განვლილ სეზონში?
– ლეგიონერება მართლაც კარგი სეზონი ჩაატარეს, თუმცა რაც მთავარია, ჩვენ მივაღწიეთ მთავარს და არ დავიყავით ჯგუფებად, შევინარჩუნეთ გუნდურობა. ამისთვის პირველ რიგში მადლობა ჩვენს ქართველ მოთამაშეებს. ლეგიონერებთან ერთად ქართველებმაც დიდი როლი ითამაშეს. გვქონდა მცირე ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში მოხერხდა ის, რომ ყველანი საერთო წარმატებაზე და გუნდზე ვფიქრობდით, რამაც შედეგი მოგვიტანა.
– მიმდინარე სეზონში “დინამო” აქტიური გულშემატკივრებითაც გამოირჩეოდა. რამნდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?
– გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. “გლადიატორების” და “ფრონტის” მხარდაჭერა ბიჭებისთვის ძალიან მნიშვენლოვანია. ისინი გასვლით მატჩებზეც დაგვყვებიან და ეს ძალიან გვეხმარება. მათ უყვართ “დინამო” და ამისთვის მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.
– სეზონი დასრულდა და საინტერესო თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში…
– “დინამოსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მქონდა. ვნახოთ, როგორ შეაფასებს ჩემს მუშაობას გუნდის ხელმძღვანელობა და სამომავლო გეგმებიც ამის შემდეგ გაირკვევა.
თუ გვინდა, რომ კლუბი განვითარეს აუცილებელია ევროპულ ასპარეზზე გასვლა. თუმცა, აქ უძლური ვარ და ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. პირადად მე ამისთვის მზად ვარ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები