ქეცბაია უეფას სუპერთასის მატჩის შესახებ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გამართულ უეფას სუპერთასის შეხვედრას (5:4) დაესწრო. მოგვიანებით ქართველმა სპეციალისტმა მატჩი ბერძენ ჟურნალისტებთან შეაფასა.

“წარმოუდგენელი სანახაობა ვიხილეთ და ვამაყობ, რომ ეს ჩემს ქვეყანაში მოხდა. ის ფაქტი, რომ სტადიონზე 52 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, ყველაფერზე მეტყველებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს იყო სუპერთასის საუკეთესო მატჩი, რაც ოდესმე უნახავს”, – ქეცბაიას კომენტარი gazzetta.gr-ზე გამოქვეყნდა.

 

თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების წინააღმდეგი არ არის

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ მოიაზრება თემურ ქეცბაიას კანდიდატურა.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას სერხიო მარკარიანმა გუნდის თავკაცის პოსტი წარუმატებელი შედეგების გამო დატოვა. ურუგვაელი სპეციალისტის თავკაცობით ბერძნებმა სტუმრად უნგრელებთან უგოლოდ ითამაშეს, ფარერის ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ახლა გუნდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში 2 ქულით უკანასკნელი ადგილი უკავია.

მას შემდეგ, რაც მარკარიანმა პოსტი დატოვა, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას შესაძლო დანიშვნის შესახებ.

ბერძნულ ინტერნეტპორტალ Gazzetta.gr-ის რეპორტიორთან საუბრისას ქეცბაიამ განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს, თუმცა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

“ჩემს კანდიდატურას მანამდეც ასახელებდნენ, სანამ გუნდს მარკარიანს ჩააბარებდნენ და ახლაც ასახელებენ, თუმცა ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, არა ის, ვის კანდიდატურას ასახელებენ, არამედ – საბოლოოდ ვინ გახდება ნაკრების თავკაცი.

როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, ყველაფერი უნდა გააკეთო საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად. გუნდში არიან უცხოეთში და საბერძნეთში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. საბერძნეთის ნაკრებს პერსპექტივა აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ ტურნირებზე გასასვლელად უნდა იბრძოდეს.

კარგი ფეხბურთი მაღაზიაში არ იყიდება. მთავარია გუნდური ორგანიზება, დისციპლინა და ბევრი მოთმინება.

ჯგუფიდან გასვლა რთულია, მაგრამ მე მჯეროდა. ახლა მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, თუმცა გუნდი არ უნდა გაჩერდეს. დარჩენილია მატჩები, რომლებიც რეიტინგის გასაუმჯობესებლად ნაკრებმა უნდა მოიგოს.

გამოცდილებისა და სწორი რეჟიმის წყალობით შეიძლება წარსულში მიღწეული წარმატებების გამეორება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Gazzetta.gr

 

კამბიასო “ოლიმპიაკოსში” ითამაშებს

არგენტინელი ნახევარმცველი ესტებან კამბიასო კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა.

ბერძნული მედიის ცნობით, კამბიასომ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო მანამდე ინგლისურ “ლესტერ სიტიში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამის მიუხედავად, არგენტინელმა ნახევარმცველმა “ლესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასო 2004-დან 2014 წლამდე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 315 მატჩში 41 გოლი გაიტანა. იგი მანამდე მადრიდის “რეალში”, “რივერ პლეიტსა” და “ინდეპენდიენტეში” თამაშობდა.

 

“ატრომიტოსი” — აიკ-ის მატჩი ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეწყდა (ფოტო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ “ატრომიტოსსა” და შვედურ აიკ-ს შორის მიმდინარე მატჩის 53-ე წუთზე სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა. ამ დროს ანგარიში ნულოვანი გახლდათ. ელექტროენერგიის ჩართვის შემდეგ მასპინძელთა ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა მარსელინიომ “ატრომიტოსი” დააწინაურა და გუნდს საბოლოო გამარჯვება მოუპოვა — 1:0.

ამრიგად, “ატრომიტოსმა” ორი მატჩის ჯამში აიკ-ი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ბერძნული გუნდი მეტოქის ვინაობას დღეს, ნიონში გასამართ წილისყრაზე გაიგებს.

light out

 

საბერძნეთის მეორე დივიზიონის სტარტი გაურკვეველი ვადით გადაიდო

საბერძნეთის მეორე დივიზიონის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ლიგის ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური და ინსტიტუციონალური მიზეზების გამო იქნა მიღებული.

საბერძნეთის მეორე დივიზიონის პირველი ტური 27 და 28 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინათ ეკონომიკური კრიზისის გამო საბერძნეთში მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც სპორტული ფედერაციების დამოუკიდებლობა შეიზღუდა.

 

გიორგი ლორია საბერძნეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი კრეტის ოფი-ის ღირსებას დაიცავს. აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან იტალიელი ჯენარო გატუზო მუშაობს. ლორიამ ოფი-ში გადასვლა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“დღეიდან ოფიციალურად ოფი-ის ფეხბურთელი ვარ. ძალიან გამიხარდა, რომ ოფი-ში ჩავირიცხე. შევხვდი მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, ვესაუბრე, ძალიან უნდა ჩემი აქ ყოფნა. ოფი ამბიციური გუნდია, მიზნები გააჩნია და იმედია, მეც ყველანაირად დავეხმარები ოფი-ს წარმატების მიღწევაში. შანსი არის, დავამტკიცო, რომ ევროპაში თამაშის ღირსი ვარ და ეს ჩემი მომავლისთვისაც კარგია”, – აღნიშნა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია აქამდე “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ოფი-ს, გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

 

საბერძნეთის ნაკრები კლაუდიო რანიერის ჩააბარეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

62 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ფერნანდუ სანტუში შეცვალა, რომელმაც „ელინების“ თავკაცის თანამდებობა ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რანიერის ხელფასის სახით წელიწადში 800 ათასი ევრო ექნება.