ევროპის ოლიმპიური თამაშები დასრულდა — ქართველთა შედეგები

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპის პირველი ოლიმპიური თამაშები დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა სულ 16 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს მედალია, რომლებიც ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (100+) მოიგეს. გარდა ამისა, ქართველთა აქტივში 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალია.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველი სპორტსმენები ყველაზე წარმატებულად სწორედ ძიუდოში გამოვიდნენ: ძიუდოისტებმა 2 ოქროს (ავთანდილ ჭრიკიშვილი, ადამ ოქრუაშვილი), 3 ვერცხლის (ნუგზარ ტატალაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, გუნდური) და 1 ბრინჯაოს მედალი (ამირან პაპინაშვილი) მოიპოვეს.

ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის (ბექა ლომთაძე, ელიზბარ ოდიკაძე) და 3 ბრინჯაოს მედალი (ჯუმბერ ყველაშვილი, სანდრო ამინაშვილი, გენო პეტრიაშვილი) მოიპოვეს.

მშვილდოსნობაში ვერცხლის მედალი (ხათუნა ნარიმანიძისა და ლაშა ფხაკაძის წყვილი) გვერგო.

ქართველმა სამბოისტებმა 3 ბრინჯაოს მედალი (ვახტანგ ჩიდრაშვილი, კახა მამულაშვილი, დავით კარბელაშვილი) მოიპოვეს.

ტანვარჯიშში ერთი ბრინჯაოს მედალი (სალომე ფაჟავა) მოვიპოვეთ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 21-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირველ ათეულს, ის ასე გამოიყურება:

Medals

“ქართველი სპორტსმენების ქურდობა ბაქოს აეროპორტში” – ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტ-სივრცეში ტელეკომპანია TVS-ის მიერ გავრცელდა ვიდეო, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: “ქართველი სპორტსმენების ქურდობა ბაქოს აეროპორტში”.

ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ ვიდეოს აღწერაში ასეთი რამ უწერია: “საჩხერის ჩიხურას მოთამაშე ბაქოს აეროპორტში სუნამოს იპარავს”.

“ნეფთჩის” პრეზიდენტი: “არ მითქვამს, რომ “ჩიხურა” გუნდი არ არის”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ აზერბაიჯანულმა სპორტულმა სააგენტო azerisport-მა ბაქოს კლუბის პრეზიდენტის, სადიხ სადიხოვის კომენტარი გამოაქვეყნა. აღნიშნული წყაროს ცნობით, სადიხოვმა თქვა, რომ “ჩიხურა” გუნდი არ არის, თუმცა დღეს “ნეფთჩის” პრეზიდენტმა ეს სიტყვები უარყო.

“არა, მე ასე არ მითქვამს. “ჩიხურა” მთლიანად ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ჩვენ კი დაახლოებით 11 ლეგიონერი გვყავს, “ნეფთჩის” გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს. სწორედ ამ არგუმენტების გამო, ვთქვი, რომ “ნეფთჩიმ” “ჩიხურას” ბარიერი უნდა დაძლიოს. ჩემი სიტყვები არასწორად თარგმნეს. მე “ჩიხურას” პრეზიდენტსაც დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი.
“ჩიხურა” ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი თურქული გუნდი გამოთიშა გათამაშებას. საშინაო მატჩში გამარჯვებას ვაპირებდით, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ხვალაც რთული შეხვედრა გველის. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა”, – განაცხადა სადიხოვმა ტელეკომპანია TVS-ის ეთერში.

შეხვედრა “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 4 ლარად შეგიძლიათ.

 

ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.

 

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს

ხვალ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

წყვილის განმეორებითი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 7 აგვისტოს შედგება და 21:00 საათზე დაიწყება.