გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” პრობლემებზე ისაუბრა.

“უკანასკნელ ათწლეულში “მანჩესტერ იუნაუტედის” ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ კლუბი მწვრთნელებს ტრანსფერებზე კონტროლის უფლებას აძლევს. ეს სერიოზული პრობლემაა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო ათი წლის განმავლობაში 1,2 მილიარდი ფუნტი დახარჯა და ტრანსფერების 75 პროცენტმა არ გაამართლა.

ამის მიუხედავად, კლუბი ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერში ფეხბურთელებს ადანაშაულებს. ჩემი ჩათვლით არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ტრანსფერი მოეწონათ, მათ შორის – შარშან განხორციელებული: ვარანი, სანჩო და რონალდუ. მანამდე იყო დი მარია.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა. მოთამაშეები ახლა ფიქრობენ, რამდენად ღირს ამ გუნდში გადასვლა. ბოლო წლებია კლუბის აკადემიაც არაეფექტიანად მუშაობს”, – ციტირებს გარი ნევილის სიტყვებს “მირორი”.

გარი ნევილი: “1966 წლის შემდეგ საუკეთესო ნაკრები გვყავს”

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ “სამ ლომს” 1966 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი ჰყავს.

“1966 წლის შემდეგ ეს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ვერსიაა. დღევანდელმა გუნდმა გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე ინგლისის ნაკრების წინა შემადგენლობებმა. საუკეთესო ფეხბურთელთა კრებულია, რომელსაც თანმიმდევრულად კარგად შეუძლია ტურნირებზე გამოსვლა. მათ კარგი სათამაშო დონე აქვთ, ჯერ კიდევ იზრდებიან და უკეთესები ხდებიან, გუნდს ტექნიკურად დიდებული მოთამაშეები დაემატა. მწვრთნელიც ფანტასტიკური გვყავს. მაინტერესებდა, რამდენად შეეძლო ამ გუნდს ინგლისის ნაკრების მწერვალზე დაბრუნება და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეს თითქმის მოახერხა.

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი ზედგამოჭრილი ტურნირია ინგლისის ნაკრებისთვის. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ყოველთვის ამბობდნენ, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ყატარში ნოემბერ-დეკემბერში ვითამაშებთ და ეს შესანიშნავი პერიოდია. ამ დროისთვის ინგლისელი ფეხბურთელები გაცილებით კარგ კონდიციებში უნდა იყვნენ. თუ გუნდი ზრდას გააგრძელებს, წარმატების იმედი უნდა გვქონდეს”, – თქვა გარი ნევილმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ირანი, აშშ და ევროპის პლეიოფში გამარჯვებული იქნებიან.

გარი ნევილი: “ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი “არსენალში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიჰყიდა კლუბმა დანი უელბეკი ლონდონის “არსენალს”. ნევილისთვის ამ ტრანსფერის ღირებულებაც გასაკვირია.

“ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი. ამ ზაფხულს მომხდარი ტრანსფერების ღირებულებების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ იყიდა “არსენალმა” ეს ფეხბურთელი მხოლოდ 16 მილიონ ფუნტ სტერლინგად. კლუბები მარცხენა და მარჯვენაფლანგელ მცველებს 15 მილიონად ყიდულობენ და “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი მხოლოდ 16 მილიონად დათმო. უცნაურია. გუნდი დატოვა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელიც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” უშუალო კონკურენტს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ვხედავ”, – ციტირებს ნევილის სიტყვებს “თოქსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ დანი უელბეკი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “არსენალში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადავიდა.

 

საინტერესო დიალოგი გარი ნევილსა და კარაგერს შორის

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი ტელეკომპანია „სქაი სპორტსის“ საფეხბურთო ექსპერტები არიან და ხშირად სტუდიაში ერთადაც სხედან. მათ შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა ხანდახან ერთმანეთს კბილსაც გაჰკრავენ ხოლმე. ორიოდე დღის წინათ პირდაპირ ეთერში მათ შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

გარი ნევილი: „ჩემთვის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ბრენდან როჯერსია“.

ჯეიმი კარაგერი: „გარი, მომისმინე. შენ რაც არ უნდა თქვა, „ლივერპულის“ ქომაგები მაინც არასდროს შეგიყვარებენ, ამიტომ ნუ ეცდები“.

გარი ნევილი: „სამაგიეროდ, შენ „ევერტონის“ ფანი ხარ“.

ცნობილი ფაქტია, რომ კარაგერი ბავშვობაში სწორედ „ევერტონს“ ქომაგობდა.

ბექა დოგრაშვილი