რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მატერაცი: „ზიდანისკენ ვარ“

„ინტერის“ ექს-მცველის მარკო მატერაცის თქმით, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ჩემპიონთ ალიგის დღევანდელ ფინალურ მატჩში ის ზინედინ ზიდანის გუნდს უგულშემატკივრებს.

„მხარს ზიდანს დავუჭერ. მათკენ ვარ, ვისაც ჩემთვის არაფერი წაურთმევია, სიმეონემ კი „ლაციოში“ სკუდეტო დამართვა.

ბენიტესი? ჰკითხრეთ „რეალის“ მოთამაშეებს, რაღაცით კარგი ის იყო თუ არა. ფინალში გასასვლელად „რეალს“ საუკეთესო მოტივატორი სჭირდება. მოვიდა ზიდანი და მადრიდელებიც გამოჩნდნენ“, – ციტირებს მატერაცის „Football Espana“.

მატერაცი ზიდანის „რეალის“ თავკაცად დანიშვნას გამოეხმაურა

იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნა შეაფასა.

„ბენიტესის გადადგომას ვწინასწარმეტყველებდი, მხოლოდ რამდენიმე დღით შევცდი. შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყოთ, მაგრამ ფეხბურთელებთან ურთიერთკავშირის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. ვერაფერი გამოგივათ, თუ თქვენზე ძლიერ ადამიანებთან საერთო ენას ვერ იპოვით. „რეალი“ მძიმე კლუბია, აქ მხოლოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა არ კმარა. ბენიტესი არ იცვლება, მას ერთ და იგივე პრობლემები აქვს. იმის ნაცვლად, რომ რონალდუსთან კონტაქტი დაემყარებინა, ის ბეილს დაუახლოვდა.

მსგავს სიტუაციაში ბენიტესი „ინტერშიც“ იყო. პირველივე დღეს ის ძანეტის, კორდობასა და კამბიასოს ელაპარაკობა, თუმცა კრისტიან კივუს ყურადღებას არ აქცევდა.

„რეალს“ მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა – ანჩელოტი ან ზიდანი. ზინედინი ძლიერი პიროვნებაა, მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ადვილი გასეირნება მას არ ელის. 2-3 ტურის შემდეგ ასეთი დიდი ფეხბურთელის შეფასებასაც კი დაიწყებენ. რაც არ უნდა იყოს, მას ყველაფერ საუეკთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მატერაციმ.

მატერაცი: “ინტერს” ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

მილანის “ინტერის” ყოფილი მცველი მარკო მატერაცი თვლის, რომ გუნდს ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ “ნერიაძური” სასტარტო ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს.

“მანჩინი “ინტერისთვის” შესაფერისი მწვრთნელია. მას შეუძლია, გუნდს ჩემპიონობა დაუბრუნოს. “ინტერმა” პირველი ან მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს, რათა შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, რაც გადამწყვეტი რამ გახლავთ. მატჩიდან მატჩამდე დაინახავთ, რაოდენ შორს წასვლა შეუძლია ამ გუნდს. როდესაც “ინტერს” წარმოადგენ, მიზნად ყოველთვის სკუდეტო უნდა დაისახო”, – განაცხადა მატერაციმ Radio 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მატერაცი: „ინტერს“ სერია ა-ს მოგებაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეუძლია“

„ინერის“ ექს-მცველმა მარკო მატერაციმ მიმდიანრე სეზონში „ნერაძურის“ პერპექტივები შეაფასა.

„სკუდეტო კვლავ მხოლოდ ოცნებაა, თუმცა ახლა „ინტერი“ სი გუნდია, რომელსაც სერია ა-ს საუკეთესო კლუბებს შორის სეზონის დასრულება ნამდვილად შეუძლია.

რა თქმა უნდა, მოსამატებელი კიდევ ბევრ კომპონენტშია, მაგრამ კარგი შედეგები ფეხბურთელებს უკეთესად მუშაობაში ხელს შეუწყობენ. არ არის ეჭვი, რომ აქ ძლიერი და მაღალი დონის ფეხბურთელები ამოდიან“, – განაცხადა მატერაციმ.

მარკო მატერაცი მოედნიდან ისევ გააძევეს (ვიდეო)

16 დეკემბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “ჩენაინსა” და “კერალა ბლასტერსს” შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა მოედნიდან “ჩენაინის” ვეტერანი ფეხბურთელი მარკო მატერაცი გააძევა.

მატერაცის ინდოეთში უხმობენ

მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ინდოეთიდან შემოთავაზება მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელმა ფეხბურთელმა 2011 წელს ბუცები ლურსმანზე დაკიდა, თუმცა ინდოელები მას კარიერის განახლებას სთავაზობენ.

Times of India-ს თანახმად, “ჩენაი ტაიტენსი” 41 წლის მატერაცის მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას სთავაზობს. მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ინდოეთის სუპერლიგაში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან დავიდ ტრეზეგე, რობერ პირესი და ალესანდრო დელ პიერო.

 

მარკო მატერაციმ ზიდანი გამოიწვია

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა მარკო მატერაციმ Ice Bucket Challenge-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ზინედინ ზიდანი გამოიწვია.