თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერი კოსტა ილიევი იმყოფება.
დღეს ილიევი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტ ლევან ყიფიანს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანური „კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენედელური დირექტორი ხესუს ვასკესიც დაესწრო.
ლევან ყიფიანი: „პირველ რიგში, შეხვედრა კალათბურთის განვითარების პროგრამას ეხება. მიხარია, რომ აქ ბატონი კოსტა ილიევი იმყოფება, რომელიც ფიბა-ს სპორტის განვითარების მენეჯერი და ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი გახლავთ. ასევე თბილისში იმყოფება ბატონი ხესუს ვასკესი, რომელიც კლუბ „კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენერალური დირექტორია. ეს კლუბი კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მობრძანებისთვის. კალათბურთის ფედერაციამ ბევრი საინტერესო იდეა წარადგინა. ჩვენ ერთობლივად საფუძველს ვუყრით ბევრ საინტერესო საკითხს და არსებული პრობლემები უახლოეს ხანში უნდა მოვაგვაროთ. ეს ეხება ნაკრებებს, კლუბებსა და ქვეყანაში კალათბურთის ზოგად განვითარებას. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი კალათბურთის შესახებ დადებითი გამოხმაურებაა. როგორც სამინისტროს, ასევე ფედერაციას, მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ეხება სამართლებრივი კუთხით წესდებების ჩამოყალიბებას და საბაზისო პრობლემების გადაწყვეტას, საბავშვო კლუბების და მათი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, 3X3-ზე კალათბურთის, ქალთა კალათბურთისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის კალათბურთის პოპულარიზაციას. განვიხილეთ თანამშრომლობა ერთ-ერთ წარმატებულ ესპანურ კლუბთან „კაჩა ლაბორალთან“, რომელშიც ჩვენი თანამემამულე თორნიკე შენგელია წარმატებით ასპარეზობს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს“.
მიხეილ გაბრიჩიძე: „დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გვიხარია, რომ ფიბა-სთან და „ბასკონიასთან“ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს. მადლობა დახმარებისთვის, რომელიც ფედერაციის მხრიდან ახალი წესდების გამომუშავებაში გამოიხატა, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედება. ამ წესდებაზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფიბა-ს”.
კოსტა ილიევი: „კალათბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინსიტროს აქ ერთი წლის წინ შევხვდი. მაშინ საქართველოში კალათბურთის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებას განვიხილავდით. საქართველოში კალათბურთის განვითარებით ძალიან დაინტერესებულები ვართ. ერთი წლის შემდეგ აქ დაბრუნების შემდეგ შედეგს ვხედავ. პირველ რიგში, ეს ახალ წესდებას ეხება, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის კალათბურთის განვითარებას. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება თანამშრომლობის კარგ მაგალთს წარმოადგენს“.
ხესუს ვასკესი („კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენერალური დირექტორი): „ჩვენთვის აქ ყოფნა და პარტნიორებთან შეხვედრა დიდი პატივია. ჩვენი გამოცდილებითა და რჩევებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ. მომავალში ბევრი მწვრთნელი და წარმატებული გუნდი გეყოლებათ. მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთის განვითარება. ჩვენ ბევრი მოთამაშე გავზარდეთ და, მზად ვართ, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. იმედია, საქართველოს თორნიკე შენგელიას მსგავსი ბევრი კალათბურთელი ეყოლება“.