საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის მეორე ოფიციალური მატჩისთვის გლაზგოში ემზადება. გუნდს ტრავმის გამო “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე და “ვიტესის” მცველი გურამ კაშია გამოაკლდნენ.
საკადრო პრობლემების შესახებ “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა.
“ცვლილებები ყოველთვის ხდება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და ტრავმის გამო ვერც სანაკრებო მატჩში იღებენ მონაწილეობას და ვერც კლუბებში თამაშობენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. აქ მყოფი ბიჭები სერიოზულად ემზადებიან. ძნელი თამაში მოგვიწევს, ადვილი მატჩი არც არავისთან გვქონია და ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავამთავროთ ეს შეხვედრა”, – აღნიშნა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას მიროსლავ ზელინკას ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.