ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს “ევერტონის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, როს ბარკლის ტრანსფერს. “არისტოკრატებმა” ინგლისელ ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
“ჩელსის” ინგლისელმა ახალწვეულმა, რომელსაც “ევერტონთან” არსებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, კლუბთან 5-წელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის 8-ნომრიან მაისურს მოირგებს.
“ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, ასეთი შანსი რომ მეძლევა. ეს ყველაფრის თავიდან დაწყების ბრწყინვალე საშუალებაა ჩემთვის და იმედი მაქვს, კლუბთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ,” – აცხადებს ბარკლი.
როგორც იცით, 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულშიც საკმაოდ ახლოს იყო ამ ტრანსფერთან, თუმცა აგვისტოს თვეში მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი ჩაშალა.