მნიშვნელოვანი 3 ქულა – ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა. 4 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათდარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-2 მოიგო.

მატჩის გმირი მამია გავაშელიშვილი გახდა, რომელმაც სტუმრებს დუბლი შეუსრულა.

დისკვალიფიკაციის გამო, სამტრედიასთან მატჩში, ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა ვერ დაეხმარა. მისი ადგილი, დაცვის მარცხენა ფლანგზე ირაკლი კომახიძემ დაიკავა, კაპიტანი კი ნიკა ჭანტურია იყო.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. რეალური საგოლე მომენტის შექმნა არცერთ გუნდს არ გამოუვიდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე, გიორგი ახალაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ლოკომ ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში შეძლო. ოთარ კობახიძის კარგი პასის შემდეგ, საჯარიმოში, დასწრებაზე თამაში შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ სცადა, თუმცა მას გიორგი გურულმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

79-ე წუთზე, ლოკომოტივი მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. ლოკოს ფორვადმა საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ ოთარ კობახიძესა და ზურიკო დავითაშვილს. პირველ შემთხვევაში კობახიძეს სიზუსტე დააკლდა, დავითაშვილს კი სტუმართა მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამტრედიამ ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. საჯარიმოში, სტუმართა შემტევი გიორგი გაბაძემ წააქცია, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

გამარჯვების გოლის ავტორი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გავაშელიშვილი გახდა. მამიამ, საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა.

19 ტურის შემდეგ, ლოკომოტივმა 22 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო, სამტრედია ცხრა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

ყენია: “ლოკომოტივი” იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ კლუბად”

ლევან ყენიამ თბილისის ლოკომოტივი დატოვა და კარიერას ლუქსემბურგის მოქმედ ჩემპიონ დუდელანჟში გააგრძელებს. ყენია ლოკომოტივში 2017 წლის მაისში, პრაღის სლავიადან დაბრუნდა.

თითქმის ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, ლევანმა ეროვნულ ლიგაში 2018 წლის 21 ივნისს, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ ითამაშა.

აღნიშნული მატჩის გარდა, ლევანმა ლოკოს მაისური გორის დილასა და რუსთავის წინააღმდეგ მოირგო.

“ლოკომოტივი იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ კლუბად. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მინდა ძალები კვლავ ევროპაში მოვსინჯო. დარწმუნებული ვარ, ლოკომოტივში კვლავ დავბრუნდები.

მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბს და კლუბის სტაფს. ამ პერიოდის მანძილზე, ლოკო გვერდში დამიდგა. მინდა დარჩენილ თამაშებში გუნდს წარმატება ვუსურვო”. – ამბობს ყენია.

Fcloco.Ge

ბენედიქტ ჰიოვედესი სოლომონ კვერკველიას თანაგუნდელი გახდა

გელზენკირხენის “შალკესა” და ბენედიქტ ჰიოვედესის გრძელვადიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა. ეს უკანასკნელი კარიერას სოლომონ კვერკველიას “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

ასე რომ, 30 წლის გერმანელი მცველი, შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის მეწყვილედაც მოგვევლინოს თუ, რა თქმა უნდა, სოლომონ კვირკველია მოსკოვურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს.

ჰიოვედესმა “შალკეს” მაისურით ბუნდესლიგაში 16 სეზონი ჩაატარა და 240 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან “შალკესთან” ერთად 2011 წელს გერმანიის თასი მოიგო, 2014 წელს კი გერმანიის ნაკრების ტრიუმფის მონაწილე გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ლოკომოტივი”, როგორც რუსეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს.

“ლოკომოტივის” და “რუსთავის” ფრე (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში “მიხეილ მესხი 2”-ზე ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში ეროვნული ლიგა 2-ის შარშანდელმა ბომბარდირმა, დათა სიჭინავამ გახსნა. მან ამის გაკეთება 45-ე წუთზე მოახერხა, თუმცა 68-ეზე მამია გავაშელიშვილმა შეძლო გათანაბრება. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

ამ თამაშის შემდეგ “ლოკო” 19 ქულით მეშვიდეა. ხოლო, “რუსთავს” 21 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

ფოტო: “ლოკომოტივის” ოფიციალური გვერდი

“დილამ” “ლოკომოტივს” დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა: გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივი “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

მატჩში ანგარიში სტუმართა შემტევმა, მამია გავაშელიშვილმა მეათე წუთზე გახსნა. მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანაბრა, თუმცა სამ წუთში გავაშელიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. “დილა” არ დანებდა და 76-ეზე ლეანდრო რიბეირომ თერთმეტმეტრიანის საშუალებით გაათანაბრა. მატჩის პირველ დამატებით წუთზე გორელთა ფეხბურთელმა, გია ჩადუნელმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. “დილამ” ეს თამაში მაინც მოიგო: მესამე დამატებით წუთზე კოვტალიუკმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

ამ მოგების შემდეგ “დილა” 34 ქულით მეორეა. ხოლო, “ლოკოს” 18 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

“ლოკომოტივმა” “კოლხეთი” დაამარცხა და ცხრილში წინ წაიწია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “კოლხეთს” დაუპირისპირდა.

ანგარიში დედაქლაქელებმა გახსნეს. მე-17 წუთზე ოთარ კობახიძემ გამოიჩინა თავი. თუმცა, 32-ეზე ილია მიხაილოვმა გაათანაბრა. “რკინიგზელებმა” მაინც შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა: 37-ზე ოთარ კობახიძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკო” 18 ქულით მეექვსე ადგილზეა. ხოლო, ფოთელებს 14 ქულა აქვთ და მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

 

ეროვნული ლიგა: “სიონმა” “ლოკომოტივი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 44-ე წუთზე ბოლნისელთა ფეხბურთელი, ზვიად სიხარულია გახდა. საბოლოოდ, “სიონმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან. ხოლო, “ლოკო” 15 ქულით მეშვიდეა.

 

საქართველოს თასი: თბილისურ დერბიში გოლების წვიმა და პენალტების სერია (ვიდეო)

დღეს საქართველოს თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა. “მიხეილ მესხი 2”-ზე, დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “დინამოს” დაუპირისპირდა.

“დინამო” უკვე მეოთხე წუთზე ნიკა ძალამიძემ გაიყვანა წინ. ხოლო, 38-ეზე დმიტრო ივანისენიამ ორბურთიანი გახადა სხვაობა. პირველი ნახევარი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა კომფორტული სხვაობით მოიგო. თუმცა, მეორე ტაიმში “რკინიგზელები” გააქტიურდნენ და ჯერ 49-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო 83-ეზე რატი არდაზიშვილმა გაათანაბრა. ოთხ წუთში ოთარ კიტეიშვილმა 2:3 გახადა ანგარიში, თუმცა მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა წონასწორობა ისევ აღადგინა – 3-3.

გამომდინარე იქიდან, რომ დუელი ერთმატჩიანია, დაინიშნა დამატებითი დრო. 99-ე წუთზე თამაზ ბაბუნაძემ “დინამო” წინ გაიყვანა. თუმცა, მეორე დამატებითი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე არდაზიშვილმა 4-4 გახადა ანგარიში.

ეს სანახაობრივი, დაძაბული და არანორმალური თამაში ტერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც, საბოლოოდ, “დინამომ” იმარჯვა, ანგარიშით, 5:3. ერთადერთი პენალტი “ლოკოს” მხრიდან ნიკა ჭანტურიამ გააცუდა.

 

დანარჩენ ხუთ შეხვედრას რაც შეეხება, გეტყვით იმას, რომ “საბურთალო” გათამაშებას გამოეთიშა. მისი გამოგდება “ვიტ ჯორჯია 2”-მა შეძლო თერთნეტმეტრიანების სერიით. 120 წუთი უგოლოდ დასრულდა, თუმცა პენალტებში “ვიტ ჯორჯია 2”-მა იმარჯვა ანგარიშით, 4-2.

მარტივად მოიგო საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა “თბილისი 2016”-ს. ქუთაისის “ტორპედომ” გორის “გორთან” 2-0 მოიგო. ხოლო, “გაგრამ” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა “სიონი”.

 

რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებებს:

“გარდაბანი” – “იმერეთი”

“ლიახვი” (ცხ.) – “ალგეთი”

“მარგვეთი 2006” – “თელავი”

“ვიტ ჯორჯია” – “დინამო” (ბთ.)

“შუქურა” – “ნორჩი დინამო”

 პირველი ოთხი თამაში 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო უკანასკნელი შეხვედრა 19:00 საათზე. ეს იქნება 1/16 ფინალის ბოლო მატჩები.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, UNFPA-სა და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მემორანდუმი გაფორმდება

30 მაისი 12:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივსა“ და UNFPA – გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, კარლ კულესა და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და  გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის.

ფეხბურთის ფედერაციისა და „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი პოტენციალის რეალიზებას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და  UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდა „მამების თასი“, ხოლო 2018 წლის მაისში „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელები შეუერთდნენ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც მიმდინარეობს UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანასური ხელშეწყობით ხორციელდება.

Gff.Ge

“ლოკომოტივმა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 20 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი, 72-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.

დინამო თბილისთან, სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, ჭაღიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული დავით სამურკაოსვის ადგილი ლუკა კიკაბიძემ დაიკავა, რომელიც 3 ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა.

ტორპედოსთან დაპირისპირება ორთაბრძოლებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარში მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. პირველ შემთხვევაში გავაშელიშვილს შეეძლო გატანა.

მოედნის ცენტრიდან, ლოკოს მე-9 ნომერს ლუკა კიკაბიძემ კარგი პასი მისცა, გავაშელიშვილმა ერთი ფეხბურთელი მოატყუა და დაარტა, თუმცა ბურთი გიორგი გურულს შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.

გატანა შეეძლო თორნიკე ძებნიაურსაც, მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, ლოკომ კარგი მომენტი შექმნა. თეიმურაზ შონიამ მეტოქის საჯარიმოსთან კარგად ითამაშა და საჯარიმოში მარტო მყოფი ჯიქია მოძებნა, რომელმაც კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კვასხვაძის კარს მცირე მანძილით აცდა.

72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში თავური დარტყმით ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 23 წლის ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, ლოკომ და ტორპედომ მომენტები გაცვალეს. დავით ჯიქიასა და ლევან კუტალიას დარტყმები სახიფათო, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ჭაღიაშვილმა სამივე ცვლილება გამოიყენა. გოლის ავტორის ნაცვლად, 79-ე წუთზე, თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო.

89-ე წუთზე, ოთარ კობახიძე თეიმურაზ ღონღაძემ შეცვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოედანზე ლაშა ოზბეთალაშვილი შევიდა, რომელმაც დავით ჯიქია შეცვალა. ოზბეთელაშვილისთვის, ტორპედოსთან მატჩი, ლოკომოტივის მაისური სადებიუტოა.

12 ტურის შემდეგ, ლოკოს 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. ხოლო, “ტორპედო” 17 ქულით მეხუთეა.

ოფიციალურად: ვატო არველაძე პოლონური “კორონას” ფეხბურთელია (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ვატო არველაძე პოლონურ “კორონაში” ითამაშებს. ამ ინფორმაციას თავად სპორტსმენი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ადასტურებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხნით იასპარეზებს 20 წლის თავდამსხმელი ექსტრაკლასას ბინადარ გუნდში. ეს კლუბი პოლონეთის ჩემპიონატში 49 ქულით მერვე პოზიციაზეა. სწორედ აქ თამაშობს ქართველი შემტევი, ნიკა კაჭარავაც.

შეგახსენებთ, რომ არველაძე, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია, თავდაპირველად “სასკოში” გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “35-ე სკოლა”. ხოლო, 2015 წლიდან ის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა.
 

თბილისური დერბი “ლოკომოტივმა” მოიგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგა. ერთმანეთს ადგილობრივი “დინამო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.

ერთადერთი, გამარჯვების გოლი “რკინიგზელთა” მოთამაშემ, დავით ჯიქიამ 29-ე წუთზე გაიტანა. ამ შემთხვევაში მას ასისტენტობა ოთარ კობახიძემ გაუწია. ამის შემდეგ მასპინძლები ბევრს ეცადნენ, თუმცა ვეღარაფერი შეცვალეს.

ამ წაგების შემდეგ “დინამო” ოცი ქულით მეორეა. “ლოკოს” რვა ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა. ეს ამ სეზონში მისთვის მხოლოდ მეორე მოგება იყო.

 

ფოტო: “ლოკომოტივის” ოფიციალური გვერდი

ვიდეო: Eliga.Ge